Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცავი ორგანოები და შევიწროებული ადამიანები


სამართალდამცავ ორგანოებსა და საზოგადოებას შორის ჯერჯერობით კვლავაც ღრმა უფსკრულია და იმაზე უფრო ღრმაც, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს იყო - სწორედ ამ აზრის არის

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის". ხსენებული ორგანიზაციის მიერ შეგროვებული მასალა მოწმობს, რომ ადამიანის უფლებების შელახვის, დევნისა თუ წამების ფაქტები ჯერ ვერც ვარდების რევოლუციამ შეამცირა. უწინ შევიწროებულები კვლავაც ვიწროვდებიან.

22 წლის ზურაბ სადაღაშვილი პოლიციამ 2003 წლის 25 იანვარს შინისაკენ მიმავალი დააკავა და, როგორც ეს ხშირად მიზეზად სახელდება ხოლმე, ჯიბეში ნარკოტიკები აღმოუჩინა. მისი დედის ნათელა უგულავას განცხადებით, წინასწარი დაკავების საკანში სადაღაშვილი ათასნაირი მეთოდით უმოწყალოდ აწამეს:

(ნათელა უგულავას ხმა) "ელექტროშოკით, აირწინაღით და ... თავის არეში ცემით და... მთელი ქურთუკი სისხლით იყო დასვრილი."

გამოძიების 9 თვემ უშედეგოდ ჩაიარა, მაგრამ, დაზარალებული მხარის თქმით, აღკვეთილი თავისუფლების გასასამართლებლად მართლმსაჯულებამ განსასჯელს გაუგებარი მუხლი მაინც შეუფარდა. მართალია, სადაღაშვილმა პოლიციელებს წამების ფაქტის გამო თავის დროზე უჩივლა, მაგრამ მის სამართალს ჯერაც არ გაუმარჯვია. ნათელა უგულავას განცხადებით, მისი შვილის ცემას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ესწრებოდა, რომელიც, ბედის ირონიით, მაღალ პოსტს დღემდე ინარჩუნებს. დედა გვარებს, შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასახელებს:

(ნათელა უგულავას ხმა) "ვინ იყო - ვერ ვიტყვი... იმიტომ რომ, როგორც კი ჩვენ აღვძარით საქმე, დაიწყო დევნა და დღესაც დევნა მიდის. ბავშვი გამოსული არ იყო, რამდენიმე დღეში ისევ ჩაუდეს ნარკოტიკი... ბავშვი, ფაქტიურად, სახლიდან ვეღარ გადის. დაურეკეს - ხმას ნუ იღებ, თორემ უარესი დაგემართებაო."

არასამთავრობო ორგანიზაციას "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" სადაღაშვილებივით სასოწარკვეთილი მრავალი ოჯახი აკითხავს. ეს სწორედ ის ფენაა, რომელსაც რკინის ქალამნებმა ვერც წარსული ხელისუფლების დროს უშველა და, როგორც ჩანს, ჯერ ვერც ვარდებით მოსული ხელისუფლების დროს შველის. აშკარაა, რომ საზოგადოებასა და სამართალდამცავებს შორის ნდობის კრიზისი კვლავაც ძალიან ღრმაა. ხსენებული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ კრიზისი, პოლიციელებისა და პროკურატურის წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი არაცივილიზებული ქმედებების გამო, კიდევ უფრო ღრმავდება:

(ნანა კაკაბაძის ხმა) "ძალიან ხშირად პოლიცია, თუმდაც კანონიერად ახორციელებდეს დაკავებას, იყენებს ცივილიზებული სამყაროსთვის ისეთ მიუღებელ ფორმებს, რომ ეს იწვევს საზოგადოების რისხვას არა დამნაშავის, არამედ - პოლიციის მიმართ. რა თქმა უნდა, იგივე შეიძლება ითქვას პროკურატურაზეც. მე მგონი, ეს არის მათი არაკვალიფიციურობის შედეგი."

დღეს ჩვენს საზოგადოებას სამართალდამცავთა საქციელში, მართლაც, მრავალი ფაქტი აძრწუნებს. არავინ იცის - რა იქნება ხვალ, თუკი იგივე საზოგადოება თავის უფლებებს ზედმიწევნით კარგად არ დაისწავლის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG