Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიათა რეიტინგი საპარლამენტო არჩევნების წინ


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე სამ კვირაზე ცოტა მეტი დრო დარჩა. ყველაზე თვალსაჩინო ამ პერიოდისთვის, ალბათ, არჩევნებში მონაწილე

პოლიტიკური ორგანიზაციების უჩვეულო პასიურობაა. საარჩევნო კამპანია პარტიებს, პრაქტიკულად, არ დაუწყიათ, თუ არ ჩავთვლით ოპოზიციურ ორგანიზაციათა შედარებით გახშირებულ პრესკონფერენციებს. არჩევნებს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს - ხელისუფლება. აქვთ თუ არა პარლამენტში მოხვედრის შანსი ხელისუფლების სიაში არმყოფ პარტიებს? ამ კითხვაზე პასუხის შესატყობად საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ სამსახურებს დავუკავშირდი.

ქართულ მედიაში დღეს პოპულარულია მომავალი ერთპარტიული პარლამენტისა და ერთპარტიულობასთან დაკავშირებული საფრთხის თემა. კონკრეტულად რა საფრთხეს შეიცავს მხოლოდ არსებული ხელისუფლების წარმომადგენლობის მოხვედრა პარლამენტში, ეს მკაფიოდ არავის განუმარტავს. ეროვნულ-დემოკრატებისა და ტრადიციონალისტების ბლოკი თავს იზღვევს და აცხადებს, რომ, ხმათა წესიერად დათვლის შემთხვევაში, აუცილებლად შეაღწევენ პარლამენტში. ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი ერთვება საარჩევნო პროცესში და აღარ ლაპარაკობს არასახელისუფლებო პარტიების მიერ ალტერნატიული პარლამენტის არჩევაზე. მრეწველებმა და ახალმა მემარჯვენეებმა მემარცხენე აქცენტები გააძლიერეს და განხორციელებულ თუ სამომავლო შემცირებათა შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დაცვაზე ამახვილებენ ყურადღებას. მე ვკითხე საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორს გოჩა ცქიტიშვილს, შეძლებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები 7%-ანი ბარიერის გადალახვას.

[ცქიტიშვილის ხმა] "ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები, ბოლოს და ბოლოს, დაიწყებენ საარჩევნო კამპანიას. სხვა შემთხვევაში 7%-ის გადალახვის თეორიული შანსიც კი აღარ იარსებებს. ახლა ეს შანსი თეორიულად არსებობს."

რადიო "თავისუფლება" დაინტერესდა, რა მონაცემებს ფლობს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტი დღეს პარტიათა საარჩევნო რეიტინგის შესახებ. გოჩა ცქიტიშვილმა განმიცხადა, რომ ორგანიზაციამ რამდენიმე კვლევა ჩაატარა და ასეთი შედეგები მიიღო:

[ცქიტიშვილის ხმა] "ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებს აქვთ 70%-ზე მეტი, დაახლოებით 75-76 პროცენტი. თითქმის ერთნაირი რეიტინგი აქვთ ლეიბორისტებსა და მრეწველებისა და ახალი მემარჯვენეების ბლოკს: ესაა დაახლოებით 3-4 პროცენტი. ყველა დანარჩენ პარტიას ან ბლოკს აქვს 2%-ის ქვემოთ."

გოჩა ცქიტიშვილის თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით 3%-ზე მეტს ვერ მოაგროვებს აღორძინება, რომელსაც აჭარაში ხმათა 20%-ის იმედი შეუძლია ჰქონდეს. თავის მხრივ, აჭარის ამომრჩეველი საქართველოს ამომრჩევლის 11 პროცენტია, ხოლო აჭარის მიღმა აღორძინებას ხმათა 1%-ის მოგროვებაც გაუჭირდება, - აცხადებს გოჩა ცქიტიშვილი.

რამდენადმე განსხვავებულია კვლევითი ცენტრის, "გორბის", მონაცემები. გორბის ხელმძღვანელი მერაბ ფაჩულია ვარაუდობს, რომ, ხმათა პატიოსნად დათვლის შემთხვევაში, მხოლოდ აჭარის მასშტაბით, ნაციონალური მოძრაობა და აღორძინება დაახლოებით თანაბარ რაოდენობას მიიღებენ, რაც აღორძინებას არ უტოვებს პარლამენტში მოხვედრის შანსს. თუმცა, დასძენს მერაბ ფაჩულია, ეს ერთი კვირის წინანდელი მონაცემებია და არჩევნებამდე ისინი შეიძლება შეიცვალოს.

რაც შეეხება ხელისუფლების პარტიულ სიას, "გორბის" ჩატარებული კვლევის შედეგთა თანახმად:

[ფაჩულიას ხმა] "ხელისუფლების პარტიას ხმას პირდაპირ მისცემდა 55%. სხვა პარტიები 2%-ის ფარგლებში არიან."

მერაბ ფაჩულიას გამოთვლით, არჩევნების შედეგების დათვლის დროს ხმათა პროპორციული ზრდის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები, ძალიან საეჭვოა, მიუახლოვდნენ 7 პროცენტიან ზღვარს. თუმცა, ვიმეორებთ, ეს არის თებერვლის მიწურულის მონაცემები.
XS
SM
MD
LG