Accessibility links

logo-print

ამას წინათ "ცისფერ გალერეაში" მოეწყო გამოფენა, რომელმაც


ამას წინათ "ცისფერ გალერეაში" მოეწყო გამოფენა, რომელმაც,

პირველად ქართული კულტურის ისტორიაში, ერთი ოჯახის ოთხი თაობის წარმომადგენლები გააერთიანა - თენგიზ მირზაშვილი, რომელსაც გამოფენის გახსნის დღეს 70 წელი შეუსრულდა, მისი მეუღლე მანანა თავაძე, მხატვრის ქალიშვილი ნატო მირზაშვილი (ნატომ თეატრალური კოსტიუმების ესკიზები წარმოადგინა), თენგიზ მირზაშვილის შვილიშვილები - ირაკლი მირზაშვილი და გიორგი კიკნაძე და თენგიზ მირზაშვილის მშობლები - რეზო და სოფიო მირზაშვილები. მიუხედავად ქართულ "კულტურულ წრეებში" გავრცელებული მოსაზრებისა, რომ თითქოს თენგიზ მირზაშვილის ნამუშევრები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ამ ჯგუფურ თუ საოჯახო გამოფენაზე სწორედ თენგიზ მირზაშვილმა, იმავე "ჩუბჩიკამ", გააკვირვა ყველაზე მეტად დამთვალიერებლები... მას დღეს ახალი ტექნოლოგიები ხიბლავს - ციფრული ბეჭდვა; გამოფენაზე ციფრულ ოფსეტურ სტამბა "დეგაპრინტში" თენგიზ მირზაშვილის დაბეჭდილი რეპროდუქციები იყო წარმოდგენილი. ჩვენთან საუბარში თენგიზ მირზაშვილის გატაცება ახალი ტექნოლოგიებით მხატვრის შვილმა, ასევე მხატვარმა და მწერალმა, გიორგი მირზაშვილმა ასე ახსნა:

[გია მირზაშვილის ხმა]: "ყველაფერი აინტერესებს ამ კაცს, ერთ ადგილას არ ჩერდება."

მირზაშვილების ჯგუფური გამოფენის კიდევ ერთი სიურპრიზი - "ამდენი" მირზაშვილის ნამუშევრების გვერდით ვერ ვიხილეთ თავად გიორგი მირზაშვილის სურათები... ეს მაშინ, როცა გიორგი მირზაშვილი აქტიურად მონაწილეობს თბილისის სამხატვრო ცხოვრებაში... უფრო მეტიც, გიორგიმ გასული ორი წლის მანძილზე რამდენიმე წიგნიც გამოსცა. ლევან ბერძენიშვილმა მირზაშვილი-პოეტი "ახალ აპოლინერად" მონათლა, მირზაშვილ-მხატვარს ხელოვნებათმცოდნეებმა "ახალი მოდერნისტი", "ნეოიმპრესიონისტი" უწოდეს... და იგი არათუ არ გამოიფინა "საოჯახო ვერნისაჟზე", არამედ საერთოდ არ მისულა გამოფენაზე. უცხო, ვისაც გიორგი მირზაშვილის შესახებ მხოლოდ ყური მოუკრავს, მხატვრისა და პოეტის ასეთ საქციელს შეაფასებდა როგორც პროტესტს. ხოლო ვისაც გიორგის ლექსები ყურადღებით აქვს წაკითხული, კარგად იცნობს მის ფერწერას და, რაც ამ შემთხვევაში მთავარია, კარგად იცნობს გიორგი მირზაშვილს - ეს "უარი" არ გააკვირვებდა. გიორგი მირზაშვილი არ ცდილობს გაემიჯნოს "მირზაშვილების ტრადიციებს". ჩვენთან საუბარში იგი ადასტურებს, რომ თენგიზ მირზაშვილის შემოქმედებასთან ერთი რამ ნამდვილად აკავშირებს:

[გია მირზაშვილის ხმა] "ალბათ, დამოკიდებულება მხატვრობის მიმართ... რაღაც გადამღერება კი არ მოხდეს... რომ არ დაიკარგოს გარკვეული უშუალობა, რომ არ დაიკარგოს ნაღდი, პირველად რასაც შეიგრძნობ, ის გადმოიტანო ტილოზე."

თუმცა გიორგი მირზაშვილის სურათებს რომ უყურებ, ნამდვილად ვერ იტყვი, რომ შვილი მამის ხელწერას იზიარებს და, მით უმეტეს, რომ თენგიზ მირზაშვილის შემოქმედების "გამგრძელებელია"... როგორც ნინო დარბაისელი აღნიშნავს, გიორგი მირზაშვილის კრებულის, "მარშრუტი ნომერი ორმოცდარვას", შესავალში, თენგიზის ნატურმორტები "მინდვრის ყვავილებით" - თავისკენ გვიხმობს, შვილი კი ხატავს ყვავილებს, რომლის მსგავსი ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ყვავილებს ხატავს, მაგრამ თავის თავს "ურბანისტს" უწოდებს:

[გია მირზაშვილის ხმა] "განსხვავება ისაა, რომ მე, ალბათ, უფრო ურბანისტი ვარ, მას კი უფრო იტაცებს ბუნება, სოფელი."

