Accessibility links

დამალული გადასახადების ნაწილობრივმა "გამომზეურებამ" ბიუჯეტი ახეირა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის მთავარი და, ამავდროულად, სასიამოვნო სიახლე გახლდათ ის, რომ ახლად ფორმირებულმა მთავრობამ თავისი პირველი სამუშაო თვე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებით დაასრულა.

თუმცა ამ შემთხვევაში მთავრობის ახალი სახეების წვლილი, ალბათ, ნაკლებია და საბიუჯეტო წარმატება, ძირითადად, ეკონომიკური სუბიექტების მხრიდან გადასახადების გადახდის პროცესის დაწყებას უნდა მიეწეროს. გახმაურებულმა დაჭერებმა, ფინანსური ამნისტიის მოლოდინმა დამალული გადასახადების "გამომზეურება" გამოიწვია.
ასეა თუ ისე, ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, თებერვლის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იანვარ-თებერვალში 106 პროცენტით არის შესრულებული და ორ თვეში, საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, 10 362 200 ლარით მეტია მობილიზებული; გასული წლის თებერვალთან შედარებით კი, ბიუჯეტში 16 553 400 ლარით მეტია შემოსული. იმის გათვალისწინებით, რომ გაუქმებულია 20 მილიონი ლარის ღირებულების ყალბი აქტივი და 15 მილიონი ლარით შემცირებულია წინასწარი გადასახადები, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის რეალური მაჩვენებელი დაახლოებით 85 მილიონ ლარს გაუტოლდება.

აღსანიშნავია, რომ თებერვალშიც გაგრძელდა ის პოზიტიური ტენდენცია, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში დაფიქსირდა და რომელიც აჭარიდან ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ნაწილის გადმორიცხვას ეხება. მას შემდეგ, რაც ცენტრმა სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად თანხები გადაურიცხა, ბათუმმა ცენტრალური ბიუჯეტისთვის 1,9 მილიონი ლარი "გამოიმეტა". რა თქმა უნდა, ეს მთელი ის თანხა არ არის, რომელიც ცენტრს რეგიონიდან ეკუთვნის, მაგრამ თავად ტენდენცია, ხელისუფლების აზრით, ორწლიანი "საბიუჯეტო სეპარატიზმის" დასასრულის დასაწყისად უნდა აღვიქვათ.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტონომიურ რესპუბლიკასთან არსებულმა ხანგრძლივმა ფინანსურმა დაძაბულობამ "მოგვარება დაიწყო", თუმცა აქვე ფრთხილობენ და შენიშნავენ, რომ აჭარიდან თანხის გადმორიცხვა პრობლემის საბოლოო მოგვარებას სულაც არ ნიშნავს. მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულების სასიამოვნო პრეცედენტისა, ექსპერტები 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო შესრულებასთან დაკავშირებით მაინც საკმაოდ ფრთხილ პროგნოზებს აკეთებენ, რის მთავარ მიზეზად საბიუჯეტო მოწყობის ძველი პრინციპები სახელდება.
საგადასახადო ადმინისტრირების შედარებითმა გაუმჯობესებამ და ბიუჯეტში გაჩენილმა ფულმა, ასევე ეკონომიკის ნაწილობრივი ლეგალიზაციის პროცესის დაწყებამ და ეკონომიკურ სუბიექტთა მხრიდან ერთგვარი მოლოდინის პოლიტიკამ, საფინანსო ბაზარზეც მოახდინა გავლენა და გასულ კვირას ლარმა რეკორდული გამყარება დაიწყო, კვირის ბოლოს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე 1 აშშ დოლარის ფასმა 1,90 ლარი შეადგინა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტისათვის ყველაზე მაღალი მაჩვენებლია. სავალუტო სივრცეში განვითარებულ მოვლენებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში. ეკონომიკური ექსპერტები აცხადებენ, რომ ლარის გამყარების ტენდენცია დროებითი მოვლენაა და იგი რიგი ფაქტორებით აიხსნება. ეკონომიკის ნაწილობრივი ლეგალიზაციის გარდა, ლარის გამყარებას ისიც უწყობს ხელს, რომ ახალ პირობებში ხელისუფლებამ ახალი თამაშის წესები შესთავაზა ეკონომიკურ სუბიექტებს, იმპორტიორებმა მოლოდინის პოზიცია აირჩიეს და იმპორტმა საგრძნობლად იკლო, ანუ შემცირდა აშშ დოლარზე მოთხოვნა და ვალუტის ქვეყნიდან გადინება. გარდა ამისა, სანამ ქვეყანას არ ექნება ბიუჯეტი, კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ხარჯების გაწევა გასული წლის ერთი მეთორმეტედის დონეზე შეუძლია, ანუ ბიუჯეტი შეიძლება გადაჭარბებით შეასრულო, მაგრამ მთავრობის დეპოზიტებზე მობილიზებული თანხებით ხარჯების სრული გაწევა შეზღუდულია, შესაბამისად, ლარის მასა მთლიანად ვერ ხვდება ბაზარზე, რაც მის დეფიციტს და გამყარების წინაპირობას ქმნის. ლარი, მართალია, რეკორდულად გამყარდა, მაგრამ სამომხმარებლო ბაზარზე ამას რაიმე ცვლილება არ გამოუწვევია. ამასთან, მოკლევადიან პერიოდში ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ამ ტენდენციას რაიმე სერიოზული გავლენის მოხდენა არ შეუძლია; თანაც, ლარის რეალური გაცვლითი კურსი გასულ წელს ინფლაციას განიცდიდა და, შესაბამისად, ექპორტის გაძვირების საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს.
რაც შეეხება ექსპერტთა მოსაზრებას ლარის შემდგომ გამყარებასთან დაკავშირებით, ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობის დეპოზიტებზე არსებული ლარი, დაგროვილი საპენსიო დავალიანებების გასტუმრების ხარჯზე, ბაზარზე გამოჩნდება, ლარზე მოთხოვნა შემცირდება და კურსიც პროგნოზირებად პარამეტრს დაუბრუნდება. ანუ, ექსპერტთა შეფასებით, ბალანსი აღდგება და რაიმე რეციდივს ამ კუთხით არ უნდა ველოდეთ.
XS
SM
MD
LG