Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა გაზეთი "ქრისჩიენ საიანს მონიტორი" საქართველოში გასულ ნოემბერს მომხდარი "ვარდების რევოლუციის" თემას უბრუნდება და არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას,

რომ საქართველოს მაგალითს სხვა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმაც მიბაძონ. გაზეთი წერს:

როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა გასულ თვეს ოპოზიციის ლიდერ ვიქტორ იუშჩენკოსთან მოსალაპარაკებლად, საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი შეხვედრა მოუწყეს, ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ, ლეონიდ კუჩმას მთავრობა იყო. "უკრაინის კაგებე ფეხდაფეხ დამდევდაო", ამბობს სააკაშვილი და იხსენებს, როგორ ესტუმრა მას, სრულიად მოულოდნელად მოსკოვის სასტუმროში ორი მამაკაცი, რომლებიც "ქართველ ყაზახებად" გაეცვნენ საქართველოს პრეზიდენტს, და რჩევა-დარიგება სთხოვეს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოაწყონ "ვარდების რევოლუცია" ყაზახეთში. ხოლო ბელორუსიაში, ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, სააკაშვილის მსგავსად, ნაციონალური მოძრაობა დააარსოს ბელორუსიაში, იქ შემორჩენილი კომუნისტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დიქტატორული რეჟიმის დასამხობად".

როგორც გაზეთ "ბოსტონ გლოუბის" მიმომხილველი დევიდ ფილიპოვი აღნიშნავს, ათწლიანმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა ჩეჩნეთში ათეული ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო მოზარდ თაობას წაართვა ბავშვობის წლები. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"მედიკოსების მონაცემებით, ომის საშინელებამ, ახლობლების დაკარგვამ, და კონფლიქტურ ზონაში ცხოვრების აუტანელმა პირობებმა სამუდამო დაღი დაასვა ჩეჩნეთში ასეული ათასობით მოზარდსა და ბავშვს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც უცილობელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ 14 მარტისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ყველას გასაგონად აცხადებს, რომ ცხოვრება, ჩეჩნეთში, ნორმალურ ჩარჩოებს უბრუნდება. ამ დროს, ბავშვები, ჩეჩნეთში, კვლავაც იღუპებიან. ჩეჩნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მოულოდნელი რეიდების, აგრეთვე ნაღმების შედეგად, რაც მრავლადაა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ყოველწლიურად ჩეჩნეთში ასობით ბავშვი იღუპება, ან ხეიბარი რჩება სამუდამოდ. თუმცა ხშირად ჭრილობები შეუმჩნეველია. ჩეჩენი ბავშვების 80 პროცენტზე მეტს, მიმდინარე კონფლიქტმა, სერიოზული ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნა."

ვლადიმირ პუტინს არ ეყო მოთმინება 14 მარტამდე დაეცადა, და გადაწყვიტა წინასწარ გამოეცხადებინა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, ანუ - მისი ხელმეორედ არჩევა პირველსავე ტურში, - წერს გაზეთ "ლიბერასიონის" მიმომხილველი ჟაკ ამალრიკი და განაგრძობს:

"სწორედ ამით უნდა აიხსნას არჩევნებამდე სამი კვირით ადრე პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე შედარებით უცნობი პოლიტიკოსის, მიხაილ ფრადკოვის დანიშვნა. ფრადკოვი, პუტინის მსგავსად, კაგებეშია გამობრძმედილი, და მისი ერთადერთი უფლებამოსილება, პუტინის მითითებათა განუხრელი შესრულება იქნება."
XS
SM
MD
LG