Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარსკვლავები ცოცხლად იმღერებენ


რატომ არ უმღერეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა "ვარდების რევოლუციას"? რატომ აქტიურობდნენ გასული წლის ნოემბრის დღეებში მხოლოდ როკ-მომღერლები? სად იყვნენ კომპანია "არტ-იმედის"

მუსიკოსები და რას აპირებენ ისინი დღეს?

ამ კითხვებზე განსხვავებული პასუხი არსებობს. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბადრი პატარკაციშვილის კომპანიამ, უბრალოდ, თავი შეიკავა გამოეხატა თავისი პოზიცია მაშინ, როცა ჯერ კიდევ არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ქვეყანაში. მით უმეტეს, რომ "არტ-იმედის" ვარსკვლავები ნოემბრის არჩევნებამდე აქტიურად უჭერდნენ მხარს ბლოკს "ახალი საქართველოსთვის" და "ხმამაღლა" მღეროდნენ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე. როგორც წესი, ფონოგრამაზე მღეროდნენ. რევოლუციას კი სიყალბე "არ უყვარს"... "ვარდების რევოლუცია", რომლის საბაბი საპარლამენტო არჩევნების გაყალბება გახდა, ვერ აიტანდა ფონოგრამას - ე.ი. მომღერლებს, რომლებიც პირს აღებენ და თავს იკატუნებენ... ვითომ მღერიან. თუმცა რევოლუციის დასრულების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ქართული ესტრადის ვარსკვლავებს ვერც საქართველოს ახალი ხელისუფლება ელევა... ახალ წელს, შემდეგ კი საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ისინი კვლავ გამოჩნდნენ და კვლავ ფონოგრამაზე იმღერეს.

თავად "არტ-იმედის" ვარსკვლავები პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ "ვარდების რევოლუცია", უბრალოდ, დაემთხვა კომპანიის რღვევას, რასაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. "არტ-იმედის" ახალი დირექტორის, მომღერალ მერაბ სეფაშვილის აზრით, თავის დროზე კომპანიის შექმნა სტიქიურად მოხდა, რაც თავიდანვე აისახა მენეჯმენტში - "არტ-იმედის" ვარსკვლავებს ძალიან მაღალ ხელფასებს უხდიდნენ, მაგრამ მათ მოსასმენად, უფრო სწორად, ცოცხალი ვარსკვლავის სანახავად ხალხს თავი არ მოუკლავს. მერაბ სეფაშვილი "არტ-იმედის" დირექტორის პოსტზე ახლახან დაინიშნა. იგი ერთ-ერთია ქართული ესტრადის იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებიც "ცოცხლად" მღეროდნენ და თითქმის ყოველთვის უარყოფდნენ ფონოგრამას. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ლიდერი, კომპანია "არტ-იმედი", რადიკალურად ცვლის თავისი მუშაობის სტრატეგიას... თუმცა მუსიკოსების უმრავლესობა ჩვენი ესტრადის მომავალს იმედიანად მაინც არ უყურებს. ფონოგრამაზე სიმღერა კანონითაც რომ აიკრძალოს, საქართველოში არ არსებობს ნორმალური ტექნიკური ბაზა, რომელიც "ცოცხალ მუსიკას" ხარისხიანად ააჟღერებს. ასეთი ბაზის შექმნა შეუძლია მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც ფული აქვს - ე.ი. კომპანია "არტ-იმედის" ინვესტორებს. სხვებს კი, იმათ, ვინც ვერ მოხვდა ბადრი პატარკაციშვილის კომპანიაში, ისევ ფონოგრამაზე მოუწევთ სიმღერა... ან სტილის შეცვლა - პოპ-მუსიკის შეცვლა როკ-მუსიკით, რომელიც, მოგეხსენებათ, უფრო ხმაურიანია და უფრო "რევოლუციური".
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG