Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების ავტორიტარული ეთიკა


"ბრძოლა არ დასრულებულა, რევოლუცია გრძელდება!" - ამ სიტყვებს საქართველოს სახელისუფლო გუნდის ბევრი წევრისგან მოისმენთ. ბრძოლის მიმდინარე ეტაპის მთავარი ამოცანაც გარკვეულია:

ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება. ეს მიზანი კი, თავის მხრივ, ქვეყანაში ავტორიტარული ეთიკის დამკვიდრებას გულისხმობს.

ცნობილია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას ორი არჩევანი აქვს: იგი ან ავტორიტარულ ეთიკას ეყრდნობა, ან - ჰუმანიტარულს. ავტორიტარულ ეთიკაზე დაფუძნებული ხელისუფლება თავად განსაზღვრავს, რა არის კარგი ან ცუდი რიგითი მოქალაქისთვის, თავადვე აწესებს "თამაშის წესებს", რომელთა დაცვას ისევ და ისევ თავად უზრუნველყოფს. ჰუმანიტარული ეთიკის სივრცეში კი ხელისუფლების წყაროც, მართვის თანამონაწილეც და "თამაშის წესების" დამცველიც უბრალო, რიგითი ადამიანია. ავტორიტარული ეთიკის მიზანი ხელისუფლების გამტკიცებაა, ჰუმანიტარული ეთიკის ათვლის წერტილი კი თითოეული ინდივიდია.

ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება რევოლუციური წესით იცვლება, ცხადია, პირველ ამოცანად ძალაუფლების კონტროლი მიიჩნევა. ამიტომაც, გასაკვირი არ არის არც მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომ იგი მთელ საქართველოს გააკონტროლებს, არც მისი მუქარები სხვადასხვა ადრესატის მიმართ, არც ის ფაქტი, რომ ხელისუფლების თითქმის ყველა ნაბიჯი მისსავე გაძლიერებას ემსახურება და არა მოქალაქეების ინტერესებს. პრეზიდენტი ამ ეტაპზე სრულ ნდობას და მხარდაჭერას ითხოვს.

ავტორიტარული ეთიკა, რაგინდ მიუღებელი და გამაღიზიანებელი იყოს იგი მავანისთვის, რევოლუციის შემდგომ პერიოდში უალტერნატივოა. იგი ამკვიდრებს ხელისუფლების ავტორიტეტს, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია "თამაშის წესების" შესაცვლელად. ოღონდ, საქმე ისაა, რომ ავტორიტეტიც ორგვარია: რაციონალური და ირაციონალური. მათგან მხოლოდ რაციონალური ავტორიტეტი ეფუძნება კომპეტენტურობას, ურთიერთობის ფორმად აღიარებს დიალოგს და ეგუება კრიტიკას. ირაციონალური ავტორიტეტი კი მიზნად ისახავს ადამიანების დაშინებას, ამკვიდრებს იერარქიას, კრძალავს კრიტიკას და ულტიმატუმების ენით საუბრობს.

დღევანდელი ხელისუფლება აცხადებს პრეტენზიას რაციონალურ ავტორიტეტზე, თუმცა მისი ქმედება ხშირად ირაციონალურ სივრცეში იჭრება. გარეგნული გამოვლინება მაგიდაზე კაკუნი და წმინდა მიხეილის თუ წმინდა გიორგის ხშირი ხსენებაა; არსებით გამოვლინებად კი იერარქიულობა, ჩაკეტილობა, მასმედიის მიმართ დამოკიდებულება, დიალოგის კულტურის დეფიციტი უნდა მივიჩნიოთ.

უახლოესი თვეების განმავლობაში ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე სიარული დასჭირდება. მისაღებია არგუმენტი, რომ ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების გარეშე შეუძლებელია რეფორმების გატარება და, თუნდაც, დეცენტრალიზაცია. მაგრამ ეს მტივნეული პროცესი უნდა წარიმართოს რაციონალური ავტორიტეტის ფარგლებში, საზოგადოებრივი აზრის მეტ-ნაკლები პატივისცემით. კრიტიკაზე გაღიზიანება, მედია-საშუალებების დახარისხება, "გინდათუარობის" პოლიტიკა და მრავალი სხვა, რაც აღიზიანებს საზოგადოებას, პირველ რიგში, თავად ხელისუფლებას დაუმძიმებს უამისოდაც არცთუ მსუბუქ მყოფობას.
XS
SM
MD
LG