Accessibility links

logo-print

რამდენად დამოუკიდებელია საქართველოს სასამართლო სისტემა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 10 მარტს განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა სონღულაშვილის ირგვლივ, რომელმაც წინა დღეს თბილისის ვაკე-საბურთალოს

საგამოძიებო ნაწილის სამ თანამშრომელს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესის დამთავრებისთანავე გავრცელდა ცნობა, თითქოსდა მამუკა სონღულაშვილი თანამდებობიდან გადადგა. 10 მარტს კი სააგენტოები გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ მამუკა სონღულაშვილის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ.


მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა სონღულაშვილი არც გადამდგარა და არც თვითმკვლელობა უცდია, - აცხადებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოფიციალურ პოზიციას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო ნაწილის თანამშრომელთა მიმართ კანონიერი იყო, რომ საგამოძიებო ნაწილის ამ თანამშრომლებს კი ჰქონდათ თბილისში დაკავებული ბათუმელი სტუდენტებისთვის თბილისიდან გასვლის უფლება მიეცათ, მაგრამ ისიც უნდა განესაზღვრათ, რომ ისინი, ანუ სტუდენტები, გამოძიების მოთხოვნის შემთხვევაში თბილისში არ დაბრუნდებოდნენ.
[ ვანო მერაბიშვილის ხმა] " რაც შეეხება განცხადებებს - გადადგნენ, გადმოდგნენ...სონღულაშვილი არ გადამდგარა. იგივე განცხადებას გააკეთებს იუსტიციის მინისტრი, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეც, თვითონ სონღულაშვილიც."
შეგახსენებთ: სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარებული სასამართლო სისტემის რეფორმა სამაგალითოდ ითვლებოდა დსთ-ს სივრცეში. რეფორმას, უპირველესად, სწორედ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება უნდა უზრუნველეყო. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის თინათინ ხიდაშელის თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე საუბარი უსაგნოდ გამოიყურება:
[თინათინ ხიდაშელის ხმა] " ცვლილებებით, ანუ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს უფლება აქვს გაათავისუფლოს მოსამართლეები საკუთარი შეხედულებისამებრ. ასეთი რამ, არ ვიცი, რომელიმე ქვეყანაში თუ ხდება. სასამართლოს დამოუკიდებლობის პირველი გარანტია ის არის, რომ მოსამართლე ხელშეუხებელია და მას უმიზეზოდ ხელს ვერ ახლებენ. დღეს ჩვენმა პრეზიდენტმა მიიღო იმის უფლება, რომ დანიშნოს და გაათავისუფლოს საკუთარი შეხედულებით."
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი ზვიად კორძაძე იხსენებს, რომ მოსამართლეს პირისპირ არაერთხელ მოუხდია მისთვის ბოდიში არასამართლიანი განაჩენის გამოტანის შემდეგ:
[ ზვიად კორძაძის ხმა] " ისეთი შემთხვევებიც შეიძლება მოხდეს პრაქტიკაში, როცა იმის მერე, რაც მიიღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას - ბოდიში მოგიხადოს - რა ვქნაო, გითხრას. თან შენთან უნდა რომ კარგად დარჩეს: კარგად ვიცი, როგორ უნდა გადამეწყვიტა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არისო."
თავს ზევით ძალა არის - მიაჩნიათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. უზენაესი სასამართლო ახსენებს დაინტერესებულ მხარეებს, რომ მოსამართლის მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, არსებობს დისციპლინარული კომისია, რომელიც სწორედ მოსამართლეთა დისციპლინარული გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.
XS
SM
MD
LG