Accessibility links

ავღანეთში ოპიუმის წარმოებამ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია


ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად ავღანეთში ოპიუმის წარმოებამ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება თურქმენეთის მისამართითაც, რომელიც, ანგარიშის შემდგენელთა თქმით, საკმარისად არ თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ნარკოტიკების გავრცელების შეზღუდვის მიზნით.

არაერთხელ აღნიშნულა და ამჯერადაც ითქვა, რომ იმ საფრთხეთა შორის, რომელთა წინაშეც ავღანეთის სახელმწიფოებრიობა დგას, ერთ-ერთი უმთავრესია ნარკოტიკების გავრცელება და კონტრაბანდა.

მით უფრო საგანგაშოა, რომ ავღანეთის გარდამავალი ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, სულ უფრო იზრდება ოპიუმის პლანტაციების საერთო ფართობი და, შესაბამისად, ოპიუმის წარმოებაც.

ანგარიშის თანახმად, 2003 წელს, მართალია, შემცირდა ოპიუმის წარმოების მოცულობა ჰელმანდის, ყანდაარის, ნანგარჰარისა და ორუზგანის პროვინციებში (ანუ იქ, სადაც ამ საქმეს ძველი ტრადიცია აქვს), მაგრამ, სამაგიეროდ, ოპიუმის პლანტაციებმა ახალი ტერიტორიები დაიპყრო.

ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა, გარდა იმისა, რომ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას, სხვა მხრივაც არის სახიფათო: ნარკობიზნესით მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი ხმარდება კორუფციული სტრუქტურებისა და ტერორისტული მოღვაწეობის დაფინანსებას, რასაც შედეგად მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია მოჰყვება.

2001 წელს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭომ შეიმუშავა პროგრამა სახელწოდებით "ოპერაცია თოპაზი", რომლის მიზანია, შეზღუდოს ჰეროინის წარმოებისთვის აუცილებელი ქიმიური ნივთიერების - ძმრის ანჰიდრიდის წარმოება და გავრცელება. ანგარიშის შემდგენლები კმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ 2003 წელს პროგრამას შეუერთდნენ ავღანეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი; განსხვავებით თურქმენეთისგან, რომელიც მეზობლებთან თანამშრომლობისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის უწყების თანამშრომელმა ვინსენტ მაკკლინმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭო უშედეგოდ ცდილობს, თურქმენეთი თანამშრომლობაზე დაიყოლიოს.

[ვინსენტ მაკკლინის ხმა]: "არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რათა თურქმენეთი ჩაბმულ იქნეს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში, და ანგარიშშიც არის საუბარი რამდენიმე ერთობლივ ღონისძიებაზე, მაგრამ დოკუმენტი თურქმენეთს მოუწოდებს, გააძლიეროს ამ სფეროში რეგიონული თანამშრომლობა და შეუერთდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ბრძოლას ნარკოტიკების წინააღმდეგ."

არადა, ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის საქმეში თურქმენეთის თანამშრომლობის გარეშე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია: ამ ქვეყანას ავღანეთთან 700-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს და მასზე მკაცრი კონტროლის არარსებობა კონტრაბანდისტებს საქმეს უადვილებს.

რადიო "თავისუფლების" ნიუ-იორკელი კორესპონდენტი ნიკოლა კრასტევი ესაუბრა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების ყოფილ თანამშრომელს გრეგორი ლის, ავტორს ნარკოტიკებთან ბრძოლის თემისადმი მიძღვნილი რამდენიმე წიგნისა, რომელმაც, ზემოხსენებულ უწყებაში მუშაობის პერიოდში, რამდენიმე წელი გაატარა შუა აზიის რეგიონში.

თურქმენეთის მხრიდან თანამშრომლობაზე უარს გრეგორი ლი რამდენიმე შესაძლო ასპექტით ხსნის:

[გრეგორი ლის ხმა]: "როგორ გინდა, პრაქტიკულად განახორციელო რაიმე, თუ საამისოდ არავითარი ბერკეტი არა გაქვს? გარდა ამისა, მათი სამართალდამცავი სტრუქტურა, შესაძლოა, ისე იყოს მოწყობილი, რომ მათ არ გააჩნდეთ სათანადო მომზადება ან შესაბამისი ცოდნა, ან ისინი ამას თავიანთი ქვეყნისთვის არ აღიქვამდნენ ისეთ პრობლემად, რომელიც გაამართლებდა ფულისა და სხვა რესურსების გაღებას უცხო ქვეყნების დასახმარებლად იმ დროს, როცა საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელად აქვთ."

დაბოლოს, ისევ ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს ანგარიშს დავუბრუნდეთ. ერთადერთი, რამაც ამ ანგარიშის წამკითხავზე დამამშვიდებლად შეიძლება იმოქმედოს, ის გახლავთ, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მძიმე დანაშაულის დონე შედარებით დაბალია. ექსპერტები ამას რეგიონისთვის დამახასიათებელი მყარი ოჯახური კავშირებითა და მკაცრი სოციალური ნორმებით ხსნიან. და თან იქვე გაფრთხილებასაც გამოთქვამენ, რომ დანაშაულის სტატისტიკა სულ მალე უარესისკენ შეიძლება შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG