Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოეწონათ თუ არა საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთიდან 10 მარტს დაბრუნდება თბილისში. პარიზში გამართული შეხვედრების კონკრეტული შედეგებიც მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას,

რომ პარიზში ვიზიტი უჩვეულოდ ემოციური აღმოჩნდა. საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ორი დღის მანძილზე საქართველოს პრეზიდენტთან უშუალო ურთიერთობის საშუალება მიეცათ. მოეწონათ თუ არა ქართველი ემიგრანტების შთამომავლებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი?

თავიდანვე ვიტყვი: საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენელთა შთამომავლებს მიხეილ სააკაშვილი ძალიან მოეწონათ. ოთარ პატარიძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის ელისე პატარიძის ვაჟი, ორი დღის მანძილზე მიხეილ სააკაშვილის ყველა შეხვედრას დაესწრო - ლევილში ქართულ დიასპორასთანაც და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტებთანაც. ოთარ პატარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ ქართველებზე, არამედ ფრანგებზეც:
[ოთარ პატარიძის ხმა] " დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დიდი თავმდაბლობა გამოიჩინა. როგორც იცით, კარგი მოლაპარაკეა. როგორც იტყვიან, ტრიბუნია. მომზადებულია ამისთვის. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა არა მხოლოდ ჩვენს დიასპორაზე, არამედ საფრანგეთის სტუდენტებზე, ყველას კარგად უპასუხა - ბრწყინვალედ, ფრანგულად."
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის "მესიჯი" იმ ქართველი სტუდენტების მიმართ, ვინც ახლა საფრანგეთში სწავლობს, - ასეთნი კი საკმაოდ ბევრნი არიან, - ასე ჟღერს: დაბრუნდით საქართველოში, სადაც ცხოვრებისა და მუშაობისთვის მაქსიმალური პირობები შეგექმნებათ. რაც შეეხება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომელთა შორის მრავლად არიან მაღალი კლასის იურისტები, არქიტექტორები თუ ექიმები - მიხეილ სააკაშვილი მათაც ეპატიჟება საქართველოში. ქართველი ემიგრანტების შთამომავლებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისას საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა, ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი წამოჭრეს.
პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძის თქმით, საქართველოში ამ ორიოდე თვის წინ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მათთვის, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს წინაშე ან ვისი საქმიანობაც საქართველოს უშიშროებისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. თუმცა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მაინც ინდივიდუალური აქტია და არა მასობრივი. რა განსხვავებაა პრეზიდენტის მიერ მინიჭებულ საქართველოს მოქალაქეობასა და საპატიო მოქალაქეობას შორის? - ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, საპატიო მოქალაქეებს პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება არა აქვთ:
[ ვახტანგ ხმალაძის ხმა] " სხვა ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს სჭირდება ვიზა საქართველოში შემოსასვლელად - საქართველოს მოქალაქეს ეს ვიზა არ სჭირდება. არც საპატიო მოქალაქეს სჭირდება ვიზა, მაგრამ მას არა აქვს პოლიტიკური უფლებები, ანუ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ახალი წესის მიხედვით, ის, ვისაც პრეზიდენტი მიანიჭებს მოქალაქეობას, პოლიტიკურ უფლებებსაც იძენს."
ანუ პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე დღეს შეუძლია იმ ისტორიული უსამართლობის აღმოფხვრა, რაზეც ქართველი ემიგრანტების შთამომავლები საუბრობენ. ზოგიერთ მათგანს - მაგალითად, 90 წელს გადაცილებულ თამარ ალშიბაიას, მთელი ცხოვრება საფრანგეთში რომ გაატარა, დღემდე პრინციპულად არ მიუღია საფრანგეთის მოქალაქეობა და საქართველოს მოქალაქეობის მოლოდინში, დღესაც მოქალაქეობის არმქონე პირია.
XS
SM
MD
LG