Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკუსია ვარდების რევოლუციის შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 11 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციამ, მასმედიის კავკასიურმა ინსტიტუტმა, დისკუსიაზე მიიწვია პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, მესამე სექტორის წევრები რუსეთიდან, სომხეთიდან,

აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. მრგვალი მაგიდის თემა გახლდათ "ვარდების რევოლუცია კავკასიის კონტექსტში". ნოემბრის შემდეგ 3 თვე გავიდა და ქართულ რევოლუციას ფართოდ განიხილავენ საქართველოშიც და კავკასიის სხვა ქვეყნებშიც. როგორ შეცვალა საქართველოს მოვლენებმა მთლიანად კავკასია და თითოეული ქვეყანა ცალ-ცალკე? როგორ ხედავენ ქართველი ექსპერტები თავიანთი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე? როგორ მოჩანს ვარდების რევოლუცია მეზობელი ქვეყნების გადმოსახედიდან და რა ახალი თემები დააყენა რევოლუციამ ამ ქვეყნების დღის წესრიგში? ამ საკითხებზე მოუხდათ მსჯელობა მრგვალი მაგიდის სტუმრებს. გაგაცნობთ დისკუსიის რამდენიმე ფრაგმენტს.

წამოჭრილ საკითხთა გარდა, დისკუსიაზე სხვა უამრავი კითხვა დაისვა. ზოგიერთ სტუმარს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ქართულ რეალიებზე და, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორიდან ცოტა ხნის მისული ეგონა. ზოგიერთი კი ცდილობდა გაერკვია, რატომ არ მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანში ის, რაც საქართველოში მოხდა გასული წლის მიწურულს. სომხეთის პარლამენტისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრს შავარშ ქოჩარიანს მიაჩნია, რომ ქართული რევოლუციის ბედი ძალოვანმა სტრუქტურებმა გადაწყვიტეს, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს შევარდნაძის ხელისუფლებას. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ შევარდნაძე ისედაც წარმავალი ფიგურა იყო. მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ შევარდნაძეს გვერდით არც ბიზნესმენები დაუდგნენ. სომხეთში საპირისპირო ვითარებაა: პრეზიდენტ ქოჩარიანს სომეხი ბიზნესმენები მხარს უჭერენს და არც ძალოვან სამსახურებს მიაჩნიათ ის ხანდაზმულ და წარმავალ ფიგურად.

შავარშ ქოჩარიანი ერთ საგულისხმო ამბავსაც მოჰყვა.

[ქოჩარიანის ხმა] უზბეკეთში მოქმედებს ამერიკის ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც, წესისამებრ, ოპოზიციურ პარტიებთან მუშაობს. იბარებს მის წარმომადგენელს უზბეკეთის პრეზიდენტი ქარიმოვი და ეუბნება: რატომ თანამშრომლობთ ამ პარტიასთან, მე ხომ ოპოზიციურ პარტიად სხვა ორგანიზაცია დავნიშნე? თქვენ რა, გსურთ აქ ქართული ვარიანტი მომიწყოთ? მე ვფიქრობ, რაც საქართველოში მოხდა, ის ძნელი გასაკეთებელი იქნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში."

აზერბაიჯანის ეროვნული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის პრეზიდენტმა ლეილა ალიევამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ოპოზიცია, შესაძლოა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე საქართველოში, მაგრამ საქართველოში რევოლუციის წარმატება სამოქალაქო სექტორის სიძლიერემ განაპირობა. აზერბაიჯანული ოპოზიცია ახლა აანალიზებს თავის შეცდომებს და ითვალისწინებს საქართველოს გამოცდილებას, თქვა ლეილა ალიევამ.

დისკუსიაზე უამრავი საინტერესო აზრი გამოითქვა. მე მხოლოდ მათ ავტორებს, ქართველ მონაწილეებს ჩამოვთვლი: დავით დარჩიაშვილი, დევი ხეჩინაშვილი, გიგა ბოკერია, ივლიანე ხაინდრავა, პაატა ზაქარეიშვილი, ლევან ბერძენიშვილი... ეს სიაც სრული არ გახლავთ. სავარაუდოდ, მრგვალი მაგიდის მასალები წიგნად გამოვა.
XS
SM
MD
LG