Accessibility links

logo-print

ლარმა რეკორდული გამყარება შეწყვიტა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ერთკვირიანი რეკორდული გამყარების შემდეგ ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1,90 ნიშნულზე გაჩერდა, რასაც ექსპერტები სავალუტო ბაზარზე ახალი წონასწორობის ჩამოყალიბებით ხსნიან.

თავის მხრივ, ამ მოვლენებს გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც, რომლებიც გამყარებული ეროვნული ვალუტის პირობებში ხელისუფლებისგან კომუნალური გადასახადების შემცირებას მოითხოვენ. როგორია სავალუტო ბაზარზე დღეს არსებული მდგომარეობა?

გასული კვირის რეკორდული გამყარების შემდეგ, ლარმა თავისი "ტრიუმფალური სვლა" შეაჩერა და თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის სამშაბათის ვაჭრობაზე მისმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 1.90 ლარის ნიშნულზე "შეისვენა".

ამით, ფაქტობრივად, გამართლდა იმ ეკონომიკურ ექსპერტთა ვარაუდი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ლარის გამყარების ტენდენცია დროებითი მოვლენა იყო. თავის მხრივ, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებას, ეკონომიკის ნაწილობრივი ლეგალიზაციის გარდა, ისიც უწყობდა ხელს, რომ ახალ პირობებში ხელისუფლებამ ახალი თამაშის წესები შესთავაზა ეკონომიკურ სუბიექტებს, იმპორტიორებმა მოლოდინის პოზიცია აირჩიეს და იმპორტმა საგრძნობლად იკლო, ანუ შემცირდა აშშ დოლარზე მოთხოვნა და ვალუტის ქვეყნიდან გადინება. გარდა ამისა, მაშინ, როდესაც ქვეყანას არა აქვს ახალი ბიუჯეტი, ფინანსთა სამინისტროს ხარჯების გაწევა გასული წლის ერთი მეთორმეტედის დონეზე შეუძლია, ანუ ბიუჯეტი შეიძლება გადაჭარბებით შეასრულო, მაგრამ მთავრობის დეპოზიტებზე მობილიზებული თანხებით ხარჯების გაწევა შეზღუდულია, შესაბამისად, ლარის მასა მთლიანად ვერ ხვდება ბაზარზე, რაც მის დეფიციტს და გამყარების წინაპირობას ქმნის. თუმცა სარვამარტო უქმეების შემდეგ ეროვნული ვალუტის კურსმა ზრდა უკვე შეწყვიტა.

ლარის გამყარებამ საშუალება მისცა გარკვეულ ძალებს პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ. „მემარჯვენე ოპოზიცია", სავალუტო ბაზარზე ჩამოყალიბებული ამჟამინდელი ტენდენციის პარალელურად, ხელისუფლებისგან მოითხოვს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე კომუნალური ტარიფების დაწევას, რასაც მისი თვითღირებულების შემცირებით ხსნის.

ლარის გამყარებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ სახელმწიფო კანცელარიაში ერთობლივი პრესკონფერენციაც კი გამართეს.
ნოღაიდელი ლარის კურსის გამყარებას მკაცრი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკით ხსნის. მისივე თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, გასულ წელთან შედარებით, 58 მლნ 300 ათასი ლარით მეტის მობილიზება მოხერხდა და ამას რომ ლარის კურსის გამყარებაზე არ ემოქმედა, არ შეიძლებოდა.
თუმცა ფინანსთა მინისტრი გვაიმედებს, რომ პროცესს მთავრობა და ეროვნული ბანკი აკონტროლებენ და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ლარის გამყარებამ ფასების ზრდა არ გამოიწვიოს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე კი ფიქრობს, რომ ჩამოყალიბდა ლარის გაცვლითი კურსის ახალი წონასწორობა, რომელიც საბოლოო სახეს მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს.
ანუ საუბარია დაახლოებით 1 აშშ დოლარი - 1.90 - 2 ლარის ნიშნულზე, რომელიც ბაზრისათვის ახალ წონასწორობას წარმოადგენს. ახალი თანაფარდობის დამყარებას, შესაძლოა, მოჰყვეს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებაც, რადგან 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი აშშ დოლართან 2.15-ის დონეზეა გათვლილი და წონასწორობის რეჟიმი მისი შეცვლის აუცილებლობას დღის წესრიგში დააყენებს.
XS
SM
MD
LG