Accessibility links

8 მარტი: ისტორიული და აქტუალური თარიღი


8 მარტს მსოფლიომ ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნა.

მართალია, ამ თარიღს 8 მარტსვე გამოვეხმაურეთ თბილისიდან რეპორტაჟითა თუ ახალი ამბების გამოშვებით, მაგრამ ყოველკვირეულ პროგრამაში "ქალი და მსოფლიო", ისევ ვუბრუნდებით ქალთა დღეს: შევაჯამებთ, ვინ და რატომ აღნიშნავდა მას წარსულში, ვინ და რატომ აღნიშნავს მას ახლა...

არჩევნებში მონაწილეობის უფლება - ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელმაც გაიჟღერა ქალთა დღეს პირველად, 1911 წელს. დიახ, მაშინ ქალები, საკმარისად გონიერ და სანდო ადამიანებად არ იყვნენ მიჩნეული საიმისოდ, რომ ელექტორატის შემადგენელ ნაწილად გამოეცხადებინათ. ასე იყო ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ინგლისსა და საფრანგეთშიც.

ქალთა დღის იდეის ავტორი კი, როგორც ცნობილია, გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინი გახდა და მისი იდეები, ჩანს, არა მარტო მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებების მქონეთათვის იყო მისაღები, რახან ქალთა დღის აღნიშვნაში პირველივე წელს ასიათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

მას შემდეგ თითქმის მთელმა საუკუნემ და, რომ იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩაიარა: 8 მარტი გაერომ აღიარა; ქალებმა არა მარტო საარჩევნო უფლება მოიპოვეს (თითქმის ყველა ქვეყანაში), ყოველი ჩვენგანისათვის არის ცნობილი სხვადასხვა სახის არჩევნებში გამარჯვებულ ქალთა შესახებ, რომლებიც, მართალია ცოტანი არიან, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, ან ახლა ასრულებენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღარაფერს ვამბობთ მეცნიერებასა და კულტურაში წარმატებულ ქალებზე. შედარებით ნაკლებ ჩანან, მაგრამ არიან წარმატებული ქალები ეკონომიკის სფეროშიც. ასეა, ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

და მაინც, საქართველოში ქალთა უფლებების დაცვაზე ლაპარაკი, ფემინისტური მოთხოვნები ბევრს აღიზიანებს. ეს დამიდასტურა გაერთიანება "ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის" ხელმძღვანელმა, ლიკა ნადარაიამ, თავის დროზე "ფემინისტური კლუბის" დამაარსებელმა და იქვე განმარტა, რატომ არ წყალობენ ფემინიზმს: [ლიკა ნადარაიას ხმა - იხ. აუდიოვერსია]

მაგრამ კიდევ ერთხელ: არჩევანის უფლება უკვე მოპოვებულია. რა არის ფემინისტების და ვისაც ეს სიტყვა არ მოსწონს - ქალთა უფლებების დამცველთა მთავარი მოთხოვნა დღეს? [ლიკა ნადარაიას ხმა - იხ. აუდიოვერსია]

ძალაუფლების მოთხოვნის გარდა ყველაზე ხშირად გაისმის მოთხოვნა, შეწყდეს ძალადობა ქალების წინააღმდეგ. რამდენად მწვავე, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ დღეებში ადამიანის უფლებათა დამცველმა წამყვანმა ორგანიზაციამ, "ამნესტი ინტერნეშენალმა", რომელიც ირწმუნება: ქალებისადმი ძალადობას ისეთი მასშტაბები აქვს მიღებული, რომ ჩვენს ეპოქაში ადამიანის უფლებათა ყველაზე აღმაშფოთებელ ხელყოფად უნდა ჩაითვალოსო. წელს 8 მარტს "ამნესტიმ" დაიწყო საერთაშორისო კამპანია ძალადობის, ქალებისადმი ძალადობის წინააღმდეგ. [აირინ ხანის ხმა] "ქალებისადმი ძალადობა დაუსჯელობისა და ჩაგვრის შედეგია, ძალაუფლების უსამართლოდ განაწილებისა და ცრურწმენის, პრობლემისადმი გულგრილობის შედეგია. ამიტომ ვამბობთ, რომ ქალებისადმი ძალადობა, შესაძლოა, უნივერსალური პრობლემა იყოს, მაგრამ არ არის მოუგვარებელი პრობლემა. ჩვენ ვამბობთ, რომ მთავრობებმა უნდა მიიღონ კანონები ქალების დასაცავად და უნდა შეასრულონ კიდეც ეს კანონები. ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ამბობენ ყველგან, მთელს მსოფლიოში: "ჩვენ ამ ძალადობას არ შევურიგდებით, არ გავჩერდებით, ვიდრე ქალებისადმი ძალადობა არ მოისპობა".

ეს სიტყვები 5 მარტს წარმოთქვა "ამნესტი ინტერნეშენალის" გენერალურმა მდივანმა აირინ ხანმა. სიმართლე რომ ითქვას, ძნელი წარმოსადგენია, ძალადობის რომელიმე ფორმის, თუნდაც ქალებისადმი ძალადობის მოსპობა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ "ამნესტის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ქალებისადმი ძალადობის საკითხზე, აირინ ხანის აღშფოთება, მისი ორგანიზაციის მიერ ამბიციური, შესაძლოა, მეტისმეტად ამბიციური გეგმის დასახვა, ალბათ, გასაგები გახდება. [აირინ ხანის ხმა] "ქალებისადმი ძალადობის მხრივ მართლაც აღმაშფოთებელი ის არის, რომ ყველგან ხდება - სოციალური ფენისა და კულტურის, რელიგიისა და წარმოშობისაგან დამოუკიდებლად".

მართლაც, ამნესტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ ქალებისადმი სისასტიკე ყველგან არის გავრცელებული. რამდენიმე სტატისტიკური მაჩვენებელი:

-შეერთებულ შტატებში ყოველ წუთნახევარზე ერთი ქალის გაუპატიურება მოდის. ამავე ქვეყანაში ყოველ დღე 4 ქალის სიცოცხლე ისპობა ოჯახში ძალადობის შედეგად.
- რუსეთში წელიწადში 14 000 ქალი ხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.
-პაკისტანში წელიწადში სულ ცოტა 1000 ქალს კლავენ "ოჯახის ღირსების დასაცავად".
-ბრიტანეთში 2003 წელს ქალის გაუპატიურების 14 000 შემთხვევა აღირიცხა, წინა წელთან შედარებით 8 პროცენტით მეტი.

ძალადობას ის იწვევს, განმარტავს ქართველი ფემინისტრი ლიკა ნადარაია, რომ ქალს უბრალოდ, ძალა არა აქვს თავის დასაცავად: [ლიკა ნადარაიას ხმა - იხ. აუდიოვერსია]
XS
SM
MD
LG