Accessibility links

logo-print

ილჰამ ალიევი: "საერთაშორისო სამართალი და სამართლიანობა საქართველოსა და აზერბაიჯანის მხარეზეა"


ბაქოს აეროპორტში ჩასვლისთანავე საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის მყარ ურთიერთობას

სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და რომ აზერბაიჯანი და საქართველო უნდა დაეხმარონ ერთმანეთს საერთაშორისო არენაზე. სრულიად ბუნებრივია, რომ სააკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის უმთავრეს თემას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი წარმოადგენს. პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტის პირველი დღის შესახებ ნინო გელაშვილი გიამბობთ:

აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალ ლიდერებსაც ისევე იტაცებთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, როგორც მათ წინამორბედებს. მათი გეგმები ორი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ დიდი ნავთობსადენის ატრიბუტებად უნდა მივიჩნიოთ.

ილჰამ ალიევი სააკაშვილის ბაქოში ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის წარმატებულ ინტეგრაციულ პროცესებზე საუბრობს, თუმცა, ალბათ ცოტა ვინმეს თუ გაახსენდება ამ თვალსაზრისით რაიმე ნავთობსადენის გარდა. ილჰამ ალიევმა განაცხადა:

[ალიევის ხმა]
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ინტეგრაციული პროცესები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოცენებული ქვეყნების სრული დეზინტეგრაცია მოხდა".

ის, რითაც ააზერბაიჯანის პრეზიდენტია კმაყოფილი, ძირითადად საერთაშორისო საზოგადოებრიობის არჩევანმა განაპირობა. ახლა კი ალიევი და მისი ქართველი კოლეგა სერიოზულ ეკონომიკურ ინტეგრაციულ პროცესებზე ალაპარაკდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს ბაქოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განმარტა ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გეგმა. ეს გეგმა კი მოიცავს შემდეგს:

[სააკაშვილის ხმა]
"ჩვენ შევქმნით ერთიან სატარიფო სისტემას, მოვახდენთ ჩვენი საგადასახადო სისტემების სინქრონიზაციას, გავაუქმებთ საბაჟო ბარიერებს, გავაუქმებთ იურიდიულ ბარიერებსაც იმისათვის, რომ, მაგალითად, აზერბაიჯანში რეგისტრირებული საწარმო ავტომატურად ითვლებოდეს საქართველოში რეგისტრირებულად და პირიქით; იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ სირთულე ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასაადგილებლად; იმისათვის, რომ ყველა და მათ შორის რეგიონული პროექტების მიმდინარეობა არ შეაფერხოს საბაჟო ბარიერების არსებობამ".

თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი ამით არ შემოფარგლულა: მიხეილ სააკაშვილი კავკასიის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის პერსპექტივასაც შეეხო:

[სააკაშვილის ხმა]

"იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანის ერთიანი ბაზარი და ერთიანი სივრცე სამხრეთი კავკასიის ერთიან ბაზრად და სივრცედ იქცევა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რეგიონი მართლაც იქცეს ევროპის ნაწილად".

რაც შეეხება თავად ნავთობსადენის პროექტს, ალიევმა და სააკაშვილმა პირისპირ შეხვედრისას ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვის საკითხები განიხილეს. ჟურნალისტების წინაშე კი საქართველოს პრეზიდენტმა ნავთობსადენის პროექტის წინააღმდეგ მიმართულ პოტენციურ საფრთხეზეც ისაუბრა:

[სააკაშვილის ხმა]
"დაბრკოლებების შექმნას შეეცდებიან, მე ამის თაობაზე ინფორმირებული ვარ. საქართველოსთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია და ნავთობსადენის პროექტს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ გაზსადენის პროექტსაც, რადგან გაზსადენი უზრუნველყოფს დამატებით უმთავრეს გარანტიას მთელი რეგიონის ენერგეტიკურლი უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის".

დაბრკოლებების შექმნის მსურველად დღემდე რუსეთი მიიჩნეოდა. თუმცა, სააკაშვილს საფრთხის წყარო ამჯერად არ დაუკონკრეტებია, ის კი აღნიშნა, რომ რეგიონის ენერგეტიკულ პროექტებში რუსეთის მონაწილეობასაც მიესალმება.

ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტების მოგვარების საკითხიც. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებელია საქართველომ და აზერბაიჯანმა რუსეთთან კოორდინირებული პოლიტიკა აწარმოონ და რომ ისიცა და ილჰამ ალიევიც "კარგი აზრის არიან პრეზიდენტ პუტინზე".

აზერბაიჯანის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. "ჩვენ ამის მიღწევა მშვიდობიანი გზით გვურს. არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ჯუნგლის კანონებით ცხოვრება, სხვისი ტერიტორიის დაპყრობა და იმის დაშვება, რომ ათასობით ადამიანი ლტოლვილად იქცეს გარკვეული ძალების სეპარატისტული მისწრაფებების გამო", - განაცხადა პრეს-კონფერენციაზე ალიევმა.

როგორც წინასწარ იყო ცნობილი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს უნდა ესაუბრათ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების პრობლემებზეც. როგორც ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ - ნატიკ ზეინალოვმა მითხრა, რაიმე კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილს პრეს-კონფერენციაზე აღუნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები რაც შეიძლება აქტიურად უნდა ჩაერთონ საქართველოს ცხვორებაში და რომ აუცილებელია მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ზრუნვაც ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებისაზე.

ილჰამ ალიევმა და მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. ორი ქვეყნის საგარეო და განათლების მინისტრებმა კი შეთანხმებებს ამ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

პარასკევს საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა სანგაჩალის ტერმინალს, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტის პირველი ტერმინალია, საიდანაც მოხდება ნავთობის ტრანსპორტირება. სანგაჩალი ბაქოდან 30 კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG