Accessibility links

logo-print

აჭარის ხელისუფლების ოპოზიცია გადამწყვეტი საარჩევნო ბრძოლისათვის ემზადება


დავით პაიჭაძე, თბილისი 9 მარტს, სამშაბათს, აჭარის ხელისუფლების ოპოზიციის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ჩვენი აჭარის", თბილისში მყოფმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბათუმში აპირებენ ჩასვლას

საარჩევნო კამპანიის წარმართვისათვის. "ჩვენი აჭარის" აქამდელი აქტივობაც ავტონომიურ რესპუბლიკაში, დიდწილად, საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებას ისახავდა მიზნად. "ჩვენი აჭარის" თბილისში მყოფი ნაწილი, ძირითადად, მუშაობდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან და დედაქალაქის მასმედიას აწვდიდა ინფორმაციას. ახლა მოძრაობის ორი თანათავმჯდომარე და გამგეობის ხუთი წევრი ბათუმში ჩადის და "ჩვენი აჭარის" საარჩევნო ბრძოლას ადგილზე უერთდება.

"ჩვენი აჭარის" ერთი თანათავმჯდომარე, კობა ხაბაზი, ამბობს, რომ განსაკუთრებით აქტიური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 15 მარტს, დაიწყება. "ჩვენი აჭარის" მიერ თბილისში გაწეულ მუშაობას ხაბაზი ასე აფასებს:

[ხაბაზის ხმა] "მოგვარებულია ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ურთიერთობა. შევძელით შეგვემუშავებინა ფართომასშტაბიანი სამოქმედო სტრატეგია. გარდა ამისა, აჭარაში შეუძლებელი იყო ყველა გაზეთისა და პლაკატის დაბეჭდვა, რაც გავამზადეთ თბილისში და მივიტანეთ ადრესატებამდე. საჭიროების დროს, ერთი სატელეფონო ზარით გავავრცელებთ მათ აჭარის მთელ ტერიტორიაზე."

კობა ხაბაზი ხელისუფლების საარჩევნო სიის წევრია. მიუხედავად ამისა, ის ამბობს, რომ "ჩვენი აჭარა" არ გასწევს კონკრეტული პარტიის საარჩევნო პროპაგანდას აჭარაში. "ჩვენი აჭარა" რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს აერთიანებს, ამიტომ მისი ამოცანა ცოტა სხვაა:

[ხაბაზის ხმა] "პირველი: არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ და ღიად, დაცული იყოს დემოკრატიულობა. მეორე: ამოსავალი დებულება, რა გვაერთიანებს, ესაა - არ მივცეთ ხმა "აღორძინებას," რომელიც გამორჩეულია დანაშაულებრივი ქმედებებით აჭარის ტერიტორიაზე."

"ჩვენი აჭარის" ბათუმში მყოფ თანათავმჯდომარეს, თამაზ დიასამიძეს, მივმართე შეკითხვით, სად გაუჭირდება ყველაზე მეტად "ჩვენს აჭარას" საარჩევნო კამპანიის წარმართვა.

[დიასამიძის ხმა] "პირდაპირ გეტყვით: ქობულეთში ხელისუფლების ძალიან დიდი ფაქტორია. აბაშიძის ხელისუფლების კლანი, ძირითადად, ქობულეთური წარმოშობისაა, სამოხელეო აპარატიც, ძირითადად, ქობულეთიდან არის და ამიტომ ჩვენ აქ, სხვა რაიონებთან შედარებით, სუსტი პოზიცია გვაქვს."

თამაზ დიასამიძე ამბობს, რომ წინააღმდეგობა, ალბათ, ყველა რაიონში შეხვდებათ, მაგრამ დაუძლეველ ბარიერებს ვერ ხედავს.

"ჩვენი აჭარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ასლან აბაშიძის "აღორძინება" მთელი საქართველოს მასშტაბით 7%-ან ბარიერს ვერ გადალახავს. მაგრამ რატომ მოასწავებს 28 მარტის არჩევნებში ასლან აბაშიძის სავარაუდო მარცხი მის უფრო დასუსტებას აჭარის ავტონომიის ფარგლებშიც?

[ბერძენიშვილის ხმა] "ეს ნიშნავს, რომ 28 მარტის არჩევნები, ფაქტობრივად, იქნება უნდობლობის რეფერენდუმი ასლან აბაშიძის ხელისუფლების მიმართ. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ხალხი არ ენდობა ასლან აბაშიძის ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, შემდეგ იქნება სოციალური შეკვეთა, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები აჭარის უზენაეს საბჭოში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იქაც დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ."
XS
SM
MD
LG