Accessibility links

logo-print

ერთპარტიული პარლამენტის პოლიტიკური საზღაური იქნება ძალიან დიდი, - აცხადებს მატიაშ იორში


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე მატიაშ იორში "რადიო თავისუფლებას" საქართველოში ბოლო ვიზიტის

შედეგებსა და იმ საშიშროებაზე ესაუბრა, რასაც 7-პროცენტიანი ბარიერის არსებობა უქმნის საპარლამენტო არჩევნებს. მატიაშ იორშისთან ინტერვიუ ჟან-კრისტოფ პეკმა ჩაიწერა:

-
როგორი შთაბეჭდილებით დატოვეთ საქართველო თებერვლის ბოლოს?
-
უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ახალი ლიდერები მართლაც მოწადინებული არიან განახორციელონ დემოკრატიული ცვლილებები. მეორეს მხრივ, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, ჩვენ - როგორც არჩევნების მეთვალყურეთა მისია, ვალდებული ვიყავით გვეთქვა, რომ ახალი ხელისუფლების ნამდვილი გამოცდა იმაზე - სურს თუ არა მას არჩევნების მართლაც კარგად ჩატარება, საპარლამენტო არჩევნები იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის იყო, რომ არ არსებობდა კონკურენცია. ეს იყო ერთი კაცის წარმოდგენა. ნამდვილი დემოკრატია კი საჭიროებს კონკურენტებს, როცა ბევრი კანდიდატი იბრძვის პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად და საპარლამენტო არჩევნები სწორედ ასეთი უნდა იყოს.
-
იტყოდით თუ არა, რომ საქართველო მართლაც დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებისთვის ემზადება?
-
ერთის მხრივ, მჯერა, რომ ეს არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე მისი წინამორბედები. მეორეს მხრივ კი (და ამისთვის არავის დადანაშაულება არ შეიძლება) დასანანია, რომ კვლავ არ იქნება ნამდვილი კონკურენცია. ბატონი სააკაშვილის პარტია ისეთი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, რომ სრულიად აშკარაა ვინ გაიმარჯვებს, რაც ჩვენთვის დასანანია. ჩვენ შევეცადეთ საქართველოს ხელისუფლება დაგვერწმუნებინა, რომ საარჩევნო ბარიერი 7-დან ევროპაში საშუალოდ მიღებულ 4-5 პროცენტამდე დაეწია იმისათვის, რომ შედარებით მცირე პარტიებისთვის პარლამენტში ადგილების მოპოვების საშუალება მიეცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრავალპარტიულ პარლამენტში იყოს ოპოზიცია და ჩვენს უმთავრეს შეშფოთებას იწვევს ის, რომ რაოდენ სამართლიანადაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, შედეგი იქნება ერთპარტიული პარლამენტი. ეს კი ჩვენი გაგებით იქნება ზიანის მომტანი დემოკრატიისთვის საქართველოში.
-
თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს ბარიერის დაწევას. მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ არ არის თამაშის წესების შეცვლის საჭიროება.
-
ჩვენ შევხვდით ზურაბ ჟვანიასაც, რომელმაც გაიზიარა ჩვენი შეშფოთება. ამ დროს პარლამენტის სხდომები უკვე დამთავრებული იყო. ჩვენ განვიხილეთ ბარიერის დაწევის მიზნით რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესაძლებლობა. მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თუკი 7-პროცენტიანი ბარიერი შენარჩუნდება, შედეგად მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს და უმრავლესობა და მთავრობა ამისათვის უდიდეს საფასურს გადაიხდიან. პროცედურის დონეზე ნებისმიერი მოსაზრების გამართლება შეიძლება, იმისაც კი, რომ "ასეთია თამაშის წესები". მაგრამ თუკი მათ სურთ მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის ხელშეწყობა, მათ შეუძლიათ ბარიერის დაწევა. რასაკვირველია, არავის შეუძლია ოპოზიციის დაკანონება. მაგრამ შესაძლებელია ისეთი საკანონმდებლო ატმოსფეროს შექმნა, რომელშიც ოპოზიციას მიეცემა პარლამენტში შესვლის საშუალება. თუკი ეს ასე არ მოხდება, პოლიტიკური საფასური იქნება ძალიან დიდი და შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ეს კარგად ესმის.
-
რაც შეეხება ევროსაბჭოს სხვა რეკომენდაციებს, როგორ გგონიათ არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება მზად მათი შესრულებისთვის?
-
