Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ახსოვთ საქართველოში 1956 წლის 9 მარტის ტრაგედია


1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო სტალინის სახელის დაცვის მოთხოვნით თბილისში აგორებული გამოსვლები. დაღუპულებს და დაჭრილებს შორის უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ.

1956 წლის მარტის ტრაგედიას ადრინდელი სიმძაფრით დღეს მხოლოდ ამ ტრაგედიის შემსწრენიღა განიცდიან. საქართველოში იზრდება თაობა, რომელსაც ძნელია სრულყოფილი წარმოდგენა შეუქმნა იმაზე, თუ რას წარმოადგენდა საბჭოთა რეჟიმი, რატომ გამოვიდნენ 1996 წლის მარტში ახალგაზრდები კომუნისტი ბელადის სახელის დასაცავად ან რატომ ესროლეს მათ. რადენად და როგორ ახსოვთ საქართველოში 1996 წლის მარტის ტრაგედია?

1996 წლის თებერვალში, კომპარტიის მეოცე ყრილობის შემდეგ, ანტისტალინურმა კამპანიამ ისეთი შეფერილობა მიიღო, თითქოს სტალინის პერიოდის რეპრესიებს, გარკვეულწილად, დიქტატორის ქართული წარმომავლობა განაპირობებდა. სტალინის კრიტიკა საქართველოში ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღეს. 1956 წლის 3 მარტს თბილისში დაიწყო ახალგაზრდების გამოსვლები სტალინის სახელის დასაცავად. ამ გამოსვლებისას ადგილი არ ჰქონია ანტისაბჭოთა მოწოდებებს და მაინც 9 მარტს თბილისის ცენტრში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაუზუსტებელი მონაცემებით, დაიღუპა 100 და დაიჭრა 300 -მდე პირი, უმეტესად, ახალგაზრდები - დაახლოებით ასე მიეწოდება ახალ თაობას ინფორმაცია საბჭოთა პერიოდის საქართველოს ერთი ტრაგედიის შესახებ. საშუალო სკოლების ისტორიის სახელმძღვანელო ამ პერიოდის ფაქტებს რა ხანია ობიექტურად აღწერს და მოსწავლეებიც ფაქტების შესახებ ინფორმაციას ჩვეულებრივად, ყოველგვარი განსაკუთრებული დამოკიდებულების გარეშე იღებენ:

[ინგა თუთბერიძის ხმა] "რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება არ არის. განსაკუთრებული ინტერესი მაშინ მოდის, როცა თვითმხილველია მასწავლებელი და გაცილებით უფრო მეტს უყვება მოსწავლეებს. "

ეს იყო თბილისის 53-ე საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ინგა თუთბერიძე. ის ახალგაზრდაა, შესაბამისად, 1956 წლის მარტის ტრაგედიის თვითმხილველი არ არის, მის კოლეგას კოტე ჯაფარიძეს კი 56 წლის 9 მარტი გუშინდელივით ახსოვს და ამ დღეს დიდი ტკივილით იხსენებს ხოლმე, მათ შორის, საკუთარ მოსწავლეებთან ურთიერთობისას.

[კოტე ჯაფარიძის ხმა] "დღეს გახლავთ 9 მარტი. ბავშვებო, ჩემთვის 9 მარტი არის უდიდესი ტკივილი. 1996 წელს მე გახლდით მეთერთმეტე კლასში, ორ თვეში უნდა დამესრულებინა სკოლა. 5 მარტიდან ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩებში. "

შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა და, როგორც კოტე მასწავლებელი იხსენებს, მან და მისმა თანაკლასელებმა საშინელი ამბავი შეიტყვეს:

[კოტე ჯაფარიძის ხმა] "ჩვენი ორი კლასელი დაღუპულა. ერთი იყო ბიჭიკო მერკვილიშვილი, რომელსაც 23 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი მკერდის არეში და თავში, მეორეს - ერთი ტყვია და ისიც თავში. ჩვენ ძალიან განვიცადეთ, რაც მოხდა და იცით, რა იკადრეს კაციჭამია კომუნისტებმა? არც ერთი მიცვალებული არ გამოატანეს მშობლებს სახლში. "

რატომ მოხდა ასე, რისთვის ესროლეს ხალხს, ამას კოტე მასწავლებლის მოსწავლეები მაშინ გაიგებენ, როცა გაიზრდებიან. მანამდე საბჭოთა კავშირის შესახებ მათ იციან მხოლოდ ის, რომ ის იყო ძალიან ცუდი.

ეს იყო სოსო. ის და მისი თანატოლები სამშაბათს დააღონა მასწავლებლის მონათხრობმა, მასწავლებელმა კი მათ უთხრა, რომ დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია განმეორდეს ის, რაც დიდი ხნის წინ საბჭოთა რეალობაში ხდებოდა.
XS
SM
MD
LG