Accessibility links

logo-print

აჭარაში რუსთავი-2-ის კორესპონდენტს სცემეს


5 მარტს, ნაშუადღევს, აჭარის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სასტიკად სცემეს ტელეკომპანია "რუსთავი"-2-ის გადაცემა "60 წუთის " კორესპონდენტს ვახტანგ კომახიძეს.

ინციდენტი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყლის საგზაო პოლიციის საგუშაგოსთან რამდენიმე პოლიციელის თვალწინ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა ჟურნალისტის ცემის აღსაკვეთად. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, კომახიძის საგუშაგოზე გაჩერების მიზეზი საგზაო წესების დარღვევა არ ყოფილა - პოლიციელი რევაზ გვარიშვილი ადასტურებს, რომ ვახტანგ კომახიძის ავტომანქანის გაჩერება მას დავალებული ჰქონდა. ვისი მითითებით გააჩერეს მეჯინისწყლის საგუშაგოზე ჟურნალისტის მანქანა და ვისი დავალებით გაუსწორდნენ სპეცრაზმის წევრები ვახტანგ კომახიძეს? ამ საქმის მასალების მოკვლევა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამძებრო სამმართველოს უფროსს ვაჟა თაბაგიძეს დაევალა. საქმე თავად შინაგან საქმეთა მინისტრის პირად კონტროლზეა აყვანილი. ამის მიუხედავად, გამოძიების ობიექტურობაში დაზარალებულებს ამთავითვე ეპარებათ ეჭვი.

ვახტანგ კომახიძის ცემის ინციდენტში, ჟურნალისტის გარდა, დაზარალებულად ითვლება ტელეკომპანია "რუსთავი-2" და უშუალოდ გადაცემა "60 წუთი". და არა მარტო იმიტომ, რომ ჟურნალისტი მორალურ მხარდაჭერასა და დაცვას, პირველ რიგში, საკუთარი თანამშრომლებისგან ელის. მეორე და არანაკლებ საგულისხმო ფაქტორია ის, რომ ვახტანგ კომახიძესა და მის ოპერატორზე ორი დღის განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა ფორმის ზეწოლის შედეგად, გადაცემამ საკმაოდ ღირებული ვიდეომასალა დაკარგა. ვახტანგ კომახიძეზე სპეცრაზმელების თავდასხმას წინ უძღოდა 4 მარტის ინციდენტი, როდესაც ბათუმიდან თბილისისაკენ მომავალი ოპერატორი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიყვანეს. დიმიტრი მიასნიკოვს ჩამოართვეს ჩანთა და ბლოკნოტი, საიდანაც ამოხიეს აჭარაში გადაღებული მასალების აღმნუსხველი ფურცელი. ამის შემდეგ აჭარელმა სამართალდამცავებმა "60 წუთის" ოპერატორს სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდომისა და დედაქალაქისკენ გამომგზავრების საშუალება მისცეს. იმის თაობაზე, თუ რა ჩამოიტანა მან თბილისში, "60 წუთის" კორესპონდენტი ნინო ზურიაშვილი მოგვითხრობს:

[ნინო ზურიაშვილის ხმა] "ჩვენ გვეგონა, რომ მასალა მაინც ჩამოტანილი გვქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ დაამაგნიტეს ჩვენი ყველა ხუთი კასეტა, რომელიც სავსე იყო ამ კადრებით და მხოლოდ ერთ კასეტაზეღაა შემორჩენილი რაღაცა კადრები, ისიც გაფუჭებული."

"60 წუთის" გადამღები ჯგუფი აჭარაში თითქმის ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა. სავარაუდოდ, სწორედ მათი პროფესიული საქმიანობა გახდა, ერთი მხრივ, დიმიტრი მიასნიკოვის გაჩხრეკის, მეორე მხრივ კი, ვახტანგ კომახიძის ცემის მიზეზი. სპეცრაზმელების წარმომავლობასა და ჟურნალისტის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების დამკვეთებზე გამოძიება, ალბათ, ამ თითქმის განადგურებული მასალის შინაარსის მიხედვით იმსჯელებს. ჩვენი ინფორმაციით, "60 წუთის" გადამღები ჯგუფი აჭარაში ჟურნალისტური გამოძიების მიზნით იმყოფებოდა. ვახტანგ კომახიძის ფუნქცია იყო, შეესწავლა ასლან აბაშიძის კლანური ინტერესები, გამოევლინა მისი და მისი გარემოცვის მიერ პრივატიზებული საწარმოები, გადაეღო აჭარის ლიდერის ოჯახისა და ნათესავების საცხოვრებელი და დასასვენებელი ფეშენებელური სახლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაზარალებული მხარე ასკვნის, რომ გამოძიება ობიექტურად არ წარიმართება. აჭარის ხელისუფლებისა და სამართალდამცავების პოზიცია ამ საქმეში ჯერ კიდევ მაშინ გამოიკვეთა, როცა ვახტანგ კომახიძის ცემის თვითმხილველმა პოლიციამ საეჭვო ნეიტრალიტეტის პოზიცია დაიჭირა.

[ვახტანგ კომახიძის ხმა] " კარი გააღო, თუ, მე ფანჯარა მქონდა ჩამოწეული, დამარტყა ვიღაცამ და უკვე ვეღარ ვხედავდი მე ვერაფერს. გადამიყვანა და მერე მახსოვს, რომ ვიღაცა მიმათრევდა და ძირს აღმოვჩნდი." (სტილი დაცულია)

ვახტანგ კომახიძე დედაქალაქში დაბრუნებას 6 მარტს გეგმავდა. ცემისას მიღებული დაზიანებების ხარისხი მას დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას ამჯერად ნამდვილად აღარ მისცემს. ჟურნალისტს თბილისში სპეციალური რეანომობილი ჩამოიყვანს.
XS
SM
MD
LG