Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი ანტიკრიმინალური ოპერაცია ქუთაისში


ანტიკრიმინალური ოპერაცია ქუთაისში 5 მარტსაც გრძელდებოდა. ამ დღეს სამართალდამცავების აქტივობას მსხვერპლი აღარ მოჰყოლია. დაკავებულია ქუთაისის საკრებულოს წევრი და ტყიბულის

მაჟორიტარი დეპუტატი ბონდო შალიკიანი; ამას გარდა, კიდევ 10-ზე მეტი პიროვნება, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილები. შალიკიანის და სხვების დაკავება ბინების ჩხრეკის და იქ იარაღის მიგნების მოტივით მოხდა. თავად ჩხრეკა კი იმ პირების მოსაძებნად მიმდინარეობდა, რომლებიც ხუთშაბათს ხელიდან დაუსხლტნენ სამართალდამცავებს. შეგახსენებთ, რომ ისინი ავტომანქანის გატაცებას აპირებდნენ, მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებას კი ერთი კრიმინალი, 3 პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. პარასკევს ქუთაისში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის პირველი პირები.


ბონდო შალიკიანისა და კიდევ 12 პირის დაკავებით კმაყოფილ სამართალდამცავებს პარასკევს ნაკლებად აღელვებდათ ხუთშაბათს საკმაოდ არაპროფესიულად ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელიც მსხვერპლით - ადამიანის სიკვდილით დამთავრდა. ქუთაისში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ძალოვანი სტრუქტურების სხვა ხელძღვანელებთან ერთად, გააკეთა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რას აჩვენებს საქართველოს ახალი ხელისუფლება საზოგადოებას:

[გიორგი ბარამიძის ხმა] "ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ხელისუფლებას ძალუძს სერიოზულად დაუპირისპირდეს დამნაშავეობას. ეს არ არის ჩვენი პირველი ან უკანასკნელი ასეთი ქმედება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დამნაშავეობის წინააღმდეგ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. "

სამომავლო გამარჯვებებამდე დაკავებულია ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი და კიდევ 12 პიროვნება. ყველა მათგანი ხუთშაბათს მიმალული კრიმინალების მოძებნის მიზნით მათ საცხოვრებელ უბანში ჩატარებული ჩხრეკისას დააკავეს. ჩხრეკისას შალიკიანის სახლიდან სამართალდამცავებმა 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ამოიღეს. იარაღი ამოიღეს სხვა დაკავებულების სახლებიდანაც, ისინი, ძირითადად, წარსულში ნასამართლევი პირები არიან. სპეცოპერაცია ქუთაისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უშიშროების სამინისტრომ ერთობლივად ჩაატარა.

[ზურაბ ადეიშვილის ხმა] "ჩვენ მივიღეთ გამოწვევა კრიმინალური სამყაროსგან, წარსულს ჩავაბარეთ დრო, როცა ხელისუფლება თანამშრომლობდა კრიმინალებთან, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კრიმინალები ატერორებდნენ მოსახლეობას, ხოცავდნენ ჩვენს თანამებრძოლებს. "

ეს განცხადება 5 მარტს ასევე ქუთაისში მყოფმა უშიშროების მინისტრმა გააკეთა. ამ დღეს ქუთაისში ყველა ბონდო შალიკიანის დაკავების ფაქტზე ლაპარაკობდა. 4 მარტის სპეცოპერაციის დროს ბრმა ტყვიით მოკლული თამაზ შალიკიანი უკვე ნაკლებად ახსოვდათ:

[ნინო ღაჭავას ხმა] "ქუჩაში გამვლელის სიკვდილზე, რომელიც ბრმა ტყვიით მოკვდა, არავინ არ ლაპარაკობდა, ყველა ლაპარაკობდა ბონდო შალიკიანის დაჭერაზე. "

ჩვენი ქუთაისელი კორესპონდენტის ნინო ღაჭავას ინფორმაციით, თამაზ შალიკიანის ოჯახს ქუთაისის მერმა მატერიალური დახმარება შესთავაზა. ბრმა ტყვიით მოკლულის ოჯახი სამართალდამცავებს არ უჩივის.

ქუთაისში უკვე სიმშვიდეა, თუმცა ბონდო შალიკიანის დაკავების ფაქტის გახმაურების შემდეგ ქალაქის ცენტრში შეკრებილები იყვნენ დაკავებულის მხარდამჭერები და სამართალდამცავების ქმედებას აპროტესტებდნენ. ბონდო შალიკიანი ქუთაისში გავლენიანი პირია. ცნობილია მისი და კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ახლო ურთიერთობის შესახებ, თუმცა შალიკიანს ასევე კარგი ურთიერთობა ჰქონდა იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის დღევანდელ რწმუნებულთან. ბონდო შალიკიანი აქტიურად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში. პარასკევს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა გენერალური პროკურატურის მოთხოვნა ბონდო შალიკიანისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე და დააკმაყოფილა კიდეც.
XS
SM
MD
LG