Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა მწვანე საფრთხე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას და ინვესტიციების განხორციელებას ვერც პოლიტიკურმა და ვერც ეკონომიკურმა საფრთხემ ვერ შეუშალა ხელი და, ექსპერტთა შეფასებით,

საეჭვოა, მომავალშიც საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენის პროექტის განხორციელება რაიმე მიზეზებმა შეაფერხოს. თუმცა კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტისას ყურადღება სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის ხელშემშლელ საფრთხეებზე გაამახვილა. რამდენად რეალურია სააკაშვილის მიერ აღნიშნული საფრთხეები?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ყველაფერი გააკეთა, რათა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი შემდგარიყო. შევარდნაძის მიერ სულ ბოლოს გადალახული წინააღმდეგობა მილსადენის მშენებლობის ეკოლოგიურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მაშინდელი მინისტრის ნინო ჩხობაძის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, შევარდნაძემ მაინც შეძლო ჩხობაძე იძულებული გაეხადა მილსადენის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი ნებართვა გაეცა. გარემოსდამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონდარღვევით მიღებული ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ერთ-ერთმა მათგანმა, "მწვანე ალტერნატივამ", სასამართლოშიც იჩივლა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მოველი და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, რომ რამდენიმე თვეში გარკვეული პოლიტიკური ძალები, უმეტესწილად, სხვა ქვეყნებიდან ეკოლოგიური პრობლემების მომიზეზებით, შეეცდებიან შეაჩერონ პროექტი ან გამოვიდნენ ინიციატივით, შეიცვალოს ნავთობსადენის მარშრუტი, რათა შეწყდეს ან კიდევ რამდენიმე წლით დაყოვნდეს ნავთობსადენის მშენებლობა."

მიხეილ სააკაშვილმა, აი, ამ საშიშროებაზე გაამახვილა ყურადღება ბაქოში სტუმრობისას. ასეთი შინაარსის განცხადებები უცხო არ არის ეკოლოგიური პრობლემატიკით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, თუმცა ისინი მსგავს განცხადებებს სააკაშვილისგან არ მოელოდნენ. აი, რა განაცხადა ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ:

[ნანა ჯანაშიას ხმა] "არა მგონია, რომ ეგეც მასე ფიქრობდეს. ეს შეიძლება რაღაც უცხო ძალებზე ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან გამიკვირდება და ფლუსტრირებული ვიქნები, თუ სააკაშვილიც ისე ფიქრობს, როგორც წინა მთავრობის წარმომადგენლები."

ჯანაშიას თქმით, მწვანეებს არ სურთ მილსადენის მშენებლობის ჩაშლა, თუმცა კი არც ის სურთ, რომ მისი მშენებლობა კანონის დარღვევითა და გარემოზე უხეში ზემოქმედებით წარიმართოს. ძირითად კანონდარღვევად არასამთავრობო ორგანიზაციები დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალების კანონთა უგულებელყოფას და მთელი რიგი პროცედურული წესების უგულებელყოფას ასახელებენ. სწორედ ამ ფაქტების საფუძველზე მიმართა სასამართლოს ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ". მე მის აღმასრულებელ დირექტორს ნინო გუჯარაიძეს ვკითხე, მისი ორგანიზაციის სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს თუ არა ნავთობსადენის მშენებლობის შეჩერებას.

[ნინო გუჯარაიძის ხმა] "რაღაც ეტაპზე, ალბათ, გამოიწვევს იმის გამო, რომ, თუკი ნებართვა გაუქმდება, ეს ნიშნავს, რომ ყველა კვლევა მთლიანად იქნება ჩასატარებელი. ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისათვის ხელახლა უნდა ჩატარდეს მთლიანად კვლევა. და უნდა განმეორდეს საზოგადოებისათვის დოკუმენტაციის წარდგენის პროცესი და, პრინციპში, ალბათ, უნდა გამოიწვიოს, წესით."(სტილი დაცულია)

მე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ინვესტორ კომპანია "ბრიტიშ პეტროლიუმსაც" დავუკავშირდი იმის გასარკვევად, აღიარებენ თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოთქმული საფრთხეების სერიოზულობას. "ბი-პი"-ში საფრთხეებზე ლაპარაკს ჯერჯერობით მოერიდნენ და არაოფიციალურ საუბარში თქვეს, რომ ბაქოში გაკეთებული განცხადებებიდან ბევრი რამ მათთვისაც გაუგებარია.
XS
SM
MD
LG