განსხვავება ხასიათებშია: თენგიზ მირზაშვილი არის ყველგან, სადაც ხალხი თავს იყრის, გიორგი - მარტოა. მისი მხატვრობა - მარტოობის მხატვრობაა, მისი პოეზია კი, ისევ ნინო დარბაისელს თუ დავესესხებით, გაჯერებულია "შიზოიდური დისკურსით". ამ განსხვავებას გიორგი მირზაშვილიც აღიარებს:

[გია მირზაშვილის ხმა] "ის უფრო თანამედროვეა ჩემზე - კომპიუტერთან მეტი ურთიერთობა აქვს, მე საერთოდ არა მაქვს - ტემპით, რიტმით... ის უფრო კომუნიკაბელურია, თენგიზი, მე უფრო ჩაკეტილი ვარ." როცა არის გამოფენა ჩემი, თუ გადავწყვიტე, მთელი ძალისხმევით ვმოქმედებ, იმ დროს ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირს, მაგრამ ყოველდღიური კონტაქტისთვის ხალხთან მე მზად არა ვარ."

ასეთ ხალხს განსაკუთრებით უჭირს საქართველოში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და სადაც საზოგადოებრივი აზრი ძალიან ხშირად აფერხებს შემოქმედებას, თრგუნავს მხატვარს და აიძულებს იყოს ისეთი, როგორიც საზოგადოებას უნდა რომ იყოს. მაგრამ გიორგი მირზაშვილს, როგორც ჩანს, ნაკლებად აღელვებს საზოგადოებრივი აზრი, არ აღელვებს, რას იტყვიან მასზე "ელიტარულ წრეებში", როცა სახელოვანი მამის, დედის, ბაბუისა თუ ბებიის ერთობლივ გამოფენას არ დაესწრება. "ყურადღებით, მკითხველო, შენს წინაშე საოცრებაა" - გვაფრთხილებს ლევან ბერძენიშვილი, გიორგი მირზაშვილის ახალი წიგნის, "მშრალ ხიდის", შესავალში... და არა იმიტომ, რომ "საოცრებაა" გიორგი მირზაშვილის ლექსების რიტმი თუ სტრუქტურა, "საოცრებაა", ყოველ შემთხვევაში, ქართულ სოციუმში ნამდვილად საოცრებაა, თავად ავტორი, რომელსაც თითქოს საერთოდ არ შეხებია დღევანდელი ქართული კულტურის სენი - ზედაპირულობა, რომელიც ამბობს "ლექსიკონებში მიყვარს ქექვაო", ხმარობს სიტყვას, ყველაზე კარგად რომ ასახავს მის სტილს - "ქექვა":

[გია მირზაშვილის ხმა] "სინთეზურ რაღაცეებსაც ვაკეთებ, ლითონი, ხე, ზეთი, ზოგჯერ აკვარელში...ქაღალდის ფაქტურები მაინტერესებს, ლექსიკონებში ქექვა, თითქოს ისევ ბავშვობას ვუბრუნდები - როცა მკვეთრად აღიქვამ მოვლენას, ძალიან მომწონს."

გიორგი მირზაშვილისთვის, ეტყობა, მხატვრობიდან პოეზიის სამყაროში შეღწევაც "ბავშვობაში დაბრუნება" იყო. თავისი ლექსები პირველად უჩვენა ზაალ სამადაშვილსა და დავით მაღრაძეს, რომლებმაც 2002 წელს ჟურნალ "ქომაგში" დაბეჭდეს. ამის მერე გაზეთ "24 საათში" დაიწყო ბეჭდვა და, ბოლოს, თავისი წიგნები, უფრო სწორად, "პოეზიის ბროშურები", "ჯიბის წიგნებიც" დაბეჭდა:

[გია მირზაშვილის ხმა] "ადამიანი უნივერსალური არსებაა, მთავარია, რასაც გრძნობ, რამენაირი ფორმით გამოხატო - მოხდა აკუმულირება რაღაცების, ნოსტალგიის, ბავშვობის ეპიზოდების, დაგროვდა... არადა, ლექსი არასდროს არ დამიწერია. ეს ყველაფერი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მოხდა... ვწერდი ქაღალდის ნაგლეჯებზე, გარკვეულ წინადადებს ვწერდი და ვყრიდი ყუთში... იმაში ვაგროვებდი და, როცა ვიგრძენი, რომ რაღაც ენერგია დაგროვდა, ამოვიღე და დავამონტაჟე."

გიორგი მირზაშვილი თავის ლექსებს "მოზაიკურ პოეზიას" უწოდებს, ამბობს, რომ არ უყვარს ლექსის ფრაგმენტის კითხვა, რადგან მის მოზაიკაში ყველაფერი მთლიანია. ამიტომ რადიო "თავისუფლების" მსმენელისთვის ერთ ლექსს თავიდან ბოლომდე კითხულობს:

[გია მირზაშვილი კითხულობს ლექსს]

გიორგი მირზაშვილის ახალი წიგნი "რეკლამის შემდეგ" სულ რვაგვერდიანია. ორი გვერდი ეთმობა ვახუშტი კოტეტიშვილის შესავალს, გიორგის ლექსებს კი -მხოლოდ ოთხი... ოთხი ლექსია დაწერილი გასული წლის ნოემბრის დღეებში... კერძოდ, პირველი ლექსი, რომელიც იწყება ფრაზით "დღეს კარგი დღეა" და მთავრდება ფრაზით "იმედი ჩნდება" - 2003 წლის 7 ნოემბერს, ბოლო კი 2003 წლის 5 დეკემბერსაა დაწერილი- "ეჰ, რა მძიმედ ვარ/ ღვარძლი, რევანში, ტერორი/ კადრი ეკრანზე: კიბეზე სამეული"...

"ნოემბრის რევოლუციის" ამ თავისებურ ქრონიკაში, რომელიც მხოლოდ ოთხი პატარა ლექსისგან შედგება, ეიფორია ნელ-ნელა გადაიზრდება დეპრესიაში... თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ცალკეულ ფრაზებში ჩანს, რომელიც მე წაგიკითხეთ. გიორგი მირზაშვილს კი არ უყვარს თავისი ლექსების კითხვა ფრაგმენტების სახით.
XS
SM
MD
LG