Accessibility links

logo-print

საჯარო და კულუარული პოლიტიკა


საარჩევნო სიის დაკომპლექტებამ, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საკმაოდ უმტკივნეულოდ ჩაიარა. თუმცა ის მწვავე განცხადებები, რომლებიც ნინო ბურჯანაძემ 26 თებერვალს ღამით გააკეთა,

სულ სხვა რეალობას ადასტურებს. რატომ გაურბის პრობლემას პრეზიდენტი?

ორიოდე დღის წინ მიხეილ სააკაშვილს მაინც მოუხდა იმის აღიარება, რომ იგი ინტრიგებში არც ადრე ერეოდა და არც ახლა ერევა. ამ ფრაზით პრეზიდენტმა ორი ფაქტი დაადასტურა: პირველი ის, რომ სიის დაკომპლექტებას ინტრიგის გარეშე არ ჩაუვლია; მეორე კი ის, რომ მან შეგნებულად აარიდა თავი ინტრიგაში მონაწილეობას.

ერთი შეხედვით, არ არსებობს საფუძველი მიხეილ სააკაშვილის ამ აღიარებაში ეჭვის შესატანად. ედუარდ შევარდნაძე სახელისუფლო სივრცის მართვაში უპირატესობას კულუარულ ურთიერთობებს ანიჭებდა. პერიოდულად აქტუალობას იძენდა სხვადასხვა პოლიტიკური სამკუთხედი, მაგალითად: შევარდნაძე-ჟვანია-აბაშიძე; შევარდნაძე-თარგამაძე-ჟვანია; შევარდნაძე-ჟვანია-საჯაია; შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილი... და ასე შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილი წლების განმავლობაში იდევნებოდა სახელისუფლო სივრცის ცენტრიდან პერიფერიისკენ. მაგრამ სწორედ სააკაშვილი აღმოჩნდა ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც ნებით მიატოვა არა მხოლოდ სახელისუფლო კაბინეტი, არამედ კულუარებიც. მან უარი თქვა პოლიტიკურ სამკუთხედებში ადგილის დამკვიდრებაზე და ხალხს მიაშურა.

დღეს სახელისუფლო სივრცე სწორედ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ იკრიბება და ეს სივრცე იქნება ისეთი, როგორსაც პრეზიდენტი ისურვებს. ბედის ირონიით თუ სხვა რამ კანონზომიერებით, პოლიტიკური ხელისუფლება ისევ სამკუთხედშია გამომწყვდეული: სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძე. შევარდნაძის დროს კი სამკუთხედი ყოველთვის ნიშნავდა ორი ფიგურის კავშირს ერთის წინააღმდეგ - სწორედ ეს იყო სახელისუფლო ინტრიგების "ანი" და "ჰოე".

თუ დღეს სააკაშვილს უხდება იმის აღიარება, რომ ხელისუფლებაში გაჩნდა ინტრიგა, ესეც სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ორი ფიგურის შეკავშირებას მესამის წინააღმდეგ. და თუ თავად პრეზიდენტი ინტრიგებში არ მონაწილეობს, გამოდის, რომ სამკუთხედის ერთ-ერთი წევრი მის სახელს საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად იყენებს. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, გამოდის, რომ ზურაბ ჟვანიამ მიხეილ სააკაშვილის ჩუმი ნებართვით ან ამ ნებართვის გარეშე, შეზღუდა ნინო ბურჯანაძის თანამოაზრეთა რიცხვი ერთიან საარჩევნო სიაში. ამ რეალობაში, პრეზიდენტის თუნდაც გულწრფელი განცხადება, რომ იგი ინტრიგებში არ მონაწილეობს, მის სასარგებლოდ ვერ მეტყველებს. სურს თუ არა, სააკაშვილი სერიოზული არჩევანის წინაშე დგას: თუ იგი უპირატესობას საჯარო პოლიტიკას ანიჭებს, მაშინ თვალი უნდა გაუსწოროს პრობლემებს და საჯაროდ ისაუბროს მათ შესახებ. სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტი აუცილებლად აღმოჩნდება ჩართული კულუარულ პოლიტიკაში, სადაც მასზე გამოცდილი, შესაძლოა, ვინმე სხვა აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG