Accessibility links

logo-print

ერაყში ახალი კონსტიტუციის მიღება გადაიდო


5 მარტი წელს ერაყში განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე უნდა ყოფილიყო - ძალაში უნდა შესულიყო ახალი, გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია,

ანუ მიეღოთ გადამწყვეტი მნიშვნელობის ზომა საიმისოდ, რომ წელსვე, ივნისის ბოლომდე ძალაუფლება ერაყელებს დაუბრუნდეს. მაგრამ ცერემონია, რომელიც პარასკევს, ადგილობრივი დროით 4 საათზე, ანუ თბილისის დროით 17 საათზე უნდა გამართულიყო, გადაიდო - შესაძლოა ჩაიშალა კიდეც. საღამოს 6 საათისათვის გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის მმართველი საბჭოს რამდენიმე წევრმა ბოლო წუთში უარი თქვა, ხელი მოეწერა ახალი კონსტიტუციისათვის.

ცნობების თანახმად, ხელის მოწერა არ მოისურვა მმართველი საბჭოს ხუთმა წევრმა - შიიტებმა, რომელთა უკმაყოფილებას იწვევს, მათი რწმენით, ზედმეტი დათმობები ერაყის ქურთული უმცირესობის საკითხში. კონკრეტულად რა იწვევს მათ უკმაყოფილებას, ჯერ უცნობია.

გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია, როგორც იუწყებიან, ითვალისწინებს ერაყის ფედერალურ მმართველობას და არ ზღუდავს ერაყელი ქურთების თვითმმართველობის ამჟამინდელ მასშტაბს. თუმცა, არ შეიცავს ქურთების ავტონომიის საბოლოო განსაზღვრას - ეს ამოცანა ერაყის საბოლოო კონსტიტუციისათვის, მომავალი წლისთვის გადაიდო.

საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" ცნობით, მას შიიტების წამყვანი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა უთხრა, რომ ერაყის მმართველი საბჭოს წევრები სადავო საკითხებს განიხილავენ და ერთსულოვნების მიღწევას ცდილობენ. როგორ დამთავრდება ეს მცდელობა, ძნელი სათქმელია...

ცნობილი კი ის არის, რომ გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციით უნდა იხელმძღვანელოს გარდამავალივე პერიოდის მთავრობამ, რომელიც 30 ივნისამდე დაიწყებს მუშაობას. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ის მოვალე იქნება, პატივი სცეს სიტყვისა და რელიგიის თავისუფლებას, უზრუნველყოს სამოქალაქო კონტროლი სამხედრო ძალებზე - ანუ შექმნას პირობები ერაყში სამოქალაქო საზოგადოების საარსებოდ. რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალ კონსტიტუციას (როგორც მას ოფიციალურად უწოდებენ "გარდამავალი პერიოდის ადმინისტრაციულ კანონს") შეერთებული შტატები, გამოხატა ერაყში ამერიკული ადმინისტრაციის მეთაურის, პოლ ბრემერის სიტყვებმა: "საქმე ეხება ადამიანის უფლებების ყველაზე ფართო გარანტიებს მთელს ახლო აღმოსავლეთშიო". [პოლ ბრემერის ხმა]

ერაყის გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის დაწერა ადვილი საქმე ნამდვილად არ იყო. აზრთა მწვავე სხვადასხვაობას იწვევდა არაერთი საკითხი, მათ შორის ისლამის როლი საზოგადოებაში, ქალთა ჩართვა მთავრობაში და ქურთების ფართო ავტონომიის მოთხოვნა. ყველას გადაჭრა, როგორც დავრწმუნდით, ჯერ ვერ მოხერხდა.
XS
SM
MD
LG