Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ განხორციელდება 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი


არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებიდან" ზურაბ ჭიაბერაშვილის წასვლისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მისი დანიშვნის შემდეგ "სამართლიანმა არჩევნებმა"

არჩევნების მთავარი მონიტორის ფუნქცია დაკარგა. ამას დაემატა ორგანიზაციის შიგნით მომხდარი განხეთქილება და მომავალი საპარლამენტო არჩევნები ორგანიზებული და ობიექტური მეთვალყურეობის საფრთხის წინაშე დადგა. "სამართლიანი არჩევნების" ალტერნატივის კონტურები მხოლოდ ახლახან, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გამოიკვეთა. გესაუბრებით ამ ალტერნატივისა და იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდება 28 მარტის არჩევნების მონიტორინგი.

[საარჩევნო კლიპის ფრაგმენტი]

ეს არის იმ სატელევიზიო ვიდეორგოლის ფრაგმენტი, რომლითაც მოძრაობა "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" ამომრჩეველს 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე ეპატიჟება. ეს კავშირი 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერაა დაფუძნებული და ვიდეორგოლში ცნობილი ტელეწამყვანების სახეების გამოყენებით ცდილობს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თვითდამკვიდრება მოახერხოს. თუმცა იმ სამუშაოს განხორციელება, რომელიც "სამართლიანმა არჩევნებმა", წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების წყალობით, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე შეძლო, "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" შესაძლებლობებს სცილდება. ეს ორგანიზაცია 2 ნოემბრის არჩევნებზე მხოლოდ 50 კაციანი სადამკვირვებლო მისიით იყო წარმოდგენილი, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი დამკვირვებელთა რიცხვის 500-მდე გაზრდა მოახერხა. იგი ახლა 2000-ზე მეტი დამკვირვებლის შემოკრებას გეგმავს და დამკვირვებელთა გადამზადებისთვისაც ემზადება. რა თქმა უნდა, ყველა ეს სამუშაო საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდება.

[კოკი იონათამიშვილის ხმა]

ეს იყო "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" ერთ-ერთი ლიდერი კოკი იონათამიშვილი. მისი ორგანიზაცია არჩევნების მონიტორინგს 60 საარჩევნო ოლქში განახორციელებს. სიტყვა მონიტორინგის უკან კი "ახალი ინიციატივა" საარჩევნო კომისიისა და ამომრჩევლისათვის არჩევნების ობიექტურად ჩატარებაში ხელშეწყობას გულისხმობს.
რა თქმა უნდა, მისი დამკვირვებლები საზოგადოებას დარღვევების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

"ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" პარალელური დათვლის განხორციელებას მხოლოდ 4 საარჩევნო ოლქში აპირებს. აქედან 2 თბილისში იქნება, 1 - ფოთში და 1-იც - ბათუმში. ეს ამ ორგანიზაციის ძალების მოსასინჯად და გამოცდილების შესაძენად კეთდება.

"ახალი ინიციატივისგან" განსხვავებით, კვლავინდებურად ამბიციურია "სამართლიანი არჩევნების" გეგმები. ორგანიზაციის ლიდერის მერაბ მეშველიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია უბნების 20 პროცენტის პარალელური დათვლის განხორციელებას აპირებს. ამ საქმიანობისთვის "სამართლიან არჩევნებს" 2300-მდე დამკვირვებელი ჰყავს შერჩეული, რაც მხოლოდ 300-ით თუ აღემატება "ახალი ინიციატივის" დამკვირვებელთა რაოდენობას.

არჩევნების მონიტორინგს დამოუკიდებლად კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც ახორციელებს. იქნება თუ არა არასამთავრობოთა კონკურენციის პირობებში განხორციელებული მონიტორინგი გაცილებით ეფექტური, ვიდრე 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების სადამკვირვებლო კამპანია, ეს 28 მარტის შემდეგ გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG