Accessibility links

logo-print

ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენების საკითხი კვლავ ღიად რჩება


31 მარტს საქართველოს ხელისუფლება აპირებს ღირსეულად აღნიშნოს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. 9 მარტს საფრანგეთში საქართველოს

სათვისტომოსთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი პრეზიდენტის ნეშტს საქართველოში 9 აპრილს გადმოასვენებენ. თუმცა ეს განცხადება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ზვიად გამსახურდიას ქვრივისთვის, რომელიც უწინდებურად მოითხოვს 1991-92 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალების სამართლებრივ შეფასებასა და პირველი პრეზიდენტის სახელის სრულ რეაბილიტაციას. ამასთან, როგორც მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეები აცხადებენ, ზვიად გამსახურდიას ახალი საფლავის ადგილმდებარეობა ჩეჩნეთში მხოლოდ ერთგულ თანამებრძოლთა ძალიან მცირე ჯგუფმა იცის.


"ზვიად გამსახურდია საქართველოსთვის თავგანწირული ადამიანი იყო და მისი ხსოვნის უკვდავყოფა ქართული საზოგადოების ვალია. საქართველოში ზვიადისტებად დაყოფა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მით უმეტეს, მათ რიგებში ბევრი პატრიოტია", განაცხადა პარიზში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედერის დროს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მე დიდ პატივს მცემ მას[ზვიად გამსახურდიას], მაგრამ თუ ვინმე არ სცემს პატივს, მით უფრო უნდა დაიკრძალოს საქართველოში, რადგან ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და საკუთარ ქვეყანას მაინც უნდა სცე პატივი."

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას გადმოსვენება 9 აპრილს უნდა მოხდეს. ეს თარიღი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში.: 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ მთავრობის სახლის წინ მშვიდობიანი მიტინგი დაარბია, 2 წლის შემდეგ კი, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
თუმცა, როგორც მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ რადიო "თავისუფლებას" უთხრა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა პარიზში გაკეთებული განცხადება:

[მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხმა] " ეს იყო, ალბათ, ემოციებზე აგებული განცხადება. შეიძლება ეს მას, მართლაც, სურს, მაგრამ მან კარგად იცის ჩემი პოზიცია და ამაზე აღარც ღირს საუბარი. "

საქართველოს უბრალო მოქალაქეები, რომლებმაც 13 წლის წინ ხმათა უდიდესი უმრავლესობით აირჩიეს ზვიად გამსახურდია ქვეყნის პრეზიდენტად, მხარს უჭერენ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინიციატივას, თუმცა, მათი აზრით, გადამწყვეტი სიტყვა ოჯახს ეკუთვნის:

[უბრალო მოქალაქის ხმა] "გადმოსვენების საკითხი აუცილებლად შესათანხმებელია მის ოჯახთან. ეს ელემენტარული საკითხია. "

კიდევ ერთი პრობლემა საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავის ადგილმდებარეობაა. არსებობს ინფორმაცია, რომ 10 წლის წინ ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დაკრძალული ზვიად გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნებმა პირველი სამარხიდან გადაასვენეს, რათა რუსეთის ავიაციას არ გაენადგურებინა მისი საფლავი. ეს ინფორმაცია ეროვნული მოძრაობის პირველი ტალღის წარმომადგენელმა თორნიკე ფიფიამ რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში დაადასტურა:

[თორნიკე ფიფიას ხმა] "ჯერ ერთი, ფიზიკურად შეუძლებელი იყო მისი საფლავის იქ დატოვება, რადგან რუსეთის ავიაცია სიღრმისეულად ბომბავდა იმ ადგილს, სადაც ჯოხარ დუდაევს სასახლე და ზვიად გამსახურდიას რეზიდენცია იმყოფებოდა."

თორნიკე ფიფიას თქმით, ჩეჩნებმა ზვიად გამსახურდიას ნეშტი კონსპირაციულად გადაასვენეს უფრო უსაფრთხო ადგილას და იგი იმავე ხეობასთან ახლოს მიაბარეს მიწას, სადაც ჩეჩნეთის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის საიდუმლო საფლავი იმყოფება.
XS
SM
MD
LG