Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ დღეებში 30 წელი გავიდა რუსი-საბჭოთა რეჟისორის ტატიანა ლიოზნოვას ტელესერიალის


ამ დღეებში 30 წელი გავიდა რუსი-საბჭოთა რეჟისორის ტატიანა ლიოზნოვას ტელესერიალის,

"გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების", პრემიერიდან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ "შტირლიცის თავგადასავალი", იდეოლოგიური თვალსაზრისით, მოძველებულად გამოცხადდა, მაგრამ დღეს რუსეთის ტელეარხები სისტემატურად იმეორებენ ლიოზნოვას სერიალს - "ჩვიდმეტი გაელვების" რეიტინგი კვლავაც ძალიან მაღალია. უფრო მეტიც, ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ტელესერიალის მიმართ ნოსტალგია საქართველოშიც შეიმჩნევა. რამ განაპირობა "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების" ასეთი პოპულარობა?

1973 წლის 31 დეკემბერს ცენტრალურმა ტელევიზიამ უძრაობის ხანისთვის საკმაოდ უჩვეულო გადაცემა შესთავაზა საბჭოთა მაყურებელს - სტუდიაში მოიწვიეს საერთაშორისო მიმომხილველები, პარტიული ჩინოვნიკები, ინტელიგენცია, რა თქმა უნდა, მუშები და კოლმეურნეები, პენსიონერები, რომელთაც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა დაესახელებინათ. ზოგმა აქ ბრეჟნევის ვიზიტი გაიხსენა შეერთებულ შტატებში, ზოგმა საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების ხელშეკრულება ბირთვული ომის თავიდან აცილების შესახებ, ზოგმა კი დრეზდენის გალერეის შედევრების გამოფენა ერმიტაჟში. თუმცა უმრავლესობამ წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად პირველი საბჭოთა ტელესერიალის, რეჟისორ ტატიანა ლიოზნოვასა და მწერალ იულიან სიმონოვის თორმეტი ფილმის, "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების", პრემიერა დაასახელა. მართალია, გადაცემა, სახელწოდებით "წლის შედეგების შეჯამება", პირდაპირ ეთერში არ გასულა, ცენტრალურმა ტელევიზიამ ვერ გაბედა რაიმე ცვლილება შეეტანა ამ გამოკითხვაში. საახალწლო გადაცემის ეთერში გასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე ხომ მოსახლეობა გაეცნო გაზეთ "სოვეტსკაი როსიაში" გამოქვეყნებულ გამოკითხვას, რომლის შედეგებით, "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" 80-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა. საბჭოთა დაზვერვის ლეიტენანტის საგმირო საქმეებმა აღაფრთოვანა არამარტო რუსები. ლატვიის რუსულენოვანი გაზეთის, "გოლოს რიგის", ინფორმაციით, რიგის ელექტროენერგიის განმანაწილებელმა სადგურმა "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების" ჩვენების დროს, 19 საათსა და 45 წუთზე, საკონტროლო მანიშნებლების სარეკორდო მონაცემი აღბეჭდა - რესპუბლიკის მოსახლეობა ამ დროს ტელევიზორებს რთავდა. პირველი სერიის ეთერში გასვლის შემდეგ სურათის ავტორებმა ერთი და იმავე შინაარსის წერილები მიიღეს, წერილები კითხვით: "ჰყავდა თუ არა ფილმის გმირს, საბჭოთა მზვერავ მაქსიმ ისაევს (იმავე შტირლიცს), რეალური პროტოტიპი". შტირლიცით აღფრთოვანებამ სრულიად დაჩრდილა ლიოზნოვას ფილმში გამოხატული საბჭოთა დაზვერვის მოღვაწეობა, იმდენად, რომ გაზეთმა "პრავდამ" რეცენზიაც კი გამოაქვეყნა ლიოზნოვას ფილმზე, რომელშიც მაყურებელს არწმუნებდა, რომ პოლკოვნიკი ისაევი არა კონკრეტული მზვერავის, არამედ, საბჭოთა დაზვერვის ზოგადი სახეა. მაგრამ "პრავდის" წერილმა არაფერი შეცვალა - 70-იანი წლების საზოგადოება სწორედ ტიხონოვ-შტირლიცის პერსონაჟით იყო მოხიბლული. შტირლიცის გამჭრიახი გონება მაყურებელს კომფორტის გრძნობას უქმნიდა, რასაც ტელეფილმის აღქმის სპეციფიკაც ამძაფრებდა - იგი "ლივლივებდა" თავის სავარძელში, 70-იანი წლების საბჭოთა მაყურებელი, და ტკბებოდა მიქაელ ტარივერდიევის მუსიკით, რომელიც დროებით მაინც ფარავდა უძრაობის ეპოქის ჭაობში ბაყაყების ყიყინს [მუსიკა].

30 წლის წინ, როცა საბჭოთა მაყურებელმა ტელეეკრანზე პირველად იხილა "სამამულო წარმოების" სერიალი, პირდაპირი ეთერი, ეგრეთ წოდებული "ცოცხალი ეთერი", არ არსებობდა (თუ, რა თქმა უნდა, პროგრამა "ვრემიას" არ ჩავთვლით). ამ ტელესერიალმა, როგორც ჩანს, სწორედ პირდაპირი რეპორტაჟის ილუზია შექმნა, მით უმეტეს, რომ მთელი სერიალი, კარგი სატელევიზიო რეპორტაჟის მსგავსად, "დაძაბულობის ზრდის" პრინციპზე იყო აგებული. რეპორტაჟის ილუზიას ქმნიდა დროის რეალური მასშტაბები, ე.ი. მოქმედების თითქმის ზუსტი დამთხვევა რეალურ დროსთან. მაყურებელს წარმოუდგინეს თავისებური გადაცემა მოქმედების ადგილიდან, რეპორტაჟი წარსულიდან, თანაარსებობის ეფექტით. მაყურებელს წარმოუდგინეს სამყარო, რომელიც იმ დროის ხელოვნებაში აღარ აისახებოდა ობიექტურად, ე.ი. "რეპორტაჟულად". საგულისხმოა, რომ "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების" პრემიერას წინ უძღოდა ახალი ომის დაწყება ისრაელსა და არაბეთის იმ ქვეყნებს შორის, რომლის ხელისუფლებას საბჭოთა მთავრობა აკონტროლებდა. ამ ომმა ააგორა ანტისემიტიზმის ახალი ტალღა, რასაც მოჰყვა ყველა იმ ფილმის აკრძალვა, რომელშიც თუნდაც მხოლოდ სიტყვა "ებრაელი" იყო ნახსენები. "ჩვიდმეტი გაელვების" პრემიერამდე აიკრძალა ტატიანა ლიოზნოვას მასწავლებლის, მიხაილ რომის, "ჩვეულებრივი ფაშიზმიც" - ისტორიის რეპორტაჟი... ლიოზნოვას ფილმი ძალზე საინტერესოდ "ჩაენაცვლა" რომის შედევრს. 1974 წელს გამოქვეყნებულ ერთ წერილში, რომელიც ლიოზნოვას ფილმს მიეძღვნა, რეცენზენტი წერდა: "აქ ხომ არც ისვრიან, არც სასიყვარულო ამბავია მთავარი, მაშ რატომ უყურებს "გაზაფხულის 17 გაელვებას" ასეთი ინტერესით ჩვენი მაყურებელი?". და თავად უპასუხებს ამ კითხვას: "იმიტომ, რომ აქ წარსულია გამოხატული, წარსული, რომელსაც ყოველი ჩვენგანი საკუთარ გულში ატარებს. წარსული, რომლისაც ჩვენ გვჯერა."

მაგრამ ლიოზნოვას სერიალში არა იმდენად წარსული, რამდენადაც უფრო მომავალი იხატება... შეიძლება ვივარაუდოთ კიდეც, რომ ამ ფილმში მაყურებელი მომავლის სახეს "მიეჯაჭვა". პირველი სერიის პროლოგს თან ახლავს ტიტრი "სამ თვეში ფაშიზმი დამარცხდება". ეს ხომ ისედაც ყველამ იცოდა, რა საჭირო იყო კიდევ ერთხელ ხაზგასმა? ან რას ნიშნავს სერიალში ჩართული გერინგის მოხსენება, რომელშიც ლაპარაკია კრიზისზე, პრობლემებზე, მოხსენება, რომელშიც გერინგი გადაკვრით აღნიშნავს გერმანიის მოსალოდნელი დამარცხების შესახებ?..

"გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებაში" შტირლიცი ერთხელ ამბობს: "ძალიან გულუბრყვილო და უცოდინარი კაცი თუ იფიქრებს, რომ ბერლინში, თუნდაც 1945 წელს, შეიძლება შეუმჩნეველი დარჩე ვინმეს.. გიმლერის აპარატი უშეცდომოდ, ორგანიზებულად აგრძელებდა მუშაობას მაშინაც კი, როცა გერმანია უკანდახევის ქაოსმა მოიცვა". ეს ფრაზა გამოხატავს არსს ფილმისა, რომელიც მთლიანად ტოტალიტარული სახელმწიფოს სახეს წარმოაჩენს... სახელმწიფოს - დევნისა და თვალთვალის თავისი ფანტასტიკური დეპარტამენტებით. ტატიანა ლიოზნოვას ფილმის თავისებურება, პირველ რიგში, ადამიანთა ურთიერთობის განსხვავებული გამოხატვაა; ურთიერთობები, კონტაქტები აქ შენიღბულია, ფარული, დამალული. ისტორია და ადამიანთა ცხოვრება კაბინეტებში იგეგმება და ბიუროკრატიული აპარატის მეშვეობით ხორციელდება, მაგრამ სწორედაც იმიტომ, რომ იერარქიული ბიუროკრატული მექანიზმი უსახოა, ადამიანურობას მოკლებული, ამ მანქანის დაზიანება შესაძლებელია. ამისათვის უნდა იცოდე მექანიზმის ყველა ჭანჭიკი, ტოტალიტარული სისტემის მოწყობილობა. ამისათვის საკმარისია გქონდეს ნებისყოფა და ნება, გახრჩობდეს თავისუფლების წყურვილი, რათა ფანტასტიკური მექანიზმის მოძრაობას მიმართულება შეუცვალო. სწორედ ეს უნდა იყოს შტირლიცის პოპულარობის მიზეზიც. შტირლიცი არ არის ჯეიმს ბონდი... ფიზიკურად, არ არის სუპერმენი, მაგრამ ძალიან ჭკვიანია, ანუ "აქვს" ის, რაც ყველაზე მეტად ფასობს 70-იანი წლების საბჭოთა კულტურულ სივრცეში.

გამოდის, რომ "გაზაფხულის ჩვიდმეტმა გაელვებამ" 70-იანი წლების საზოგადოების განწყობილება გამოხატა. ფაქტობრივად, ეს იყო ხალხის სოციალური დაკვეთა, იმის აღიარება, რომ ისტორია, სახელმწიფო, საკუთარი ბედიც კი შეგიძლია მოატყუო, "გააცურო"... "ხერხი სჯობია ღონესას" პრონციპით. ამას მხოლოდ გამჭრიახი გონება და საჭირო ინფორმაციის ფლობა სჭირდება. მოგვიანებით, გორბაჩოვის ეპოქაში, კინოკრიტიკოსები "გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებას" უძრაობის ხანის სიმბოლოდ აღიარებენ. ერთი რუსი ჟურნალისტი იტყვის კიდეც: "უძრაობა ხომ მოძრაობის იმიტაციის შექმნაა თავისებურ განსასვენებელში, სადაც უპირატესობა ენიჭება არა ქმედებას, არა საქციელს, არამედ ჭკუას, გონებას." შეიძლება ითქვას, რომ უძრაობის ეპოქა ისევ პოპულარულს ხდის ივანუშკა-დურაჩოკებს და ნაცარქექიებს, რაც ჯერ კიდევ 1980 წელს დაადასტურა აკაკი ბაქრაძემ, როცა წერდა: "დურაკობა" მხოლოდ მისტიფიკაცია ყოფილა, ნიღაბი ყოფილა ნამდვილი არსის დასამალავად, ასეთივე მისტიფიკაციაა, ნიღაბია ნაცარქექიას სიზარმაცე და ბაქიობაც. ჩვენს ზღაპრებში ნაცარქექია ყოველთვის გამარჯვებული გამოდის."

საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ტატიანა ლიოზნოვას სერიალზე ინტელექტუალებმა ძალიან ბევრი იქილიკეს. მაგრამ "საბაზრო ეკონომიკა" და ე.ი. შოუ-ბიზნესიც, მოგეხსენებათ, ინტელექტუალებისთვის არ იქმნება. "ჩვიდმეტ გაელვებაზე" მოთხოვნილება ყოფილ საბჭოთა სივრცეში კვლავ ძალიან დიდია, ამიტომ ლიოზნოვას ტელესერიალი ხშირად გადის ახლა უკვე "ყოფილ საბჭოთა ეთერში" ანუ ჩვენში ისევ ძლიერია უმოქმედობის, ტელევიზორთან სავარძელში ლივლივის, "უძრაობის" მოთხოვნილება, იმის რწმენა, რომ შეგიძლია არაფერი აკეთო, ნაცარში იქექო და ისე მიაღწიო გამარჯვებას, ე.ი. ბედნიერებას.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG