Accessibility links

logo-print

რა თემებზე ლაპარაკობენ თბილისელები ამ შაბათ-კვირას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქართული საზოგადოების პოლიტიზებულობის გათვალისწინებით, ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირი სასაუბრო თემა სწორედ პოლიტიკაა. მით უფრო ახლა, როცა საპარლამენტო

არჩევნებამდე სამ კვირამდე ოდნავ მეტი დროა დარჩენილი. თუმცა, ბუნებრივია, არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში მხოლოდ პოლიტიკაზე მსჯელობენ და კამათობენ. რა თემები იყო აქტუალური ამ კვირის ბოლოს თბილისელებისთვის?

ყველაზე აქტიუალური საკითხი 6 მარტს თბილისელებისთვის - და არა მხოლოდ მათთვის - ამინდის თემაა. თუ ორიოდე დღის წინ საქართველოში ყველამ დავიჯერეთ, რომ გაზაფხული ნამდვილად მოვიდა - ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსს აღწევდა, 6 მარტს ბევრისთვის უსიამოვნო სიურპრიზად იქცა თოვლის მოსვლა. შესაბამისად, ცუდი ამინდის თემა ერთ-ერთი წამყვანი იყო 6 მარტს საუბრებისას. როდის გამოიდარებს? - საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის კოკა ბერაძის ინფორმაციით, 8 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან, ამინდი უკეთესობისკენ შეიცვლება. მთლიანობაში კი, მარტი, ტრადიციულად, ჭირვეული იქნება. ამჯერად აციება ჩრდილო-დასავლეთიდან შემოჭრილმა ჰაერის ცივმა მასებმა გამოიწვია:
[ კოკა ბერაძის ხმა] "ტემპერატურა ასული იყო 20-23 გრადუსამდე და ჩამოვიდა ნულ გრადუსამდე და ღამე მინუსიც კი არის. ტემპერატურამ უცაბედად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 15-20 გრადუსით დაიკლო ერთ დღეში. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა."
საკმაოდ იშვიათი მოვლენა აღინიშნება საქართველოს სავალუტო სივრცეში. 6 მარტს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გამყარდა. 6 მარტს სავალუტო ჯიხურები დოლარს, ბოლო წლებთან შედარებით, რეკორდულად დაბალ ფასში - ლარად და 70 თეთრად იბარებდნენ. რა მიზეზით გამყარდა ლარი? - ამის თაობაზე მოგახსენებთ, ასე ვთქვათ, ხალხში გავრცელებულ ვერსიას. ამ ვერსიით, ახალი ხელისუფლების პოლიტიკით დაბნეულმა წვრილმა და საშუალო ბიზნესმენებმა, რომლებიც საქართველოში პროდუქციის იმპორტით არიან დაკავებულები, იმპორტი შეწყვიტეს. შესაბამისად, შეჩერდა საქართველოდან დოლარის გადინება, რაც, რა თქმა უნდა, კარგია. ცუდია ის, რომ გასაყიდი პროდუქციის შემოუტანლობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გააჩენს მივიწყებულ დეფიციტს - საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ხომ ლომის წილი სწორედ იმპორტულ საქონელს უკავია.
კიდევ ერთი პოპულარული სასაუბრო თემა ისევ და ისევ დაჭერების საკითხია. თბილისელთა ერთი ნაწილი იზიარებს პრეზიდენტ სააკაშვილის მოსაზრებას, რომ არ შეიძლება დაკავებული ადამიანის ნიფხავ-პერანგში ჩვენება, რადგან ამით მისი ადამიანური ღირსება ილახება. სხვათა აზრით, დამნაშავეთა ადამიანურ ღირსებაზე საუბარი უადგილოა. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ დაკავების სცენა საერთოდ არ უნდა მოხვდეს ტელეეკრანზე.
მოკლედ, დასვენების დღეებში სალაპარაკო თემა ბევრია. შეგახსენებთ: წინ სამი დასვენების დღე გველის - შაბათ-კვირის გარდა, კიდევ ერთი, 8 მარტი, ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე, რომელიც, მესამე წელია, საქართველოში დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG