Accessibility links

logo-print

როგორ უნდა განხორციელდეს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ფინანსური ამნისტია


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება ფინანსური ამნისტიის შესახებ

ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამასთან, სააკაშვილმა ამინისტიის ვადა პირველი აპრილით შემოფარგლა და საგონებელში ჩააგდო მინისტრთა კაბინეტის წევრებიც, რადგან ნათლად არავის წარმოედგინა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს პრეზიდენტის ინიციატივა. სახელმწიფო უწყებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მხოლოდ ახლა დაიწყეს პრეზიდენტის განცხადებათა გაანალიზება და მათზე საკანონმდებლო ინიციატივებით რეაგირება.

მიუხედავად პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივაზე ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების მყისიერი რეაგირებისა, პირველ აპრილამდე მაინც ვერ ხერხდება სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა. თუმცა ფინანსთა სამინისტრომ გამოსავალი აქაც იპოვა. აი, რა განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხადურმა:

[ნოდარ ხადურის ხმა] "პრეზიდენტის მიერ დასახელებული ვადა, თავისთავად ცხადია, დაცული იქნება, იმიტომ რომ, მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, ყველა პირი ვალდებულია 1 აპრილამდე წარადგინოს საგადასახადო ორგანოში თავისი დეკლარაცია. თუმცა იგივე კოდექსი ითვალისწინებს, რომ 3 თვით გადავადებაც არის შესაძელებელი. "

თუმცა რა მოხდება მას შემდეგ, რაც მეწარმე, პრეზიდენტის მოწოდების შესაბამისად, პირველ აპრილამდე ან მომდევნო 3 თვის მანძილზე აღიარებს ძველ ცოდვებს, არავინ იცის. ფინანსური ამნისტიის კანონი არ არსებობს და, კანონპროექტის დაჩქარებული ტემპით მომზადების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, მისი მიღება ახალი პარლამენტის არჩევნებამდე მოხერხდეს.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კი, მეწარმეს, რომელიც ძველი დავალიანებების დეკლარირებას მოახდენს, უამრავი ჯარიმა და საურავი დაეკისრება. ეს კი უსათუოდ გააკოტრებს იმ ბიზნესმენს, რომელიც აქამდე იძულებული იყო, ბიზნესის გადასარჩენად გადასახადები დაემალა. აქედან გამოსავალს ისევ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნოდარ ხადური ასახელებს:

[ნოდარ ხადურის ხმა] "დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს, შეიძლება პრეზიდენტის აქტი გამოიცეს ან მთავრობის, მაგრამ ისეთი არაფერი არ ხდება, რაც ეწინააღმდეგება დღევანდელ კანონმდებლობას. ეს უბრალო დეკლარაციული ხასიათისა იქნება, რომ მთავრობა ამის ვალდებულებას იღებს."(სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, კანონპროექტზე მუშაობა მაინც მიმდინარეობს და, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების გარდა, ამნისტიის პროექტი თავისუფლების ინსტიტუტმაც მოამზადა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან რამიშვილის განცხადებით, ფინანსური ამნისტიის ამოქმედება პირველი აპრილიდან არარეალურია და ის მხოლოდ შემოდგომიდან უნდა დაიწყოს:

[ლევან რამიშვილის ხმა] "კანონის მიღებიდან 5-6 თვე საჭიროა ფართო საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება, რათა, პირველი, მეწარმეებმა გაიგონ ამ კანონის არსი და, მეორე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაგება, - დაიჯერონ და ირწმუნონ, რომ, აი, ამ პროგრამაში ჩართვა არის აუცილებელი. ამის შემდეგ უკვე უნდა იყოს პერიოდი იმისთვის, რომ მოხდეს გადასახადების დეკლარირება."

ლევან რამიშვილი დეკლარაციების გადამოწმების 5-6 თვიან ვადასაც აუცილებლობად მიიჩნევს, რადგან, თუ უცხოეთის გამოცდილებას გადავხედავთ, ფინანსური ამნისტიისთვის შედეგების სერიოზულად გათვლის გარეშე კამპანიას შეიძლება არც ფისკალური ეფექტი მოჰყვეს და არც ბიზნესმენებმა იფიქრონ ბიზნესის ლეგალიზებაზე.
XS
SM
MD
LG