Accessibility links

პირველი საკადრო დანიშვნა ასლან აბაშიძესათან შეუთანხმებლად


აჭარის ავტონომიის სტრუქტურებში უშიშროების სამინისტროს გაუქმების მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეალურად აპირებს შეზღუდოს ასლან აბაშიძის

უფლებამოსილება ყველა მიმართულებით, რაც ადგილობრივი ხელისუფლების განმგებლობას აღემატება. 11 მარტს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ასლან აბაშიძესთან შეუთანხმებლად, აჭარის ავტონომიის სამხედრო პროკურორად საკუთარი კადრი დანიშნა, რაც პირველი შემთხვევაა ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობაში. ასლან აბაშიძემ ოფიციალური თბილისის ეს ნაბიჯი უზრდელობად შეაფასა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორი თვის წინ აჭარის შინაგან სამეთა მინისტრად დეპუტატ ჯემალ გოგიტიძის დანიშვნა ასევე არ ყოფილა შეთანხმებული ცენტრალურ სტრუქტურებთან.

რაც დრო გადის, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა სულ უფრო რთულად პროგნოზირებადი ხდება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე საზღვარგარეთული ვიზიტების დროსაც კი აღარ მალავს, რომ იგი აღშფოთებულია ზოგიერთი რეგიონის ლიდერის ფეოდალური კარჩაკეტილობით და სურს სრული კონტროლის დამყარება აჭარის ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციური პარტიების გააქტიურებას ადგილობრივი ხელისუფლება უხეში ფიზიკური ძალით უპირისპირდება.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესის" ცნობით,
10 მარტს ქედის რაიონში მოქმედმა ასლან აბაშიძის მხარდამჭერთა რაზმმა ქედის რაიონის წინორისის 29-ე საარჩევნო უბანი დაარბია და კომისიის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ოთხი დღის გაუჩინარების შემდეგ, 10 მარტს, სასტიკად ნაცემი იპოვეს ორგანიზაცია « დემოკრატიული აჭარის » კოორდინატორი თენგიზ აფხაზავა, რომელმაც ქართულ ტელეკომპანიებს განუცხადა, რომ იგი უცნობმა პირებმა ძალის გამოყენებით გაიტაცეს.

[თენგიზ აფხაზავას ხმა]

ცენტრალური ხელისუფლება შეშფოთებულია აჭარაში მიმდინარე ძალადობის ესკალაციით და იმით, რომ ყბადაღებული ნიღბიანები, რომლებიც ოპოზიციონერთა აქტივისტებს აწიოკებენ, დღემდე დაუსჯელები არიან. მიუხედავად ერთკვირიანი ვადისა, რომელიც აჭარის ხელისუფლებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა კვირის დასაწყისში ტელეკომპანია « რუსთავი-2 »-ის კორესპონდენტის ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტის გამოსაძიებლად მისცა, ბათუმი არ ჩქარობს რეაგირებას. საქართველოს ეროვნული უშრიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ასლან აბაშიძე ვერ ფლობს ადეკვატურ ინფორმაციას ცენტრალური ხელისუფლების შესაძლებლობების შესახებ.

[ვანო მერაბიშვილის ხმა]

ამ სიტყვიერი განცხადებების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება სიტყვიდან საქმეზე გადავიდა. 11 მარტს,
საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, ბათუმის რეგიონალურ სამხედრო პროკურორად დავით ასამბაძე დაინიშნა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარაში თანამდებობის პირი ავტონომიის ლიდერ ასლან აბაშიძესთან შეუთანხმებლად ინიშნება. ასლან აბაშიძემ უკვე გააკეთა კომენტარი ამ საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. "ზრდილობის საკითხი მაინც იყო, ამის შესახებ ავტონომიის პირველი პირი საქმის კურსში ჩაეყენებინათ."

აღსანიშნავია, რომ აჭარაში დაწყებული რეპრესიების გამო ხუთშაბათსვე საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარაშიც, ერთბაშად საპროტესტო აქციები გაიმართა. თუმცა აჭარის ხელისუფლებამ ოპონენტების განეიტრალების ორიგინალურ მეთოდს მიაგნო. სააგენტო "ინტერ-პრესის" ინფორმაციით, ბათუმის უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ ასლან აბაშიძის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ და ორგანიზაცია „ჩვენ აჭარაში" გაერთიანებულ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა პოლიტიკისგან ჩამოსაშორებლად ორიგინალურ ხერხს მიმართა: მათ ყოველდღიური სალექციო დატვირთვა გაუზარდა და დღეში 6-6 საათი ლექციების ჩატარება დაავალა.
XS
SM
MD
LG