Accessibility links

logo-print

ვინ გაასამართლებს სადამ ჰუსეინს?


თუკი ადრე ერაყის ყოფილი ლიდერის ადგილსამყოფელის დაზუსტება

იყო აქტუალური, ახლა ის არის გაურკვეველი - ვინ გაასამართლებს სადამ ჰუსეინს, რომელი სასამართლოს წინაშე წარდგება ის და რაზე აგებს პასუხს. ერთი რამ უკვე ცხადია, რომ შეერთებული შტატები აქტიურად ცდილობს მტკიცებულებების შეგროვებას სადამ ჰუსეინის ტრიბუნალზე წარსადგენად.

ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაცია, რომელსაც შეერთებული შტატები უდგას სათავეში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესისთვის მტკიცებულებებს ამზადებენ, საბოლოოდ ყველა საქმეს ერაყელ გამომძიებლებს გადასცემენ დასრულებისთვის. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დონ სენორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სადამ ჰუსეინის საქმეში წამყვან როლს ერაყელი იურისტები ითამაშებენ და სასამართლო პროცესსაც ისინი წარმართავენ.

ასეთი განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია განსაკუთრებით არის მოწადინებული სადამ ჰუსეინი ერაყელებმა განსაჯონ. მოწადინებულია მიუხედავად იმისა, რომ სადამ ჰუსეინს სამხედრო ტყვის სტატუსი აქვს და რომ მისი განსჯაც კოალიციის კომპეტენციაა.

ამარ ალ-შაბანდარი ბაღდადში ამერიკულ-ერაყულ ფონდს წარმოადგენს. ეს ფონდი აქტიურად მუშაობს სადამ ჰუსეინის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე მტკიცებულებების მოძიებაზე. შაბანდარი მოელის, რომ შეერთებული შტატების მიერ ერაყელთათვის ძალაუფლების გადაცემის შემდეგ ძალიან მალე სადამ ჰუსეინს ერაყის ხელისუფლებას გადასცემენ.


[შაბანდარის ხმა]
"ეს გაკეთდება შემდეგნაირად: როგორც კი დასრულდება ოკუპაცია სადამის სამხედრო ტყვის სტატუსი შეიცვლება. ისინი მათ გადასცემენ მისივე ქვეყნის - ერაყის მთავრობას, რომელიც გადაწყვეტს მისი დაპატიმრებისა და მისთვის ბრალდების წაყენების საკითხს".

ჟენევის კონვენციათა შესაბამისად, სამხედრო ტყვე უნდა განსაჯოს მისმა დამტყვევებელმა, ამ შემთხვევაში - კოალიციის წევრებმა. ჟენევის კონვენცია იცავს ტყვეებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსჯისგან.

თუმცა, ვაშინგტონი მაინც ირწმუნება, რომ სადამ ჰუსეინს შეიძლება მოეხსნას სამხედრო ტყვის სტატუსი, თუკი მოინახება მტკიცებულება, რომ მისი რეჟიმის დამხობის შემდეგ ის კოალიციის ძალების წინააღმდეგ მოწყობილ აქციებს ედგა სათავეში.

ისევე, როგორც შტატების, ერაყის დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ სადამ ჰუსეინის ერაყელთა მიერ გასამართლებას დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. ამარ შაბანდარი ამას ასე ხსნის:

[შაბანდარის ხმა]
"სადამ ჰუსეინი ერაყელებს არ ჩამოგდიათ, ეს უცხო ძალამ გააკეთა. მიუხედავად ამისა, საჭიროა ერაყელებმა იგრძნონ, რომ საკუთარ ბედს განაგებენ და რომ მათი ყოფილი ხელისუფალი ისჯება არა საერთაშორისო პოლიტიკური დანაშაულის - მასობრივი განადგურების იარაღის ფლობის გამო, არამედ იმ დანაშაულთა გამო, რაც მან ერაყელთა წინაშე ჩაიდინა".

სამხედრო ტრიბუნალის შესახებ კანონი ერაყმა 10 დეკემბერს მიიღო, რომელიც ითვალისწინებს 5-მსაჯულიანი ტრიბუნალის შექმნას. ეს მოსამართლეები მარტის ბოლოს უნდა დაინიშნონ.

სადამ ჰუსეინის ერაყის სასამართლოს მიერ განსჯის შესაძლებლობის გამო აღშფოთებას გამოთქვამენ ადამიანის უფლებათა დამცველები, რადგან ეჭვი ეპარებათ ასეთი სასამართლოს ობიექტურობაში. გარდა ამისა, ერაყში არავის გაუუქმებია სიკვდილით დასჯა და უდიდესი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ეს სასჯელი სწორედ სადამ ჰუსეინს შეუფარდონ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯერ კიდევ ჰუსეინის აყვანისას განაცხადა, რომ მისი გასამართლებისას აუცილებლად უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის ნორმები. 39 [ხმა ფონად]

თუკი ერაყის ყოფილი ლიდერი მისივე ქვეყანაში წარდგება სასამართლოს წინაშე, უმთავრეს ბრალდებებს შორის, რომელსაც მას წაუყენებენ, იქნება: 1988 წელს მომწამლავი აირის გამოყენება ქურთი ეროვნების მოსახლეობის მიმართ, ერაყელ შიიტთა სიკვდილით დასჯა გასული საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში და სამხედრო ქუვეითის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის ჩადენა.
XS
SM
MD
LG