Accessibility links

logo-print

ხაზინის ერთიანი ანგარიშით მთავრობა აჭარასთან საბიუჯეტო პრობლემის მოგვარებას შეეცდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 1 აპრილიდან სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მხოლოდ ხაზინის ერთიან ანგარიშზე აკუმულირდება. საბიუჯეტო სახსრების აღრიცხვიანობის და კონტროლის მოწესრიგების გარდა,

ფინანსთა სამინისტრო ამ ნაბიჯით აჭარასთან ფინანსური ურთიერთობის ინსტიტუციონალიზაციას შეეცდება.

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 1 აპრილიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები მხოლოდ ხაზინის ერთიან ანგარიშზე აკუმულირდება. ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ უნდა დაასრულოს ის ფინანსური ქაოსი, რომელიც ტრადიციულად წარმოიქმნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების აღრიცხვიანობის დროს, როდესაც რამდენიმე სახელმწიფო უწყებას ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ერთმანეთისგან განსხვავებული მონაცემები ჰქონდა. სხვათა შორის, ამ რეფორმის გატარებას უკვე მრავალი წელია, რეკომენდაციების სახით, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ითხოვდა, თუმცა წინა ხელისუფლებამ საკითხის გადაწყვეტა გააჭიანურა, რისი მიზეზიც, წმინდა ტექნიკურთან ერთად, პოლიტიკური მოტივაციაც იყო. აქამდე იმავე საბაჟო და საგადასახადო სამსახურებს 14 ათასამდე სატრანზიტო ანგარიში ჰქონდა, რომლის კონტროლი გართულებული იყო და, რაც მთავარია, თანხა, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში არ შედიოდა იმავე აჭარის ავტონომიიდან, ფიქტიურად მაინც აისახებოდა. ფინანსთა მინისტრი ფიქრობს, რომ ერთიანი სახაზინო ანგარიშის შემოღებით ცენტრსა და ბათუმს შორის არსებული "საბიუჯეტო დაძაბულობა" ინსტიტუციონალურად დარეგულირებადი ხდება.

ნოღაიდელი რეგიონთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ხაზინის რეფორმით "ინსტიტუციონალური საფუძველი ეყრება აჭარიდან ცენტრალურ ბიუჯეტში გადმოურიცხავი თანხების პრობლემის მოგვარებას. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ თანხების გადარიცხვა ბიუჯეტში ვიღაცის კეთილ ნებაზე იყოს დამოკიდებული, ამიტომ არ მაინტერესებს, რა რეაქცია ექნება რეგიონებს, მათ შორის - აჭარას," - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი.

1 აპრილიდან ხაზინის ერთიანი საშემოსავლო ანგარიშზე თავს მოიყრის ყველა სახის საბიუჯეტო შემოსავალი.
როგორც ცნობილია, ამ ფუნქციას მანამდე ეროვნული ბანკი კისრულობდა. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, ეროვნულ ბანკს ეს ვალდებულება "ჩამოეწერება," ფორმა 412 კი შემოსავლის აღრიცხვის დოკუმენტი აღარ იქნება. "შემოსავალი არის მხოლოდ ის, რომელიც თავს მოიყრის ამ ერთიან ანგარიშზე.

რაც შეეხება "საბიუჯეტო სეპარატიზმის" პრობლემას და იმას, თუ რა რეაქცია ექნება ბათუმს ცენტრის ინიციატივაზე, მინისტრის განცხადებით, ამის გარკვევას ერთი თვის შემდეგ უნდა ველოდეთ.
მანამდე ნოღაიდელი დამახასიათებელი პრინციპულობით აცხადებს, რომ არავის ექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიზეზით თუ საკუთარი განწყობის მიხედვით, თავი აარიდოს საბიუჯეტო გადასახადების ცენტრალურ ბიუჯეტში გადმორიცხვას."

ერთიანი ანგარიშით ფინანსთა სამინისტროს საფინანსო რესურსების ოპტიმალური მართვა და ლავირება შეეძლება, შემოსავლების დათვლასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობას კი ხაზინა აიღებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით არც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მალავს სიხარულს: "საქართველოს ერთი - ცენტრალური ბიუჯეტი აქვს და, შესაბამისად, ერთი ანგარიში უნდა არსებობდეს, რომ ყოველგვარ მანიპულაციებსა და ქაღალდების ტრიალს ბოლო მოეღოს. ჟვანია იმედოვნებს, რომ აჭარა და საქართველოს სხვა რეგიონები ცენტრთან იმ პირობებით ითანამშრომლებენ, რომლებსაც ცენტრალური ხელისუფლება შესთავაზებს."
XS
SM
MD
LG