Accessibility links

logo-print

ქართველმა მძარცველებმა ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ბაზაზე შეაღწიეს


ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ხმაურიანი ანტიკრიმინალური ოპერაციების მიუხედავად, დამნაშავეთა სამყარო საქართველოს ხელისუფლებას ახალ-ახალ არასასიამოვნო სიურპრიზებს უწყობს.

4 მარტს პროფესიონალმა მძარცველებმა ყველაზე დახურულ სამხედრო ობიექტზე - "კრწანისის სასწავლო ცენტრის" ტერიტორიაზე შეაღწიეს და ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების კუთვნილი დიდი რაოდენობით თანხა და სამკაულები გაიტაცეს. სამშაბათს კი რადიო "თავისუფლებისათვის" ცნობილი გახდა ეროვნულ გვარდიაში 15 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ, რასაც თავდაცვის სამინისტროში საბოტაჟად აფასებენ. თუმცა ორივე დანაშაულის ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ სამხედრო ქონებისა და იარაღის შენახვის საქმე არ დგას სათანადო დონეზე შეიარაღებულ ძალებში.


150 ათასი დოლარი, პირადი ნივთები და სამკაულები - ასე გამოიყურება ნადავლი, რომელიც მძარცველებმა "წვრთნისა და აღჭურვის" ქართულ-ამერიკულ სასწავლო ცენტრზე თავდასხმის შემდეგ წაიღეს. თუმცა თავდასხმა ხმამაღალი ნათქვამია, სინამდვილეში კი ყველაფერი უხმაუროდ მოხდა. როგორც საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურა იტყობინება, მძარცველები მაღალპროფესიულად მოქმედებდნენ: 4 მარტს, გვიან ღამით, მათ იოლად შეძლეს უხმაუროდ შეეღწიათ ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ სამხედრო ობიექტზე, გადაელახათ ორმაგი დაცვა, დაეხშოთ სიგნალიზაცია და შეუმჩნევლად გაეტაცათ 100 კილოგრამიანი რკინის სეიფი, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორების კუთვნილი ფული და ძვირფასეულობა ინახებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, რომელიც ინსპექტირების მიზნით სამშაბათს სამხედრო აკადემიაში იმყოფებოდა, რადიო "თავისუფლებას" უთხრა, რომ აღშფოთებულია მომხდარით. თუმცა ქართული მხარე იხსნის პასუხისმგებლობას, რადგან ობიექტს ამერიკელების მიერ დაქირავებული კომპანია იცავდა და არა ქართველი სამხედრო გუშაგები.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "ძალიან საეჭვოა ყველაფერი, იმიტომ რომ კარგად დაცული ტერიტორიაა. მაგრამ ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს არის იმ კომპანიის პასუხისმგებლობა, რომლის ტერიტორიაზე და რომლის დაცვის ქვეშ ობიექტი გაიძარცვა."

მიუხედავად ამისა, საქართველოს სამხედრო პროკურატურამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით აღძრა. ამასთან, საქმეში ჩართულია უშიშროების სამინისტროც, რადგან ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მძარცველების მოძებნა და ნაძარცვის დაბრუნება საქართველოსთვის პრესტიჟის საქმედ იქცა. ამ დღეებში სამხედრო პროკურატურამ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც რადიო "თავისუფლებისათვის" ანონიმური წყაროებით გახდა ცნობილი, 15 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის ფაქტი ეროვნულ გვარდიაში კვირას ჩატარებული შემოწმებისას აღმოჩნდა. სამშაბათს იარაღის დაკარგვის ფაქტი თავდაცვის მინისტრმაც დაადასტურა, თუმცა ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული დანაშაული უფრო ადრე იყოს ჩადენილი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "ეს დაკარგვა ამ დღეებში არ მომხდარა. ეს, უბრალოდ, ამ დღეებში აღმოჩნდა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ გადატანა ცენტრალურ საწყობში. ბევრი არა - 15 იარაღზეა ლაპარაკი."

შარშან საბრძოლო მასალისა და იარაღის დაკარგვის ფაქტზე სამხედრო პროკურატურამ 10-მდე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. და უმრავლეს შემთხვევაში სამხედრო ნაწილებში იარაღის დაკარგვის ფაქტი, დიდი დაგვიანებით, საინსპექციო შემოწმების შედეგად ხმაურდებოდა ხოლმე, რის გამოც სამხედრო პროკურატურის ორგანოებს უჭირდათ დანაშაულის გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ წელს ეს იარაღის დაკარგვის პირველი შემთხვევაა შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ხელახალი ინვენტარიზაციის დროს სამხედრო ქონებისა და იარაღის დაკარგვის ფაქტი სხვა სამხედრო ნაწილებშიც დაფიქსირდეს.
XS
SM
MD
LG