Accessibility links

logo-print

ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორების მისია საქართველოში


ამერიკელი და თურქი სამხედრო ინსტრუქტორების გარდა,

ერთი კვირის წინ საქართველოში ბრიტანელი სამხედრო სპეციალისტებიც გამოჩნდნენ. ექვსკაციანმა ჯგუფმა, რომლის ყველა წევრსაც დაბალი ინტენსივობის საერთაშორისო კონფლიქტებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე პირველი ქართველი ინსტრუქტორების მომზადება დაიწყო. თუ პროექტი გაამართლებს, მაშინ ბრიტანელთა მიერ მომზადებული ინსტრუქტორები უკვე დამოუკიდებლად შეძლებენ მსგავსი ტრენინგების ჩატარებას ქართველი სამხედროებისათვის. კონფლიქტური კერები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ხომ თავისთავად ზრდის მოთხოვნილებას პროფესიონალ მშვიდობისდამცველებზე.

საქართველოს ხელისუფლებამ ბრიტანელი ინსტრუქტორების მოწვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აღმოჩნდა, რომ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული ქართველი პროფესიონალი ჯარისკაცები სტაციონარულ სამხედრო ნაწილებში დაბრუნების შემდეგ, ინტენსიური წვრთნისათვის საჭირო მატერიალური საშუალებების მწვავე დეფიციტის გამო, თანდათან კარგავენ მიღებულ გამოცდილებას. თანაც, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ბალკანეთზე, შარშანდელი წლიდან კი - ერაყში, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჯერჯერობით არ არსებობს სპეციალიზებული სამშვიდობო ბრიგადა, სადაც საერთაშორისო კონფლიქტებში მიღებული ცოდნის აკუმულირება მოხდება.
ცხადია, ბრიტანელ ინსტრუქტორთა ექვსკაციანი ჯგუფი ვერ გააკეთებს საქართველოს ხელისუფლების გასაკეთებელ საქმეს, მაგრამ მაიორი ტიმ რობი და მისი თანამებრძოლები ექვსი კვირის მანძილზე მოამზადებენ 49 ქართველ ინსტრუქტორს, რომლებიც უკვე თავადვე უხელმძღვანელებენ ქართველი მშვიდობისდამცველების მომზადების პროცესს. მაიორი ტიმ რობი, რომელმაც პარასკევს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გვიმასპინძლა, დარწმუნებულია, რომ ბრიტანული მეთოდი უნიკალურია სხვადასხვა პროფილის სამხედრო ქვედანაყოფისათვის.

[მაიორ ტიმ რობის ხმა] "ჩვენ ყველანი მოქმედი სამხედროები ვართ და ამ სფეროში მოღვაწეობის საკმაო გამოცდილება გვაქვს: მე შარშან ვიყავი ერაყში, ჩემი ჯარისკაცები კი ნამყოფები არიან ჩრდილოეთ ირლანდიაში, ავღანეთსა და ბალკანეთზე. ჩვენი სწავლების მეთოდი დაფუძნებულია ბრიტანულ გამოცდილებაზე, რასაც იყენებენ გაეროსა და ნატოს ოპერაციებში. მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ სამშვიდობო გამოცდილებას შევასწავლით ქართველ სამხედროებს, არამედ გავატარებთ მათ კაპრალების და სერჟანტების მომზადების კურსსაც, ვავარჯიშებთ საცეცხლე მომზადებაში."


ბრიტანეთის მთავრობამ ქართველ ინსტრუქტორთა მომზადების პროგრამის დასაფინანსებლად 50 ათასი დოლარი გამოყო, ძირითადად, ქართველი და ბრიტანელი ჯარისკაცების მივლინებისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად. პროგრამის ფარგლებში, თავდაპირველად გასულ ზაფხულს ქართველი ოფიცერი ჩეხეთის ქალაქ ვიშკოვოში გაემგზავრა, სადაც ბრიტანელების მიერ დაფუძნებული სამშვიდობო ოპერაციების ცენტრი არსებობს. ჩეხეთში ერთდროულად 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადიოდა მომზადებას. ამ ჯგუფში იყო ლეიტენანტი ლაშა ჭანჭალეიშვილი, რომელიც ჩეხეთში მიღებულ გამოცდილებას უნიკალურს უწოდებს.

[ლაშა ჭანჭალეიშვილის ხმა] "ეს იყო, კერძოდ, ვიშკოვოს აკადემიის ბაზაზე. ყველაფერი ხუთიანზე შესრულდა. იყო ძალიან კარგი პირობები, კვირის განმავლობაში ერთი დღე იყო თეორიული, მეორე -პრაქტიკული."

ბრიტანელ ინსტრუქტორებს საქართველოში დახვდათ 49 კაციანი კონტინგენტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ კოსოვოში ნამყოფი სამხედროებისა და "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული პირადი შემადგენლობისგან შეირჩა. წვრთნები კი ტარდება გაუქმებული ჰაუპტვახტის ტერიტორიაზე, რომელიც ისე საგულდაგულოდ არის დანგრეული და გაძარცული ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან, რომ ძალიან წააგავს პოსტკონფლიქტურ დასახლებულ პუნქტს. ამ ნანგრევებში მოწყობილ სასწავლო წერტილებზე 49 ქართველ ოფიცერსა და სერჟანტს შორის ერთი ქალიც იმყოფება - ლეიტენანტი ია კაპანაძე, რომელიც პროგრამაში კონკურსით ჩაირიცხა. იას არ ეხამუშება ავტომატით ხელში მამაკაცების გვერდით დგომა, რადგან ფიქრობს, რომ იგი მშვიდობის დასაცავად ემზადება:

[ია კაპანაძის ხმა] "აი, ამ კაცებთან ერთად ავტომატით ხელში მე გავდივარ იმ სწავლებას, რაც საჭიროა მთელ მსოფლიოში - მშვიდობის დაცვა."

ბრიტანელ ინსტრუქტორებს და მათ ქართველ შეგირდებს თეორიული მომზადების შემდეგ საკმაოდ ინტენსიური პრაქტიკული ვარჯიში ელოდებათ - მანქანების ჩხრეკა, მოქმედება დასახლებულ პუნქტებში, საკონტროლო გამშვები პუნქტების ორგანიზება, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ჰუმანიტარული ტვირთების თანხლება. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, სერჟანტ ენდრიუ ვარნის თქმით, ქართველი და ბრიტანელი სამხედროების ურთიერთობა მხოლოდ პოლიგონით არ შემოიფარგლება. კვირის ბოლოს მათ პირველი საერთო განტვირთვის დღე დაგეგმეს.

[ენდრიუ ვარნის ხამ] "შაბათს მე, ლაშა და რამდენიმე ქართველი ინსტრუქტორი ვაპირებთ რუსეთ-საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრაზე წასვლას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ მატჩს. მე, რა თქმა უნდა, საქართველოს ვუქომაგებ."

სერჟანტ ენდრიუ ვარნის მხარდაჭერას ამაოდ არ ჩაუვლია. ქართველმა მორაგბეებმა შაბათს რთულ მატჩში სძლიეს რუსეთის ეროვნულ ნაკრებს. რაც შეეხება ბრიტანელი ინსტრუქტორების ქართველ შეგირდებს, ორი კვირის შემდეგ ისინი პირველ საჩვენებელ წვრთნას გამართავენ ვაზიანის პოლიგონზე, რომელიც სულ მალე პირველი ქართული სამშვიდობო ბატალიონის მუდმივი დისლოკაციის ადგილად იქცევა.
XS
SM
MD
LG