Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ მოაწყო ტერორისტული თავდასხმა ბაღდადსა და ქერბალაში?


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ იორდანიელ ექსტრემისტს, აბუ მუსაბ ალ-ზარყავის აკისრია პასუხისმგებლობა

ბაღდადსა და ქერბალაში სამშაბათს განხორციელებული ტერაქტებისთვის.

ერაყში განთავსებული ამერიკის ჯარის სარდალმა, გენერალმა ჯონ აბიზაიდმა ოთხშაბათს ვაშინგტონში განაცხადა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად ალ-ზარყავიმ მოაწყო საზარელი თავდასხმა ბაღდადსა და ქერბალაში 2 მარტს, როცა შიიტები თავიანთ წმიდა რელიგიურ დღესასწაულს, აშურას აღნიშნავდნენ, რამაც 270-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა [ჯონ აბიზაიდის ხმა]: "დაზვერვის ინფორმაციით ზარყავია დაკავშირებული ამ თავდასხმათან. ამავე ინფორმაციით, არსებობს კავშირი ზარყავისა და ყოფილი რეჟიმის, სახელდობრ ერაყის სადაზვერვო უწყების თანამშრომლებს შორის, და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ტერორისტული ჯგუფი ახლო კოორდინაციაშია ერაყის ყოფილი სადაზვერვო უწყების თანამშრომლებთან".

ამერიკის ჯარის სარდლობის წარმომადგენლები, ერაყში, მსგავსებას ხედავენ 2 მარტს მომხდარ ტერაქტსა და მანამდე განხორციელებულ 25 თავდასხმას შორის, რაც, როგორც თავად ამბობს, ალ-ზარყავიმ მოაწყო მას შემდეგ, რაც გასული წლის აპრილში, ერაყში, სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო.

წერილი, რომელშიც ალ-ზარყავი ერაყში 25 უწინდელი თავდასხმის მოწყობით იქებს თავს, იანვარში ჩაუვარდა ხელში ამერიკელ სამხედროებს. წერილში, ალ-ზარქავი ავღანეთში მყოფი ალ-ყაიდის ლიდერებისაგან დახმარებას ითხოვდა ერაყში შემდგომი თავდასხმების განსახორციელებლად. წერილში ნათქვამი იყო, რომ მორიგი თავდასხმები უნდა მოხდეს ერაყში მცხოვრებ შიიტებზე, რამაც შესაძლოა სამოქალაქო ომი გამოიწვიოს ქვეყანაში, რაც თავის მხრივ დააჩქარებს ერაყიდან კოალიციური ძალების წასვლას.

სამშაბათს მომხდარი ტერაქტის შემდეგ ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის ჯარის სარდლობის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა მარკ კიმიტმა განაცხადა [მარკ კიმიტის ხმა]: "ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი თავდასხმის მოწყობაში იქნება ზარყავი, იმ მეთოდებისა და ტექნიკის გათვალისწინებით, რაც უწინდელი თავდასხმების დროს იქნა გამოყენებული, და ყოველივე ეს მიანიშნებს გარკვეულ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციაზე, რომელსაც ალბათ ადგილობრივი მხარდაჭერაც ჰქონდა, მაგრამ ძალზედ, ძალზედ წააგავს იმ მეთოდებს, რაც ჩვენ სხვა თვითმკვლელური თავდასხმების დროსაც გვინახავს".

ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ალ-ზარყავი როდია ერთადერთი პიროვნება, ვინც კოალიციის ძალებსა და ერაყელ მოქალაქეებზე აწყობს თავდასხმებს. არაერთი თავდასხმა მოაწყეს კოალიციის სამიზნეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სადამ ჰუსეინის მომხრეებმა. ჩრდილოეთ ერაყში, ქურთმა ისლამისტმა ექსტრემისტებმა ორი აფეთქება მოაწყეს თებერვალში კოალიციის მოკავშირე ქურთული ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რამაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერლა.

და მაინც, ალ-ზარყავი უქმნის კოალიციის ძალებს ყველაზე დიდ საფრთხეს, რადგან მან თავის ირგვლივ შემოიკრიბა ისლამისტ ექსტრემისტთა დაჯგუფებები, რომლებიც "წმიდა ომს" აწარმოებენ დასავლეთის წინააღმდეგ. კონტრტერორიზმის ექსპერტები 37-წლის იორდანიელს ახასიათებენ, როგორც "მოაზროვნესა" და "კარგ ორგანიზატორს", რომელმაც ალ-ყაიდის ბანაკებში გაიარა ავღანეთში, წვრთნა, ხოლო შემდეგ ტერორისტთა საკუთარი ქსელი შექმნა.
XS
SM
MD
LG