Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი ტერორისტული აქტი ესპანეთში


ანდრო ეული, პრაღა ესპანეთის ხელისუფლებამ ბასკ-სეპარატსტთა დაჯგუფება ეტას დააკისრა ხუთშაბათს მადრიდში განხორიელებული ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა.

აფეთქებები დილის პიკის საათში მოხდა მადრიდის ცენტრში. უკანასკნელი მონაცემებით, 198 ადამიანი დაიღუპა; დაჭრილების რიცხვი 600-ს აღემატება.

(სასწრაფო დახმარების საყვირის ხმა).......

ასაფეთქებელი მოწყობილობები ბოროტმოქმედებმა საგარეუბნო მატარებლებში ჩადეს. მადრიდის ცენტრში მდებარე რკინიგზის სადგური ატოჩა პანიკამ მოიცვა, როცა ორმა აფეთქებამ ნამტვრევებად აქცია ესპანეთის დედაქალაქში გარეუბნებიდან რამდენიმე წუთით ადრე ჩასული მატარებლების ვაგონები.

თითქმის იმავე დროს კიდევ ორი აფეთქება მოხდა: ერთი - დედაქალაქის მახლობლად, რკინიგზის სადგურ ელ პოსო დელ ტიო რაიმუნდოში, ხოლო მეორე - სანტა ეუხენიას სადგურში, მადრიდ-გვადალახარის სარკინიგზო ხაზზე.

პოლიციამ, ყოველი შემთხვევისთვის, მიმდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო. პოლიტიკურმა პარტიებმა, კვირისთვის დანიშნულ საყოველთაო არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე კამპანია შეწყვიტეს.

ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია, თუმცა პოლიციის ვარაუდით, აფეთქებები ეტა-ს მოწყობილი უნდა იყოს. ცნობილია, რომ ბასკ სეპარატისტთა ორგანიზაცია ეტა დაგეგმილი აფეთქების წინ, როგორც წესი, გაფრთხილებას აქვეყნებს, მაგრამ ამჯერად ეს არ მომხდარა.

ექსპერტები არ გამორიცხავენ მომხდარში საერთაშორისო ტერორიზმის მონაწილეობას იმ ფა გათვალისწინებით, რომ ესპანეთი ერაყში მოქმედი ამერიკა-ბრიტანეთის კოალიციის წევრია, და რომ ისლამისტმა ექსტრემისტებმა, ესპანელ ჯარისკაცებზე, ერაყში, არაერთი თავდასხმა განახორციელეს.

აი, რა განაცხადა ხუთშაბათს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა: [კოფი ანანის ხმა] "განურჩევალად იმისა, როგორ განვმარტავთ ტერორიზმს, ვფიქრობ ყველასთვის ნათელია, რომ უდანაშაულო ადამიანთა დახოცვა ტერორიზმია და ამის თაობაზე განსხვავებული აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ეს მორალურად დაუშვებელია, რაშიც ვფიქრობ, ამ შენობაში მყოფი ყველა ადამიანი დამეთანხმება."

ეს სიტყვები კოფი ანანმა გაეროს ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში წარმოთქვა.

ევროპის პარლამენტმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ხუთშაბათს მადრიდში დაღუპულ უდანაშაულო მოქალაქეთა ხსოვნას. იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობებმა თანაგრძნობა გამოუთქვეს ესპანეთის ხელისუფლებას.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ მადრიდში მოწყობილ ტერაქტს "დემოკრატიაზე თავდასხმა" უწოდა [ჯეკ სტროს ხმა]: "ეს ბარბაროსობა მოხდა იმ დროს, როცა საყოველთაო არჩევნებამდე, ესპანეთში, ორიოდე დღეღაა დარჩენილი. ამდენად, ყველამ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ბარბაროსობა, აღმაშფოთებელი თავდასხმაცაა ამასთანავე ევროპული დემოკრატიის ძირითად პრინციპებზე."

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა გამოთქვა რწმენა, რომ ბოროტმოქმედებს უახლოეს მომავალში დააპატიმრებენ და დასჯიან. [ხოსე მარია ასნარის ხმა]: "ის კრიმინალები, ვინც ამდენი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა დღეს, დაპატიმრებულ იქნებიან. ისინი წარსდგებიან იმ სასამართლოების წინაშე, რომლებიც კანონს ექვემდებარება. დამნაშავენი ბოლომდე მოიხდიან სასჯელს, და ციხის საკანში გაიღვიძებენ ყოველდღე".

საგულისხმოა ისიც, რომ საყოველთაო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ესპანეთში ეტა გააქტიურდა. ამ თვის დასაწყისში პოლიციამ დააპატიმრა ეტას წევრობაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი, რომლებიც 500 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანით მადრიდისკენ მიემგზავრებოდნენ.

ხოლო შარშან დეკემბერში, პოლიციელთა ძალისხმევით თავიდან იქნა აცილებული მადრიდის რკინიგზის სადგურში დაგეგმილი აფეთქება, რომელიც ეტა-ს წევრებს უნდა განეხორციელებინათ. პოლიციის ცნობით, ბასკეთის დედაქალაქ სან-სებასტიანიდან მადრიდში მიმავალ მატარებელში იპოვეს ჩემოდანში, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამალული.
XS
SM
MD
LG