Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება შრომის კანონს არღვევს


როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება საკადრო პრობლემებსაც ახლებურად წყვეტს. კერძოდ, სახელმწიფო უწყებებში ფართოდ დაინერგა მეთოდი, რომელსაც პირობითად "სამსახურიდან

ნებაყოფლობით წასვლა" შეიძლება ეწოდოს. ამ მეთოდის თანახმად, ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერას აიძულებს. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანები, იმის შიშით, რომ ახალი უფროსის რისხვა არ დაიმსახურონ, როგორც წესი, ამგვარ განცხადებას წერენ. რამდენად ეტევა ხელისუფლების მიერ დანერგილი ეს მეთოდი კანონიერების ჩარჩოში?


საქართველოს პრეზიდენტი საზღვარგარეთ ყოფნისას, მით უფრო, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის დროს, შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ თანამემამულეებს უკან, სამშობლოში, დაბრუნებისკენ მოუწოდოს. მიხეილ სააკაშვილმა ტრადიცია არც საფრანგეთში სტუმრობისას დაარღვია, როცა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა: "ჩემი მთავარი მისია, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასთან ერთად, დაკარგული ადამიანების დაბრუნებაცააო."

ცხადია, ემიგრაციიდან დაბრუნებას ერთადერთ შემთხვევაში ექნება აზრი: თუკი ხელისუფლება ამ ადამიანებს აქტიურად დაასაქმებს.
მაგრამ დასაქმება საქართველოში დარჩენილი ასიათასობით ადამიანისთვისაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება. აი, რა განაცხადა ჩემთან საუბარში სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელმა ნოდარ კაპანაძემ:

[ნოდარ კაპანაძის ხმა] "უმუშევრობის დონეა სადღაც 12 პროცენტის მიდამოებში. 12 პროცენტი, არავინ თქვას, რომ დაბალია - ძალიან მაღალი მაჩვენებელია. თუ გადავხედავთ ამ განაწილებას ქალაქისა და სოფლის მიხედვით, აქ სულ სხვა ტენდენცია გამოჩნდება, ანუ: ქალაქად უმუშევრობის დონე სადღაც 25-30 პროცენტის მიდამოებში მერყეობს, რაც ძალიან მაღალი დონეა უმუშევრობის."

სავარაუდოდ, უმუშევართა რიცხვი, სახელმწიფო სექტორში დაწყებული შემცირებების გამო, კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა შემცირებაც არის და შემცირებაც. რევოლუციის შემდეგ ნორმად იქცა: ახალი ხელმძღვანელი, იქნება ეს მინისტრი თუ დეპარტამენტის თავმჯდომარე, თანამშრომლებს აიძულებს დაწერონ განცხადება, რომელიც დაახლოებით ასე იწყება: გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან.

განცხადებას, როგორც წესი, ყველა წერს. ჩემს ინკოგნიტო რესპონდენტს მოუსმინეთ:

[მამაკაცის ხმა] "ყველამ ვიცით, რომ შემცირებები აუცილებლად იქნება. თანხმობას კი ყველა იმ იმედით აცხადებს, რომ გულისხმიერებას გამოიჩენენ და ზოგიერთებს დატოვებენ სამსახურში. ამ "ზოგიერთ აყვანილში" ყველა თავის თავს გულისხმობს".

მაგრამ საკითხავია, უნდა ჰქონდეს თუ არა მოქალაქეს იმ ხელისუფლების გულისხმიერების იმედი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უხეშად არღვევს კანონს.

[ნიაზ ჯავახიშვილის ხმა] "ასეთი რამე, რომ ვიღაც ახალი ხელმძღვანელი მოვიდა სამსახურში და ყველამ უნდა დაწეროს განცხადება, არც ერთი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. იძულება, რომ დააწერინონ მოსამსახურეს განცხადება, არის ყველაზე დიდი უკანონობა, თუმცა ხელმძღვანელები ამბობენ, ჩვენ კი არ ვაწერინებთ ამ განცხადებებს, არამედ თვითონ წერენო. მაგრამ ყველამ იცის, რომ არავინ თვითონ არ წერს და ყველაფერი ეს იძულებითია."(სტილი დაცულია)

ადვოკატი ნიაზ ჯავახიშვილი სახელმწიფო სამსახურში მყოფ მოქალაქეებს ურჩევს, არ დაწერონ განცხადებები და ამ გზით შეინარჩუნონ სამსახური.

კიდევ უფრო კატეგორიულია საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების პროფკავშირის თავმჯდომარე ვალერიან რევიშვილი:
[ვალერიან რევიშვილის ხმა] "ერთადერთი გზა საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო მოხელის განთავისუფლებისა ეს არის საჯარო სამსახურის დაწესებულების ლიკვიდაცია. სხვა შემთხვევაში ყოვლად დაუშვებელია მასობრივად განცხადებების დაწერა. ეს არის ძველი ხელისუფლებიდან გამოყოლილი მანკიერი პრაქტიკა."

ვალერიან რევიშვილი ამ მანკიერი პრაკქტიკის ნაწილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2003 წლის 31 დეკემბერს პარლამენტმა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით, 2005 წლის 1 იანვრამდე გადასწია კანონის 109 მუხლის პირველი ნაწილის ამოქმედება. ცნობისათვის: კანონის ამ მუხლის თანახმად, შემცირებულ მოქალაქეს ორი თვის თანამდებობირივი სარგო უკუთვნის.
XS
SM
MD
LG