Accessibility links

logo-print

ხელისუფლების და საზოგადოების ურთიერთობა


საქართველოში ახალი ხელისუფლების "სუნთქვა" ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, მაგრამ ყველაზე უფრო მკაფიოდ - ტელეეკრანთან ახლოს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ზოგჯერ მნიშვნელოვან ახალ ამბებს

თავადაც ტელეეთერით იგებს. ჟურნალისტების საქმე სწორედ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელებაა. ოღონდ საკითხავია, არის თუ არა ჟურნალისტების პასუხისმგებლობა, რომ მოსახლეობას ამომწურავად აუხსნან - რა ხდება ქვეყანაში დღეს, რთულ და გარდამავალ პერიოდში?

მინდა გესაუბროთ ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემებზე.

დღე არ გავა, რომ პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა, გენერალურმა პროკურორმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ან სხვა რომელიმე პასუხისმგებელმა პირმა ბრიფინგი არ გამართოს. მაგრამ ეს ბრიფინგები, როგორც წესი, კონკრეტულ შემთხვევებს უკავშირდება და სულ 2-3 წუთიანი სიუჟეტებით შუქდება. ინფორმაცია კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, ცხადია, ვერ ქმნის ხელისუფლების საქმიანობის სრულ სურათს. არადა, იმის გამო, რომ ქვეყანაში ყოველდღე ხდება რაღაც საყურადღებო, რიგით მოქალაქეს სულ უფრო მეტი შეკითხვა უჩნდება.

როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს? როდის და რითი დასაქმდებიან ისინი? რატომ იმატებს პროდუქტის ფასი ლარის გამყარებასთან ერთად? რა მოელის წვრილ და საშუალო ბიზნესს? სად შეიძლება ადამიანმა შეიძინოს წამალი, რომელიც საწამლავი არ აღმოჩნდება? როდის დადგება დრო, როდესაც თბილისის გარეუბნებს და რეგიონებს ელექტროენერგიას უწყვეტად ან, თუნდაც, მყარი გრაფიკით მიაწოდებენ?

ამ და მრავალი სხვა შეკითხვის პასუხზე თითოეული ოჯახის არსებობა და კეთილდღეობა უშუალოდ არის დამოკიდებული. პრესა უძლურია, განმარტოს ყველა საკითხი, რომელიც ხელისუფლების საქმიანობის პროცესში ჩნდება. არადა, უპასუხო შეკითხვები უარყოფით მუხტს, შიშს და აგრესიას ბადებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძველი სისტემა ინგრევა, ახლის კონტურები კი არ ჩანს.

ხელისუფლებამ, პირველ რიგში კი, მინისტრთა კაბინეტმა, თავად უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა, რომ განმარტოს თავისი საქმიანობა. საფიქრებელია, რომ პირველი პირების ხედვა და კონკრეტული ნაბიჯები საინტერესოა საზოგადოებისთვის. პრიორიტეტული საკითხები, მთავარი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და ვადები - ალბათ, ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ამ თემაზე ყოველდღე თითო მინისტრი ისაუბრებს, თანაც, ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის და არა სახელმწიფო ტელეარხის ეთერით. კაბინეტში სულ ოცი მინისტრია და გამოვა, რომ თითოეულ მათგანს საზოგადოება სამ კვირაში ერთხელ მოუსმენს; მინისტრი კი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იგრძნობს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში, რადგან ვალდებული იქნება, ყოველი სამი კვირის შემდეგ საზოგადოებას უამბოს მის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შესახებ.

თუ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ყოველდღე მოუსმინონ ამა თუ იმ უწყების პირველ პირს, ისინი მიიღებენ პასუხს ბევრ კითხვაზე და შფოთის დონეც უეჭველად დაიწევს.

მთავარი, რაც პატიოსან მთავრობას სჭირდება რეფორმების პერიოდში, თავის ხალხთან უწყვეტი კავშირია. ზუსტად იგივე სჭირდება ხალხს, რომელიც სერიოზული რეფორმების პირობებში სერიოზულად ზარალდება.

ორიოდე დღის წინ, ბიზნესმენებთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა ზოგიერთი აქტუალური საკითხი განმარტა, მათ შორის ის, რომ დაპატიმრებით და ბიუჯეტის კუთვნილი თანხების დაბრუნებით ქვეყანა არ აშენდება; რომ ამგვარი ნაბიჯების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაა. ეს დროული განმარტება იყო, რადგან, კარგა ხანია, გაჩნდა შეკითხვა, ხელისუფლების რა განზრახვა უნდა ამოეკითხა რიგით მოქალაქეს დაპატიმრებების სერიაში. იქვე გაჩნდა ეჭვი, აპირებდა თუ არა ხელისუფლება რაიმე სხვა, უფრო სასარგებლო საქმის გაკეთებას რიგითი ოჯახებისათვის. ახლა ის მაინც არის ცნობილი, რომ დაპატიმრებით ქვეყანა არ აშენდება და სხვა ნაბიჯების გადადგმაც აუცილებელია. როგორი არის და იქნება ეს "სხვა ნაბიჯები", მოსახლეობამ ხელისუფლებისგან უნდა შეიტყოს. მხოლოდ მათი მჭიდრო კავშირი შეამსუბუქებს მომავალ შვიდი-რვა თვეს, - მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ყველაზე რთულ და მძიმე პერიოდს".
XS
SM
MD
LG