Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული ტექნოლოგია შავ ბაზარზე (პირველი ნაწილი)


ანდრო ეული, პრაღა საერთაშორისო ექსპერტების მიერ ირანისა და ლიბიის ბირთვული პროგრამების შემოწმების შედეგად აშკარა გახდა, რომ მოქმედებს გლობალური შავი ბაზარი,

რომელზეც ბირთვული ტექნოლოგიით ვაჭრობენ. ამ ცნობამ, ცხადია, არაერთი ქვეყნის შეშფოთება გამოიწვია. ბევრი ექსპერტი შიშობს, რომ ბირთვული ტექნოლოგია ტერორისტულ დაჯგუფებებს ჩაუვარდებათ ხელში.

მნიშვნელოვანი ფაქტები გამომზეურდა მას შემდეგ, რაც ისლამაბადში დაკითხეს ცნობილი მეცნიერი, პაკისტანის ბირთვული იარაღის პროგრამის ფუძემდებელი, აჰმედ ხანი. გასული თვის დასაწყისში ხანმა აღიარა, რომ ირანს, ლიბიასა და ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ტექნოლოგია და შეიარაღებისთვის საჭირო აღჭურვილობა მიჰყიდა. აჰმედ ხანის საქმიანობის გამოძიებამ, რაც ვაშინგტონისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზეწოლით მოხდა, ცხადყო, რომ პაკისტანელი მეცნიერის პარტნიორთა ფართო ქსელი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში მოქმედებდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობის აზრით, აჰმედ ხანმა და შავ ბაზარზე მოქმედმა მისმა ქსელმა "უხეშად დაარღვიეს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება".

კორი ჰინდერსტაინი ბირთვული გაუვრცელებლობის ექსპერტია ვაშინგტონის მეცნიერებისა და საერთაშორისო უშიშროების ინსტიტუტში. მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კარგად ორგანიზებული ქსელი საიდუმლო ბირთვულ ინფორმაციას ჰყიდდა შავ ბაზარზე, რითაც დიდი მოგება ნახა [კორი ჰინდერსტაინის ხმა]: "ვფიქრობ, მოქმედების არე ბირთვული კონტრაბანდის ქსელისა, რომელსაც თანადათანობით ეფინება შუქი, უფრო ფართოა, ვიდრე მრავალი ექსპერტი ელოდა. უფრო ფართოს როცა ვამბობ, ვგულისხმობ ამ ადამიანთა ურთიერთკოორდინაციისა და თანამშრომლობის ხარისხს, რომელიც, ჩვეულებრივი დამნაშავეებისგან განსხვავებით, ორგანიზაციის დონეზეა."

აჰმედ ხანმა აღიარა, რომ თავის თანამზრახველებთან ერთად 1987-დან 90-იანი წლების შუა პერიოდამდე შავ ბაზარზე ჰყიდდა საიდუმლო ტექნოლოგიას. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ხანმა გაყიდა ცენტრიფუგები, რომლებიც ბირთვული რეაქტორის საწვავის, აგრეთვე ბირთვული შეიარაღებისთვის საჭირო კომპონენტების წარმოებისას გამოიყენება. გარდა ამისა, ხანმა გაყიდა ბირთვული იარაღის სამუშაო ნახაზები და ინსტრუქციები.

როგორც ბირთვული შეიარაღების ექსპერტები აღნიშნავენ, აჰმედ ხანმა თავისი ქსელი ათეული წლების წინათ შექმნა, რათა საიდუმლოდ შეეძინა ბირთვული ტექნოლოგია პაკისტანისთვის, რომელიც გამალებულ შეიარაღებაში ინდოეთს უპირისპირდებოდა. ხოლო მოგვიანებით ხანმა თავისი ქსელის მეშვეობით სხვა ქვეყნებთან დაიწყო ბირთვული ტექნოლოგიით ვაჭრობა ანგარების მიზნით.

ჯერჯერობით გაურკვეველია, იყო თუ არა ცნობილი პაკისტანის უწინდელი მთავრობებისთვის აჰმედ ხანის საქმიანობა. მას შემდეგ, რაც აჰმედ ხანმა აღიარა, რომ ირანს, ლიბიასა და ჩრდილოეთ კორეას მიჰყიდა ბირთვული ტექნოლოგია და რომ ამას თავისი ქვეყნის მთავრობისგან დამოუკიდებლად სჩადიოდა, პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა ხანს ჩადენილი დანაშაული მიუტევა და უარი თქვა წინადადებაზე, აჰმედ ხანის საქმიანობის გამოძიება დამოუკიდებელი კომისიისთვის დაევალებინათ.

როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელი მელისა ფლემინგი აღნიშნავს, მისი უწყება ცდილობს გაარკვიოს, იატაკქვეშა ორგანიზაციებს, ან დიქტატორულ, არასაიმედო რეჟიმებს ხომ არ ჩაუვარდათ ხელში ბირთვული ტექნოლოგია [მელისა ფლემინგის ხმა]: "როგორც ჩვენმა ექსპერტებმა შეიტყეს ირანსა და ლიბიაში ბოლო თვეებში ჩატარებული ინსპექციების დროს, რეგიონში ბირთვული მასალის უზარმაზარი შავი ბაზარი მოქმედებს. ჩვენთვის უკვე ცნობილია, სულ ცოტა, ორი მუშტარი. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ იყვნენ სხვა მუშტარი ქვეყნებიც, და ვგულისხმობთ არა მარტო ამ ორ სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებსაც."

თუმცა მელისა ფლემინგის თქმით, არსებობს საკმარისი საფუძველი ვიფიქროთ, რომ აჰმედ ხანის ქსელის მუშტართა შორის ტერორისტული ჯგუფები არ ყოფილან. ამგვარი ვარაუდის საფუძველს თუნდაც ის იძლევა, რომ აჰმედ ხანის ქსელი მუშტრებს სთავაზობდა იმგვარ ტექნოლოგიას, რომლის გამოყენება შეუძლებელია, თუ არ გაგაჩნია მსხვილი სამრეწველო საწარმოები, რომლებსაც, ნაკლებად სავარაუდოა, ტერორისტული ჯგუფები ფლობდნენ.
XS
SM
MD
LG