ზოგიერთისთვის - კი და ზოგიერთისთვის - არა. ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულებას მეტი დრო სჭირდება, მაგალითად - ამომრჩეველთა რეგისტრაციას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შევარდნაძისდროინდელი ბოლო არჩევნებისას, როცა ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია შეიქმნა, თავიდან შეუდგნენ ამომრჩეველთა რეგისტრაციას, რასაც დრო სჭირდება. ჩემმა ნორვეგიელმა კოლეგამ, ბატონმა კვაკეშტადტმა შენიშნა, რომ ნორვეგიაშიც კი, რომელიც ძალიან მდიდარი ქვეყანაა, შეუძლებელი იქნებოდა ასეთ მოკლე დროში ამომრჩეველთა სრულიად ახალი და ზუსტი სიის შედგენა. საქართველოში ძალიან ინტენსიურად მუშაობენ და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ იარსებებს დამატებითი სიები (რაც თავისთავად კარგი არ არის, რადგან ეს გაყალბების საშუალებას იძლევა), ეს დასაშვები იქნება დროის სიმცირის გამო. შეცდომები კი მომავალი არჩევნებისთვის გამოსწორდება. იყო აგრეთვე რეკომენდაციები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება დათანხმა. კერძოდ, ეს შეეხებოდა ხმის მიცემის ფარულობას. ჩვენ მეთვალყურეობისას შევნიშნეთ, რომ ხმის მისაცემ ჯიხურებს არ ჰქონდა ფარდები. ახლახან წავიკითხე პრეს-რელიზი, რომ ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება. ასე რომ, ზოგიერთ რეკომენდაციას ითვალისწინებენ, ზოგიერთს - არა. ჩვენ მათ კვლავ მივუბრუნდებით, თუმცა, არ ვაპირებთ რაიმე ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე. უბრალოდ, კიდევ ერთხელ შევეცდებით დავარწმუნოთ ის რეკომენდაციების სარგებლიანობაში. ისინი ხომ ევროსაბჭოსთვის არ არის სარგებლის მომტანი, არამედ ისევ და ისევ საქართველოს ხელისუფლებისთვის. ასე რომ, დიალოგს გავაგრძელებთ.
-
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტი-კორუფციული კამპანიის მიმართ არსებულ კრიტიკულ დამოკიდებულებას, იზიარებთ თუ არა მას?
-
ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ "ტრანსპარენსი ინტერნეიშენალმა" შეადგინა ქვეყნების სია კორუფციის დონის მიხედვით და საქართველო ბოლო ათეულშია. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო ძალიან კორუმპირებული ქვეყანაა. არ შეიძლება ახლანდელ ხელისუფლებას დაეკისროს პასუხისმგებლობა კორუფციის დონის გამო, რადგან ეს წინა ხელისუფლების დროს და მისი ხელშეწყობით განვითარდა. საპრეზიდენტო არჩევნებისას - სააკაშვილის, საპარლამენტო არჩევნების წინ კი მისი პარტიის უმთავრეს დაპირებას სწორედ კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენს. ყველას გევსმის, რომ ეს იქნება ძალიან, ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ ვგულშემატკივრობთ ახალ ხელისუფლებას და იმედი გვაქვს, რომ ის შეძლებს ამ ბრძოლაში გამარჯვებას. ევროსაბჭო შეეცდება რაც შეიძლება ეფექტიანი დახმარება გაუწიოს მას კორუფციის დაძლევაში.
-
მაგრამ კრიტიკას იწვევს არა მიზანი - კორუფციის დაძლევა, არამედ მეთოდები, რომელსაც ახალი ხელისუფლება იყენებს.
-
მჯერა, რომ მთავრობას კარგი მიზნები ამოძრავებს. ბევრი არაფერი ვიცი მეთოდების შესახებ, რადგან რთულია ამის ცოდნა. მე არ მინახავს ქვეყანა, რომელიც ასე ძლიერ იყო მოცული კორუფციით და რომლის მთავრობამაც დროის მცირე მონაკვეთში შეძლო ვითარების ძირეულად შეცვლა. ასე რომ, ბუნებრივია, ახალ ხელისუფლებაშიც არის კორუფცია, მაგრამ იმედი მაქვს ადრე თუ გვიან კორუფციასთან ბრძოლა წარმატებით დასრულდება.
-
ბევრი შეშფოთებულია საქართველოში პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო. წამოჭერით თუ - არა ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას?
-
აქ უნდა გავმიჯნოთ აჭარა და დანარჩენი საქართველო, რადგან აჭარაში ახლაც არის ჟურნალისტებზე ზეწოლა და იყო ქვეყნის ხელისუფლების შეცვლამდეც, რასაც ორივე შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებდა. აჭარაში ჯერჯერობით ცვლილებები არ შეინიშნება. რა თქმა უნდა, ვნახავთ როგორ ჩატარდება იქ საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, მე ვიცი ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევები, როგორიც არის ოფისების შემოწმება და რედაქციების დახურვაც კი. ახლა არ არის იოლი ვითარებაში გარკვევა, რადგან პოლიციის რეიდები გამოწვეული იყო უფრო კორუფციასთან ბრძოლით, როცა მედია-კომპანიის მფლობელის საქმიანობაზე გამოძიება მიმდინარეობდა. ეს შეეხებოდა ტელეკომპანია "იბერიას", რომლის მეპატრონესაც ბრალი ედება სიგარეტის კონტრაბანდაში და სრულიად გასაგებია, რომ პოლიცია უნდა მივიდეს ოფისში და შეამოწმოს იგი. რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციამ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და ჩვენ რეკომენდაციებში აღვნიშნეთ, რომ მხარს ვუჭერთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მარგამ ეს უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში, არ უნდა დაირღვეს ადამიანის უფლებები და პრესის თავისუფლება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება. როცა ამაზე მაღალი თანამდებობის პირებს, მაგალითად ზურაბ ჟვანიას ვესაუბრებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალ ხელისუფლებას იგივე მიზნები ამოძრავებს. მათ სურთ ჩვენი რეკომენდაციების შესრულება.
XS
SM
MD
LG