Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლიანი სპეცოპერაცია დასავლეთ საქართველოში


ახალი ხელისუფლების მიერ დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა სულ უფრო სასტიკი და დაუნდობელი ხდება. ხუთშაბათს თერჯოლის რაიონის სოფელ კახათში

ჩატარებულ სპეცოპერაციას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 2 პოლიციელია, ერთი - ბოროტმოქმედი და ერთიც - მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. მომხდარი ტრაგედია, რომელიც მესამეა ბოლო ორი თვის განმავლობაში, კვლავ ბადებს შეკითხვებს იმის თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ მსხვერპლის თავიდან აცილება და რამდენად სწორად იგეგმება მსგავსი სპეცოპერაციები.



პოლიციელების ყვირილი, მიწაზე წაქცეული ადამიანების გმინვა, სროლები და სისხლის გუბეები ორღობეში - ხუთშაბათს ასეთი სცენა დახვდათ ჟურნალისტებს, რომლებიც ქუთაისთან ახლოს პოლიციის სპეცოპერაციის გასაშუქებლად მივიდნენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ავტომანქანის გამტაცებელთა ორგანიზებული ჯგუფის აყვანისას პოლიციის თანამშრომლებს ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაიჭრა. იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ზურა ჩიკვაიძე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, ასე აღწერდა ვითარებას:

[ზურა ჩიკვაიძის ხმა] "გამტაცებელი სამი პირი იყო შეიარაღებული და ამ კვალზე გაგვიხსნეს ცეცხლი, პოლიციის სამი თანამშრომელი დაგვიჭრეს, ორი გარდაიცვალა. ერთი ყაჩაღი, ეს არის ძებნილი უმძიმესი დანაშაულისათვის, ჭეიშვილი, მკვდარი არის და მეორეს მივდევთ."


ბოლო ორი თვის განმავლობაში კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა პოლიციის 5 თანამშრომელი, ადგილზეა ლიკვიდირებული ბოროტმოქმედებაში ეჭვმიტანილი 8 პირი და ეს სია 4 მარტს კიდევ 4 ადამიანით გაიზარდა. თანაც, გაქცეული ბანდიტის შეპყრობის ოპერაცია გრძელდება და არავინ იცის, თუ რით დასრულდება ეს ორთაბრძოლა. შემთხვევის ადგილზე ხუთშაბათსვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე. მანამდე კი პოლიციელთა ხელმძღვანელობა პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის მხარეში დავით მუმლაძემ იტვირთა:

[დავით მუმლაძის ხმა] "მე ვარ მოტაცებულ მანქანებთან. მომისმინე, ზურა, ახლა გჭირდება შენ, მიიღე გადაწყვეტილება, გამოიძახე ძალები, "აცეპკა" უნდა გაკეთდეს და გაიჩხრიკოს ყველაფერი." (სტილი დაცულია)

პოლიციელებმა, მართლაც, მალე შემოარტყეს ალყა დასახლებულ პუნქტს და უკონტროლოდ დაიწყეს ყველა მამაკაცის შემოწმება ჩვეული მეთოდით. პოლიციელები ჟურნალისტების თვალწინ აკავებდნენ მოქალაქეებს, ფეხებითა და კონდახებით სცემდნენ მათ და, მიწაზე პირქვე დამხობილებს, ბორკილებს ადებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა იმერეთის მხარეში, როდესაც პოლიციის მხრიდან დამნაშავეების შეპყრობას თან ახლავს ადამიანების უფლების დარღვევა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდეს და პოლიციამ არ დაუშვას ძალის უკონტროლო გამოყენება. თუმცა, მეორე მხრივ, პოლიციიის მუშაკებმა, რომლებმაც ხელისუფლებისგან კარგად შეიარაღებულ კრიმინალურ სამყაროსთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ბრძანება მიიღეს, ეს ბრძოლა, უდიდესი რისკით, უამრავი ტელეკამერისა და ჟურნალისტის თვალწინ უნდა აწარმოონ, რაც ზოგჯერ ასეთი ტრაგიკული შედეგით მთავრდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG