Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოხდება ელექტროენერგიის, წყლის და გაზის საფასურის გადახდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ


საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია ცდილობს მმართველი პოლიტიკური ძალა მანამდე ამხილოს, სანამ ეს ძალა ამომრჩეველთა ნდობას მოიპოვებს. ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერის,

გიორგი გუგავას, ინფორმაციით, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის გადასახადის გადახდა ერთდროულად მოსთხოვოს. ამავე პროექტის მიხედვით, თუ მომხმარებელი ამ სამი მომსახურებიდან ერთ-ერთის საფასურს არ გადაიხდის, მას დენის, გაზის და წყლის მიწოდება ერთდროულად შეუწყდება.

"ეი-ი-ეს თელასის" ერთ-ერთ მთავარ დამსახურებად ისიც ითვლება, რომ ამ კომპანიამ მომხმარებელთა ზუსტი აღწერა და ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოთავსება შეძლო. თელასის მიერ გადასახადების ამოღების მოწესრიგებული სისტემაც არაერთხელ გამხდარა თბილისის კომუნალური სამსახურების ინტერესის საგანი. გასულ წლებში თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია ცდილობდა გაზის საფასურის ამოღების საქმე თელასისთვის ჩაებარებინა. როგორც ჩანს, ეს იდეა ახლაც გაცოცხლდა და თანაც მახინჯი ფორმით. თუ ქართველ ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, სიტყვებს ვენდობით:

[გიორგი გუგავას ხმა] "ფიქრობენ, რომ თბილგაზმა, თბილწყალკანალმა დადოს ხელშეკრულებები ეი-ი-ეს თელასთან, გაფორმდეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი და ერთ ქვითარზე დატანილი იქნეს სამივე გადასახადი - წყალზე ელექტროენერგიაზე და გაზზე. და ერთ-ერთის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბუნებრივია, სამივე მომსახურება, ანუ სამივე წყარო, შეუწყდება მომხმარებელს."

რა თქმა უნდა, ასეთი მექანიზმის ამუშავების შემთხვევაში უამრავი დაბალშემოსავლიანი ოჯახი სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტარული კომუნალური პირობების გარეშე დარჩება.

[გიორგი გუგავას ხმა] "ფორმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში საკრებულო. საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა ჰყავს დღეს ხელისუფლებას და ამ გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდება. თვალებდაუხამხამებლად გააკეთებენ ამას ისე, რომ არც დაფიქრდებიან მოსალოდნელ შედეგებზე, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება ჩააგდოს ადამიანები."(სტილი დაცულია)

მე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ადრე ლეიბორისტს, ზაზა ბეგაშვილს დავუკავშირდი და ყოფილი თანაპარტიელების განცხადებების კომენტირება ვთხოვე:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] "ვიღაცამ მოიფიქროს ეგეთი სისულელე, რასაც ჰქვია, რომ ერთ იმაზე დაიტანონ და მერე, ერთ-ერთს თუ არ გადაიხდის ვინმე, გამოურთოს შუქი, გაზი და წყალი, ეს მიმაჩნია სისულელედ და ამას მე არ დავუშვებ, სანამ საკრებულოს თავმჯდომარე ვიქნები. ერთ-ერთის გადაუხდელობის შემთხვევაში რომ სამივე გაეთიშოს კაცს, ბუნებრივია, ეს არც ერთ ჭკვიანს თავში არ მოუვა."(სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც არაოფიციალური წყაროებიდან ირკვევა, ბეგიაშვილის მიერ დაგმობილი აზრი მუნიციპალური საწარმო "თბილწყალკანალის" მმართველებს გასჩენიათ. მაგრამ თელასის მენეჯერებს უარი უთქვამთ ეტვირთათ ეს სადამსჯელო მისია. თელასის წარმომადგენლის ვალერი ფანცულაიას განცხადებით კი, მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თელასი თბილწყალკანალს, მართლაც, დაეხმარება:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] "თბილწყალკანალის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება ქვითრების დაბეჭდვა და ეს მიუვათ ჩვენი ქვითრების მსგავსად. და, შესაბამისად, გადახდა მოხდება ჩვენს ბიზნეს-ცენტრებშიც, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, რომ წყლის საფასური არ გადაიხადოს და დენის მიწოდება შეუწყდეს მომხმარებელს."

თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის, როდის ამოქმედდება ეს შეთანხმება. ასევე არავინ იცის მასში მესამე სუბიექტის, თბილგაზის, ჩართვის პერსპექტივა, რადგან ეს გაზგამანაწილებელი კომპანია გადასახადების ამოღების საკუთარი სისტემის შექმნითაა დაკავებული.
XS
SM
MD
LG