Accessibility links

აჭარის უშიშროების სამინისტრო - ცენტრისა და რეგიონის დაპირისპირების საგანი


მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს ჯაშუშური ორგანიზაცია უწოდა, ურთიერთობა ცენტრსა და რეგიონს შორის უკიდურესად გამწვავდა.

მიხეილ სააკაშვილი არ მალავს, რომ სურს საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს აჭარის ტერიტორია, სადაც სულ უფრო ძლიერდებიან ქვეყნის პრეზიდენტის მომხრეები. თავის მხრივ, აჭარის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე უარის თქმას არც რეგიონის ლიდერი ასლან აბაშიძე აპირებს. თანაც, ბათუმში სჯერათ, რომ ეს არის წინასაარჩევნო ვერბალური დაპირისპირება და იგი ცენტრსა და რეგიონს შორის სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.


ჯერ კიდევ 25 იანვარს, ინაუგურაციის დღეს,მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ნავსადგურში გამართული აღლუმით აგრძნობინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერს ასლან აბაშიძეს, რომ ახალი პრეზიდენტი ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა დუბლირებას წერტილს დაუსვამდა. "ქვეყანას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი უმაღლესი მთავარსარდალი და ეს მთავარსარდალი მე ვარ,"- განაცხადა გასული კვირის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა. ქვეყნის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ავტონომიურ ფორმირებებს საქართველოში არ სჭირდებათ ცალკე უშიშროების სამინისტრო.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ აჭარისა და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უშიშროების სამინისტროს გაუქმების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტი პარლამენტში ორი კვირის წინ შევიდა, მაგრამ მაშინ ამ საკითხის განხილვა ყოველგვარი ხმაურის გარეშე გადაიდო. საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც აჭარაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების დარბევა ადგილობრივი უშიშროების სამინისტროს თანაშრომლებს დაბრალდათ. საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყნის უშიშროება არის ცენტრალური ხელისუფლების განმგებლობის საგანი, მაშინ როცა აჭარის უშიშროების სამინისტრო ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილად იქცა და მასზე კონტროლი ცენტრის მხრიდან ნომინალურია.

[გიგი უგულავას ხმა] "ჩვენ არ ვაპირებთ ამის მოთმენას და ასეთი ფორმით თანამშრომლობას. სწორედ ამას ითვალისწინებს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომ სპეცსამსახური დაემსგავსოს სპეცსამსახურს და არა რაღაც რეგიონული ინტერესის გამტარებელ ორგანოს."

თუმცა აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე არ იზიარებს საკითხის ასე დასმას და არ მიიჩნევს, რომ უშიშროება მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების განმგებლობას განეკუთვნება. საქართველოს პრეზიდენტის პასუხად კი ასლან აბაშიძე აცხადებს, რომ იგი აჭარის კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებს, რომელიც არ უკრძალავს აჭარის ხელმძღვანელობას იყოლიოს ცენტრისაგან განსხვავებული აღმასრულებელი სტრუქტურები. მაგალითისთვის, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს არ მოუხდენია ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაცია ახალი საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ერთი თვის წინ დაამტკიცა.

საერთოდ, აჭარაში ზედმეტი ემოციის გარეშე აღიქვამენ პრეზიდენტის მწვავე განცხადებებს აჭარის უშიშროების სამინისტროს გაუქმების თაობაზე. თბილისში აჭარის წარმომადგენელი ჰამლეტ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ასლან აბაშიძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობას ყურში მოჩურჩულე ხალხი ძაბავს.

[ჰამლეტ ჭიპაშვილს ხმა] "ალბათ, კიდევ ერთხელ წასჩურჩულა ვიღაცამ ბატონ მიხეილს, რომ, აი, იქ ვიღაც წინააღმდეგია და ასე შემდეგ. და იქაც, ბათუმშიც, ძალიან ბევრია ანალოგიური კატეგორიის ხალხი. იქაც წასჩურჩულეს[ასლანს], რომ, აი, იმათ უნდათ გაუქმება და თქვენ რატომ არაფერს ამბობთ და ასე შემდეგ."

თუმცა, ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს კანონგარეშე სტრუქტურად გამოცხადების შემდეგ, ძნელი სათქმელია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უკან წაიღოს საკუთარი სიტყვები. მით უფრო, რომ როგორც ორშაბათს უშიშროების საბჭოს მდივანმა ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის შევარდნაძე და იგი აუცილებლად შეასრულებს თავის ნათქვამს.
XS
SM
MD
LG