Accessibility links

logo-print

ერაყიდან დაბრუნებული ქართველი სამხედროების პირველი დღე სამშობლოში


პირველი ქართული სამხედრო ქვედანაყოფი, რომლის რიგებშიც 14 მედიკოსი ქალიც იმყოფებოდა, ერაყიდან სამშობლოში სამშაბათ საღამოს უდანაკარგოდ დაბრუნდა. უკან დარჩა ხიფათით სავსე ექვსი თვე,

ბომბების გრუხუნი, პაპანაქება სიცხე და უდაბნოს ქარი, რომლისაც ერაყში მყოფ ქართველ სამხედროებს ფედაინების რეიდებზე მეტად ეშინოდათ. ამასთან, ყველა სამხედრო დარწმუნებულია, რომ ეს ექვსი თვე იყო გამოცდილების შეძენისა და საკუთარი თავის უკეთ გაცნობის უდიდესი სკოლა.

სამშაბათ საღამოს თბილისის აეროპორტში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე პოლიტიკოსები და გენერლები ორ გარემოებას უსვამდნენ ხაზს - ანტიერაყული კოალიციის რიგებში ქართველი სამხედრო კონტინგენტის მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობას და ხიფათებით სავსე ერაყიდან სამშვიდობო ასეულის მშვიდობიან დაბრუნებას. თუმცა გასული წლის სექტემბერში სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ თიკრითთან ახლოს მყოფი ქართველი გამნაღმველები ბეწვზე გადაურჩნენ სიკვდილს. როგორც ამ ინციდენტის მონაწილე მაიორი კახა ჯიქია იხსენებეს, რუსული წარმოების ნაღმებმა ის და მისი თანამებრძოლები რამდენიმე თვით გამოიყვანა მწყობრიდან:

[კახა ჯიქიას ხმა] "სადღაც 70-80 პროცენტი იყო რუსული, საბჭოთა წარმოების საბრძოლო მასალები. "პოროხს" რომ ეძახიან, "დოპოლნიტელნი სნარიადს"(რუსულად ლაპარაკობს), ის იყო დაყრილი და ცეცხლი წაეკიდა. კიდევ კარგი, რომ არ აფეთქდა, თორემ არც ერთი არ გადავრჩებოდით ცოცხალი. 4-მა კაცმა მივიღეთ სხეულის დაზიანება, დამწვრობის მხრივ."

ამ ინციდენტს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, 77 კაციან ქართულ კონტინგენტს ერაყში, რომ იტყვიან, ფრჩხილიც არ წამოსტკივნია. თუმცა საფრთხე მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე უდარაჯებდა - ნაღმისა თუ კუთხიდან ნასროლი ტყვიის სახით. კოჯრის სპეცდანიშნულების ოცეულის მეთაურის, კაპიტან გელა ჭედიას თქმით, მისი რაზმი, რომელიც ამერიკის მეოთხე დივიზიასთან ერთად მოქმედებდა, ხშირად გამხდარა თავდასხმის ობიექტი, მაგრამ ქართველი ჯარისკაცები მხოლოდ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოქმედებდნენ.

[გელა ჭედიას ხმა] "როგორც ასეთი, შეტაკება არ შეიძლება დაერქვას, მაგრამ, აი, ტერორისტული აქტები - ვიღაცა გააჩერებს მანქანას და ისვრის - ხდებოდა. მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ შეტაკება გვქონდა და ხალხი ვხოცეთ. ასეთი რაღაცეები არ ხდებოდა. იყო ნაღმტყორცნებით დაბომბვები, როცა გვეძინა და გვაცვივდებოდა ხოლმე ნაღმები თავზე. ჩვენ წამოვცვივდებოდით და თავს ვაფარებდით ბუნკერებს."

დალხენილი ცხოვრება არც ერაყში მყოფ სამხედრო მედიკოსებს ჰქონიათ, რომელთა უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ. ძირითადი კონტინგენტისგან დაშორებით, ქალაქ ბალარჯში მყოფი ქართველი მედიკოსები უკრაინის ბრიგადის შემადგენლობაში ასრულებდნენ ამოცანებს. აკეთებდნენ ოპერაციებს საველე ჰოსპიტალში, სამედიცინო დახმარებას უწევდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და, როგორც მაიორი მანანა გიორგობიანი იხსენებს, თავისი წილი დენთის სუნი საკმარისად იყნოსეს. მანანა ამბობს, რომ ერაყში გატარებული ექვსი თვე მისთვის საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა:

[მანანა გიორგობიანის ხმა] "ჩენთვის ის იყო მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი თავი გამოვიცანი და უკეთ შევიგრძენი. ექსტრემალურ სიტუაციაში ხომ ადამიანი სულ სხვანაირად ფიქრობს. სხვანაირად აღვიქვამ ახლა ამ დროშასაც და ამ ფორმასაც, ჩემს ხალხსაც. მიმაჩნია, რომ ქართველები აბსოლუტურად განვსხვადებით ყველასაგან და მეამაყება, რომ ქართველი ვარ."

და რაც მთავარია - ისინი, ქართული ასეულის მებრძოლები, მედიკოსები და გამნაღმველები, პირველები ჩავიდნენ ერაყში, მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში და, როგორც ამბობენ, არცთუ ბოლომდე გაცნობიერებული მისიით. და გააკეთეს ყველაფერი, რათა შემდეგ ქვედანაყოფს, რომელიც რამდენიმე დღეში დაადგება მათ კვალს, გაუადვილდეს გზის სიძნელე.
XS
SM
MD
LG