Accessibility links

logo-print

იზოლირებული ლიბია მსოფლიო თანამეგობრობაში რეინტეგრაციას ესწრაფვის


ანდრო ეული, პრაღა ლიბია მიზამიმართულად ესწრაფვის საერთაშორისო თანამეგობრობაში დაბრუნებას.

ჯერ იყოდა, ტრიპოლიმ ლოქერბის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადა; მოგვიანებით კადაფიმ საჯაროდ გამოაცხადა, რომ სწყვეტს მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა პროგრამას. გარდა ამისა, ლიბიამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რათა სრულუფლებიანი წევრი გახდეს პარტნიორული შეთანხმებისა ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ქვეყნებს შორის. რამდენადაა მოსალოდნელი, რომ წლების მანძილზე იზოლირებული ლიბია მისაბაძი ნიმუში გახდეს სხვა ქვეყნებისთვის?


განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გამოაქვეყნა ევროპის კომისიამ ნათქვამია, რომ ლიბია საჭირო ზომებს მიიღებს ევროკავშირისა და ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ქვეყნების პარტნიორობაში, ანუ ბარსელონას პროცესში გასაწევრიანებლად.

ევროკომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ თქვა, რომ "მეტად თბილი" შეხვედრა ჰქონდა კადაფისთან ახლახან გამართულ თათბირზე, რომელშიც აფრიკის სახელმწიფოთა ლიდერები მონაწილეობდნენ.

ბრიტანელი ექსპერტის, რიჩარდ რივის აზრით, მუამარ კადაფის ნამდვილად სურს ურთიერთობათა გაუმჯობესება დანარჩენ მსოფლიოსთან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს, უწინარესად, თავად ლიბიის ინტერესებს მოუმსახურება [რიჩარდ რივის ხმა]: "ვფიქრობ ნამდვილად ესაჭიროება ლიბიას ინვესტიციები ეკონომიკაში, და ჭეშმარიტად სურს ეკონომიკური კავშირების გაფართოება დასავლეთთან. ჩემის აზრით, ასევე გულწრფელია ტრიპოლის გადაწყვეტილება - შეწყვიტოს ქვეყანაში არაკონვენციური შეიარაღების პროგრამები. ტერორიზმის მხარდაჭერით 80-იან წლებში, ლიბიამ ვერაფერი მოიგო, ხოლო ამჟამინდელ ვითარებაში, როცა შეერთებულ შტატებსა აქვს საბოლოო სიტყვა, ბირთვული თუ ქიმიური იარაღის შეექმნას აზრი არა აქვს".

იმაზე, რომ ტრიპოლიმ რადიკალურად შეცვალა თავისი პოზიცია, მეტყველებს ემნისტი ინტერნეშნალის ექსპერტთა ახლახან დამთავრებული ვიზიტი ლიბიაში. დელეგაციის წევრი სარა ჰამუდი კმაყოფილებას არ მალავს იმ გულთბილი მიღებით, რომელიც მასა და მის კოლეგებს მოუწყეს ლიბიაში
[სარა ჰამუდის ხმა]: "ჩვენ მეტად კმაყოფილი დავრჩით იმ უპრეცედენტო მიღებით, წილად რომ გვხვდა. მოგეხსენებათ, განვლილი 15 წლის მანძილზე ჩვენ არ შეგვეძლო ამ ქვეყანაში ჩასვლა. ხოლო ამჯერად, მოგვეცა შესაძლებლობა შევხვედროდით არა მარტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამეტდ პატიმრებსაც, რომლებსაც ცალ-ცალკე ჩამოვართვით ინტერვიუები".

ემნისტი ინტერნეშნელის ექსპერტები ესაუბრნენ მუამარ კადაფის, და როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა კლაუდიო კორდოუნმა აღნიშნა, ლიბიის ლიდერმა თქვა, რომ გაითვალისწინებს ექსპერტთა რეკომენდაციებს, რაც წერილობით საანგარიშო მოხსენებაშია ჩამოთვლილი.

საანგარიშო მოხსენებაში მძაფრი კრიტიკაა გამოთქმული კადაფის რეჟიმის მისამართით იმის გამო, რომ ლიბიაში დღემდე არაა გაუქმებული სიკვდილით დასჯა, შეზღუდულია პოლიტიკური საქმიანობა და ადგილი აქვს პატიმართა გაუჩინარებას.

გაურკვეველია, რამდენად სწრაფად შეასრულებს, ან გაითვალისწინებს საერთოდ, კადაფი, ემნისტი ინტერნეშნელის რეკომენდაციებს. თუმცა ბრიტანელი ექსპერტი რიჩარდ რივი მიიჩნევს, რომ ქებას იმსახურებს ლიბია თუნდაც იმისთვის, რომ ქვეყანაში ემნისტი ინტერნეიშნელის დელეგაცია მიიღო.

მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ დღეებში გადაწყვიტა ნაწილობრივ გააუქმოს ლიბიის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. ტრიპოლის მიეცემა უფლება განაახლოს დიპლომატიური საქმიანობა ვაშინგტონში. გარდა ამისა, გაუქმდება ლიბიაში მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვა, რაც მწვანე შუქს მისცემს ლიბიის ეკონომიკაში ამერიკელი ბიზნესმენების დასაქმებას.

ლიბია მიესალმა ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას, რასაც
ორმხრივ ურთიერთობათა გაუმჯობესების "კარგი დასაწყისი" უწოდა.

ხსენებული ძვრები ლიბია-დასავლეთის ურთიერთობაში სულ რაღაც, ორი-სამი თვის შუალედში მოხდა. მომავალი გვიჩვენებს, მართლაც გახდება თუ არა ლიბია მისაბაძი მაგალითი სხვა "არასაიმედო რეჟიმებისთვის", რომლებიც თავიანთი რეაბილიტაციით არიან დაინტერესებული.

რაც შეეხება წლების მანძილზე იზოლირებული ლიბიის მსოფლიო თანამეგობრობაში რეინტეგრაციის პერსპექტივას, რაზეც ბიძინა რამიშვილი საუბრობდა, მინდა მოვიხსენიო ჰააგიდან მიღებული ცნობა, რომლის თანახმად, 5 მარტს ლიბიამ, თავისი ქიმიური შეიარაღების მარაგის შესახებ ამომწურავი საანგარიშო მოხსენება წარუდგინა ჰოლანდიის დედაქალაქში დაფუძნებულ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რომელიც გაეროსთან თანამშრომლობს. როგორც ამ ორგანიზაციის გენერალუომა დირექტორმა როჯელიო ფირტერმა განაცხადა, თავის საანგარიშო მოხსენებაში ლიბია კისრულობს ვალდებულებას - ქვეყანაში არსებული მასობრივი განადგურების იარაღის მთლიანი ლიკვიდაცია მოახდინოს. მოხსენებაში ტრიპოლი აღიარებს, რომ ფლობს მომწამლავი გაზების ვეებერთელა მარაგს, რომლის განადგურებას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG