Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძებნილი ბასილ მკალავიშვილი საზოგადოებას თავს არ ავიწყებს


"ვარდების რევოლუციის" შემდეგ პროკურატურის მიერ ძებნილი ბასილ მკალავიშვილი პირველად წარდგა საზოგადოების წინაშე. ჩვენი რადიოს მსმენელს, ალბათ, ახსოვს, რომ საპატრიარქოს მიერ

მოკვეთილ ყოფილ მღვდელს ვაკე-საბურთალოს სასამართლომ ჯერ კიდევ შარშან სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ბასილ მკალავიშვილს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება: მას იცნობენ საქართველოში, იცნობენ საზღვარგარეთაც. მისი, როგორც რელიგიური უმცერესობების უფლებათა უხეში დამრღვევის, გვარი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებაშია შეტანილი. და კიდევ: 2003 წელს ვაკე-საბურთალოს სასამართლომ სხვისი ქონების განადგურებისა და სხვა არაერთი მუხლით ბრალდებულ ბასილ მკალავიშვილს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა რამდენიმეთვიანი გაუჩინარების შემდეგ, 11 მარტს, პოლიციისა და პროკურატურის მიერ ძებნილი კვლავ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

უნდა ითქვას: დრომ და ხელისუფლების შეცვლამ მკალავიშვილის ლექსიკას ჯეროვანი კვალი ვერ დაამჩნია.

[ბასილ მკალავიშვილის ხმა] "ჩემი გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ უკვე დროა დავიწყოთ მართმადიდებლური ეკლესიის დაცვა და ავლაგმოთ ეს ვარდოვანი ყვავილებით მოსული მთავრობა. ამათ მე მივხედავ დღეის შემდეგ, თუ არ ესმით რა უნდა გააკეთონ და სიტყვა არ ჭრის, სხვანაირადაც მივხედავ - სხვანაირი ხერხებიც ვიცი."

-
სად იყავით, თუ საიდუმლოება არ არის?

[ბასილ მკალავიშვილის ხმა] "ხან დევნილობაში ვიყავი, ხან საავადმყოფოში ვიყავი, ხან კიდევ ეკლესიას ვაშენებდი."


სახალხო დამცველის ოფისის ეზოში მკალავიშვილი მარტო არ მოსულა.

[მამაკაცის ხმა] "ხალხო, რატომ კეთროვნებივით გვიყურებთ? იმის გულისთვის, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და ვიცავთ მართლმადიდებლების უფლებებს?"

- არ გეშინიათ, პოლიცია რომ მოვიდეს?

[მამაკაცის ხმა] "მოვიდეს პოლიცია, რას ვაშავებთ... გავიდა ის სამი თვე, ცხრა თვე, ეს კაცი არსად არ გაქცეულა, აქ არის, ეკლესიაში. და თუ დასაპატიმრებლები ვართ, არ ჯობია ციხეში ვიჯდეთ ამისთანა ქუჩაში ყოფნის გულისთვის?" (სტილი დაცულია)

პოლიცია კი, მართლაც, მოვიდა, მაგრამ დაპატიმრებით არავინ დაუპატიმრებია. მე კომენტარი მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს ვთხოვე, რომელიც მანამდე მკალავიშვილის მხარდამჭერებს შინაურულად ესაუბრებოდა.

- აპირებთ რამე ღონისძიების ჩატარებას?
[მიხეილ გიორგაძის ხმა]: "არა!"

- რატომ, ის ხომ ძებნილია?

[მიხეილ გიორგაძის ხმა] "არ ვიცი, მე არა მაქვს ასეთი მითითება. სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება ჩემთვის უცნობია და ხელმძღვანელობიდანაც არავითარი განკარგულება არა მაქვს, რომ რაღაც ესეთი მოქმედება ჩავატარო."

არის თუ არა საჭირო მოქმედებებისათვის ზემდგომის განსაკუთრებული მითითება, ამის შესახებ იურისტ დავით უსუფაშვილს მოუსმინეთ:

[დავით უსუფაშვილის ხმა] "როდესაც ცხადდება ძებნა კონკრეტულ პიროვნებაზე, ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ყველა საპოლიციო უწყებას და, თუ პოლიციელი ასეთ პირს დაინახავს, იგი ვალდებულია მიიღოს ზომები და დააკავოს. ასე რომ, რამე დამატებითი მითითება და არგუმენტები ასეთ შემთხვევაში, როცა პირზე ძებნაა გამოცხადებული, არ არის საჭირო."(სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, პოლიცია მიმალვაში მყოფ ძებნილს იოლად შეელია. არადა, ბასილ მკალავიშვილი პოლიციელთა თანდასწრებით აკეთებდა ასეთი შინაარსის განცხადებას:

[ბასილ მკალავიშვილის ხმა] "არ ვუშვებდი მშვიდობიანი ფორმებით, ვუკეტავდი მათ გზას და არ ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ შეკრებილიყვნენ ეს სატანისტის მიმდევრები. და რაც გააკეთა სააკაშვილმა და მისმა მიმდევრებმა, როცა შევარდნენ პარლამენტში და სხვისი ქონება გაანადგურეს, - მე მხედველობაში მაქვს პრეზიდენტის სკამი, - და მე ვწვავდი იეღოველთა ლიტერატურას და ამათ კიდევ უარესი გააკეთეს." (სტილი დაცულია)

როგორ უნდა მოქცეულიყო პოლიცია? ეს კითხვა მე უფლებათა დამცველ სოზარ სუბარს დავუსვი:

[სოზარ სუბარის ხმა] "თუ არ დაიჭირეს - ესეც იქნება კარგი ტესტი ახალი ხელისუფლებისთვის და იქნება ძალიან ცუდი ნიშანი იმისი, რომ რაღაცნაირად ესენიც აგრძელებენ ისევ იმ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკისა და შეცდომების გამეორებას." (სტილი დაცულია)

თუმცა ყველაფერს მომავალი აჩვენებს: მკალავიშვილის გამოწვევას ხელისუფლება, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უპასუხებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG