Accessibility links

logo-print

შესაძლებელია თუ არა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა


საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობა, ძირითადად, განპირობებულია კასპიის ენერგეტიკული რესურსების ათვისებასთან დაკავშირებული პროექტებით.

ამ ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობას ნავთობთან დაკავშირებულ თანამშრომლობაზე გაცილებით მეტი პერსპექტივები აქვს. ბოლო დრომდე ამ პერსპექტივებზე ნაკლებად თუ ვინმე ზრუნავდა. ახლა ისინი საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტისას გაიხსენა და თავის აზერბაიჯანელ კოლეგას პირველ ეტაპზე ორი ქვეყნის ბაზრის გაერთიანება, ხოლო შემდეგ სამხრეთ კავკასიის ერთიანი ბაზრის შექმნა შესთავაზა.

5 მარტს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როდესაც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სხვადასხვა პროდუქციით დატვირთული ავტობუსი ქართველ მებაჟეებს არ დაემორჩილა და გზის გაგრძელება სცადა. მესაზღვრეებმა ავტობუსს ცეცხლი საბურავების მიმართულებით გაუხსნეს და ასე შეძლეს მისი გაჩერება. ამ ფაქტით უკმაყოფილო ადგილობრივმა მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი გადაკეტა, თუმცა მოგვიანებით აქცია მშვიდობიანად დაიშალა. ეს პირველი ინციდენტი არ არის ამ ორი სახელმწიფოს მოქალაქეთა ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობაში.

ზემოთ აღნიშნული ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. 4-5 მარტს კი, ბაქოში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილმა ორი ქვეყნის ბაზრის ინტეგრირებაზე ბევრი ილაპარაკა და სამხრეთ კავკასიის ერთიანი ბაზრის შექმნის იდეაც წამოაყენა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ რეალურად შევქმნით ერთიან სატარიფო სისტემას, მოვახდენთ საგადასახადო სისტემათა სინქრონიზებას, გავაუქმებთ საბაჟო ბარიერებს, გავაუქმებთ იურიდიულ ბარიერებს იმისათვის, რომ აზერბაიჯანში რეგისტრირებული კომპანია ავტომატურად საქართველოშიც რეგისტრირებულად ჩაითვალოს და, პირიქით, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ წინააღმდეგობები ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილებისას."

სააკაშვილის ამ ინიციატივებს პრეზიდენტი ილხამ ალიევი დიპლომატიურად გამოეხმაურა და განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანის შემდგომი თანამშრომლობით ჩვენი ქვეყნები უფრო დაახლოვდებიან და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეები უფრო უკეთ იცხოვრებენო.


სააკაშვილის ინიციატივების მიმართ ზომიერი აღმოჩნდა აზერბაიჯანში დაფუძნებული მეწარმეობისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი ფონდის ხელმძღვანელის საბიტ ბაგიროვის კომენტარიც:

[საბიტ ბაგიროვის ხმა] "ეს ძალიან საინტერესო წინადადებაა. მე ვფიქრობ, რომ ამ წინადადების რეალიზებისკენ უნდა ვიაროთ. უბრალოდ, საჭიროა მისი გაანალიზება, თუ რას ნიშნავს იგი, სამართლებრივი თვალსაზრისით, და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას. შესაძლებელია, გაჩნდეს ახალი იდეებიც, ჩვენი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, და ყველაფერი ეს წახალისებული უნდა იქნეს. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის იდეებს ჩვენი ქვეყნის საზოგადოება და ეკონომიკური წრეები დიდი ინტერესითა და იმედით შეხვდნენ."

თუ ორი ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრირებას წინ შეიძლება არც არაფერი დაუდგეს, გაცილებით გართულდება სამხრეთ კავკასიის ერთიანი ბაზრის ფორმირება, რეგიონში არსებული პოლიტიკური თუ ეთნიკური კონფლიქტების გამო. არადა, როგორც აზერბაიჯანელ ეკონომისტებს, ასევე ქართველ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რეგიონის საერთო ბაზარი უცხოური ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე მხოლოდ ორი ქვეყნისა. ეკონომიკის ექსპერტის ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, სამხრეთ კავკასიაში უამრავი ერთობლივი ეკონომიკური პროექტის განხორციელების პერსპექტივაა:

[ალექსანდრე თვალჭრელიძის ხმა] "ეკონომიკურმა პრაგმატიზმმა უნდა პოლიტიკური ინტეგრიზმი დაძლიოს. საბედნიეროდ, ღმერთმა ისე განალაგა რესურსები ჩვენი სამი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომ ისინი ერთმანეთის კონკურენციაში კი არ შედიან, არამედ ერთმანეთს ავსებენ. მაგალითად, სომხური ოქრო ხელს არ უშლის ქართულ მარგანეცს და აზერბაიჯანულ ნავთობს..."

ამ დიდი შესაძლებლობების რეალიზებამდე, რაც რეგიონის შიგნით არსებულ პოლიტიკურ წინააღმდეგობათა დაძლევასთანაა დაკავშირებული, ბაზრების ინტეგრირებამდე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემების არმქონე საქართველოსა და აზერბაიჯანსაც კი უამრავი ბარიერი აქვთ გადასალახავი.
XS
SM
MD
LG