Accessibility links

logo-print

ჰამბურგის სასამართლო ხელახლა განიხილავს მუნირ ელ-მოტასადეყის საქმეს


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს, 4 მარტს, გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ჰამბურგის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა მაროკოელი სტუდენტის,

მუნირ ელ-მოტასადეყის საქმე, რომელსაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებში მონაწილეობის ბრალდებით. უზენაესი სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამია, რომ განაჩენის გამოტანამდე ჰამბურგის სასამართლოს უნდა მოესმინა დაცვის მთავარი მოწმის, ამჟამად შეერთებულ შტატებში დაპატიმრებული რამზი ბინალშიბის ჩვენება.

ელ მოტასადეყის ვექილებმა განაცხადეს, რომ რამზი ბინალშიბი დაუდასტურებდა ჰამბურგის სასამართლოს იმ ფაქტს, რომ მოთასადექი იცნობდა 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილე საჰაერო მეკობრეებს, როცა ეს უკანასკნელნი ჰამბურგში ცხოვრობდნენ, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ჰქონდათ დაგეგმილი ტერორისტებს.

გასულ თვეს, მეორე მაროკოელ ისლამისტს, ელ მოთასადექის მეგობარს აბდელ-ღანი მზუდის, გერმანიის სასამართლომ მოუხსნა 11 სექტემბრის ტერაქტში თანამონაწილეობის ბრალდება.

რამზი ინალშიბი იემენელია, და როგორც გამოძიება ვარაუდობს, ალ-ყაიდის დამაკავშირებელი იყო ტერორისტების ჰამბურგში მოქმედ უჯრედთან. ბინალშიბი, რომელმაც აღიარა თავისი წამტყვანი როლი 11 სექტემბრის ტერაქტის მომზადებაში, 2002 წლის სექტემბერში დააკავეს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში და მას შემდეგ, შეერთებულ შტატებში იხდის სასჯელს.

ელ-მოთასადექის ვექილი გერჰარდ შტრატი ასეთი კომენტარით გამოეხმაურა გერმანიის უზენაესი სასამართლოს დადგენილებას [გერჰარდ შტრატის ხმა]: "ეს გადაწყვეტილება არის უაღრესი მნიშვნელობის მოვლენა. ის ნათელყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფო მოვალეა განუხრელად დაიცვას თავისი პრინციპები მაშინაც კი, როცა საქმე გვაქვს ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთან".

როგორც უზენაესი სასამართლოს წევრმა როლფ ჰანიჰმა განაცხადა, ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ წარიმართება მოთასადექის ხელახალი გასამართლება [როლფ ჰანიჰის ხმა]: "ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ხსენებული გადაწყვეტილება, რათა დავრწმუნდეთ იმაში, თუ რა ზეგავლენას იქონიებს ეს ასეთივე მასშტაბის დანაშაულზე მომავალში. ერთი რამ კი ცხადია - მოსამართლეებს ახალი დაბრკოლებები შეექმნათ".

მიმომხილველებმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ვაშინგტონში უთხრეს, რომ მხოლოდ შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ჯონ ეკშკროფტმა იცის, მისცემენ თუ არა ამერიკაში დაპატიმრებულ ბინალშიბს უფლებას - ჩვენებით გამოვიდეს მოთასადექის განმეორებით სასამართლო პროცესზე გერმანიაში. მათივე თქმით, სულაც არ იქნება გასაკვირი, თუკი ამჯერადაც შეუძლებელი გახდება სასამართლოზე ბინალშიბის ჩვენების მოსმენა.

გესაუბრებოდათ ანდრო ეული. გერმანიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ხელახალი სასამართლო დაენიშნა 15-წლიან პატიმრობაში მყოფი ელ მოტასადეყისთვის, არაერთი ექსპერტის გაკვირვებას იწვევს. ვაშინგტონის პოლიტიკური კვლევის ცენტრის, "ჰერიტიჯ ფაუნდეიშნის" ექსპერტი უშიშროების საკითხებში ჯიმ ფილიპსი, რომელმაც ჩვენს რადიოს ინტერვიუ მისცა, გაოცებას ვერ მალავს იმის გამოც, რომ გერმანიის სასამართლომ გასულ თვეში გაათავისუფლა 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი მაროკოელი ისლამისტი აბდელ-ღანი მზუდი. ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება".
XS
SM
MD
LG