Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გამოიწვია საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება


განსაკუთრებით ბოლო კვირის მანძილზე საქართველოში უცნაური ტენდენცია შეიმჩნევა: ქართული ეკონომიკის პოტენციალისა და მდგომარეობის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა დღითიდღე მყარდება.

უბრალო მოქალაქეების დიდი ნაწილი კარგად ჯერაც ვერ აცნობიერებს სასარგებლოა თუ არა მათთვის ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის კურსის ვარდნა და ქართული ლარის გაძვირება. მე შევეცადე, რიგითი თბილისელების, ვალუტის გადამცვლელებისა და ეკონომიკის ექსპერტებისგან შემეტყო, თუ რა გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება ქართველთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

გასული წლების მანძილზე იყო პერიოდები, როდესაც ქართული ლარის დეფლაცია- გამყარება ხდებოდა, თუმცა იმდენად უმნიშვნელოდ, რომ ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერც კი ამჩნევდა. ამჯერად ეროვნული ვალუტის გამყარება ისეთი ტემპით წარიმართა, რომ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე პანიკის ნიშნებიც კი შეიმჩნეოდა, იმდენად დიდი იყო ბანკების მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე. მსგავსი ტენდენცია ნაკლებად შეიმჩნევა ეგრეთ წოდებულ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში. მე ერთ-ერთი ჯიხურის მფლობელს გავესაუბრე:

[ვალუტის გადამცვლელის ხმა] "მოთხოვნილება ორთავეზეა, მაგრამ დოლარის კურსი საშინლად დაეცა და ლარზე უფრო მეტი მოთხოვნილება არის.
-
ადრე როგორ იყო ხოლმე?
-
ადრე, ალბათ, ერთი ერთზე.
-
კურსის ცვლილებამ თქვენი მუშაობა ხომ არ შეამცირა ან გაზარდა?
-
პრინციპში, არავითარი დიდი სხვაობა არ არის. მხოლოდ ეგ არის, რომ ლარის დეფიციტია და, ჩვენ კი არა, სხვა ჯიხურებიც განიცდის დეფიციტს."

ვალუტის სხვა გადამცვლელები მიკროფონის წინ საუბარს მოერიდნენ, თუმცა პირად საუბარში აღიარეს, რომ ლარის გამყარებამ მომხმარებელთა რაოდენობა შეამცირა. მათივე განმარტებით, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების მომსახურებით, ძირითადად, მოსახლეობის საშუალო ან დაბალი ფენა სარგებლობს, რომელიც დოლარის იაფად გაყიდვას ერიდება და მომხმარებელთა რაოდენობა მას შემდეგ გაიზრდება, რაც უცხოური ვალუტის კურსი ზრდას დაიწყებს.

ხოლო ისინი, ვინც სხვადასხვა აუცილებლობის გამო მაინც იძულებული გახდა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს მიაკითხა, სხვადასხვაგვარად აფასებენ ეროვნული ვალუტის გამყარების ფაქტს:

[მოქალაქეთა ხმა] "ჩემთვის კარგია, დოლარის კურსი რომ დაეცა...
-
დოლარს ყიდულობთ თუ ლარს?
-
დოლარს.
-
როგორ ფიქრობთ, კარგია, კურსი რომ იცვლება?
-
მე მგონი, ცუდია დოლარის კურსის დაცემა, მე მგონი, ცუდია."

თუმცა, თუ რატომ არის კარგი ან ცუდი უცხოური ვალუტის, კერძოდ კი, შეერთებული შტატების დოლარის გაიაფება და ქართული ლარის გაძვირება, უბრალო მოქალაქეებს ამის ახსნა უჭირთ. ეკონომიკის ექსპერტები კი ლარის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში კარგს ვერაფერს ხედავენ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის ექსპერტის ნიკო ორველაშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსი არაბუნებრივად მყარდება:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] "გამყარებას რაიმე რეალური ეკონომიკური ტენდენცია საფუძვლად არ უდევს. ამიტომ მე მიჩნდება ძალიან ცუდი შიში, ხომ არ ხდება ეროვნული ბანკის რეზერვების შეწირვა იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერი მიდის კარგად. როგორც წესი, ვალუტის კურსის ზომაზე მეტად გამყარება, რევალვაცია, ყოველთვის იწვევს ექსპორტის შემცირებას."

ასევე მცირდება სხვა ეკონომიკური ხასიათის აქტივობა, მაგალითად, იმპორტიც, უარესდება საინვესტიციო გარემო და ისედაც ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი ბიზნესი განვითარებას ვეღარ ახერხებს.
XS
SM
MD
LG