Accessibility links

ქართულ-სომხური ურთიერთობის პრობლემები


მიხეილ სააკაშვილის სომხეთში სტუმრობის ფონზე, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმის ცოდნა, თუ რა პრობლემები აწუხებთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს,

რას ელიან ისინი საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრისგან; საინტერესო უნდა იყოს ისიც, თუ რატომ ვერ მოხერხდა დღემდე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დადგენა.

საქართველოში ეთნიკური სომხები, ძირითადად, თბილისში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის მთიან ზონაში - წალკის რაიონში ცხოვრობენ. რამდენიმე თვის წინ სწორედ წალკის რაიონში მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც ადგილობრივმა მასმედიამ ეთნოკონფლიქტის დასაწყისადაც კი მიიჩნია. მაშინ წალკის რაიონის სომხურ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც რაიონის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ, გამგებლის, ელდარ ხვისტანის, გადადგომას ითხოვდნენ. მოთხოვნა მოგვიანებით გამგებლის მხარდამჭერებთან მასშტაბურ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. წალკის ახალი გამგებელი მიხეილ ცქიტიშვილი აცხადებს, რომ კონფლიქტი სრულად არის ამოწურული.

[მიხეილ ცქიტიშვილის ხმა] "ესე იგი, მაჟორიტარი დეპუტატი გვყავს სომეხი, გამგებლის მოადგილე სომეხია, საკრებულოს თავმჯდომარეც სომეხია; ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში არიან დასაქმებულები, ასე რომ,პრობლემა არ არის... თითქმის ყველა სამსახურში, ჯანდაცვაში და ასე შემდეგ, არანაირი დისბალანსი არ არსებობს პრაქტიკულად." (სტილი დაცულია)

გამგებლის თქმით, რაიონის მოსახლეობას, ძირითადად, სოციალური ხასიათის პრობლემები აწუხებს. ხოლო ის გარემოება, რომ, მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დადგენა, ორი ქვეყნის ურთიერთობას, ისევე როგორც საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფას, ერთი-ორად ამძიმებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზაზა კანდელაკი მიიჩნევს, რომ საზღვრის დადგენის გარეშე სახელმწიფოებს შორის სრულყოფილი ურთიერთობა წარმოუდგენელია:

[ზაზა კანდელაკის ხმა] "პრეზიდენტი საქართველოსი როდესაც სამხრეთ-კავკასიის სახელმწიფოების ინტეგრაციაზე საუბრობს, ამ ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა ის, რომ განისაზღვროს, პირველ რიგში, საზღვარი... საზღვრის დაფიქსირება აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ სახელმწიფოებმა დაიწყონ, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი ურთიერთობა."(სტილი დაცულია)

საქართველო-სომხეთის ორას თორმეტ კილომეტრიანი დაუდგენელი საზღვრის უშუალო სიახლოვეში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კოჩუაში, ცხოვრობს ჩემი მორიგი რესპონდენტი ვარდან მიქაელიანი.

[ვარდან მიქაელიანის ხმა] "უამრავი პრობლემაა. ჩვენთან, ახალქალაქში, შუქი არ არის. გზებიც არაფრად ვარგა... თუ არ დაგეზარებათ, ჩამოდით, თავად დარწმუნდით: აქ ცხოვრება, საერთოდ, შეუძლებელია."

ვარდანი 26 წლის არის და თავს კარტოფილის მოყვანით ირჩენს, მოწეულ მოსავალს კი გასაყიდად რუსეთში ეზიდება. თუმცა, პრობლემების სიუხვის მიუხედავად, ჩემი რესპონდენტი ოპტიმისტი აღმოჩნდა.

- დამეგობრდებიან სააკაშვილი და ქოჩარიანი?

[ვარდან მიქაელიანის ხმა] "აუცილებლად!"

ვარდან მიქაელიანი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები აუცილებლად დამეგობრდებიან.
XS
SM
MD
LG