Accessibility links

logo-print

განმეორდება თუ არა აჭარაში ხავერდოვანი რევოლუცია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე კვლავ მოსკოვში გაემგზავრა.

იგი მოსკოვიდან საუბრობს ოფიციალური თბილისის გეგმებზე, რაც თითქოს აჭარაში შეიარაღებული ძალების შეყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ: აჭარაში მოარული ხმებით, ასლან აბაშიძისადმი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები 15 მარტს ბათუმში გრანდიოზული მიტინგის გამართვას გეგმავენ. ასლან აბაშიძის ვარაუდით, ეს მიტინგი მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის იქნება გამოყენებული.
რამდენად შესაძლებელია აჭარაში ხავერდოვანი რევოლუციის გამოცდილების გამეორება?


ასლან აბაშიძის მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებს საპასუხო განცხადებები მოჰყვა. ორგანიზაცია "ჩვენი აჭარის" ერთ-ერთი წარმომადგენლის, თამაზ დიასამიძის, განმარტებით, 15 მარტს ბათუმში ოპოზიციის გრანდიოზული მიტინგი არ იგეგმება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა ამომრჩეველთან იმ შენობაში გაიმართება, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება კანონის საფუძველზე გამოუყოფს ორგანიზაციას.
თბილისიდან აჭარაში შეიარაღებული ძალების გადასროლის შესახებ ასლან აბაშიძის განცხადებას გამოეხმაურა ერევანში მყოფი საქართველოს პრეზიდენტიც, რომლის თქმითაც, არავინ არ გეგმავს აჭარაში შეიარაღებული ნაწილების გადასროლას:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მე მინდა ყველას ვუთხრა: ჩვენ არ გვაქვს არავითარი გეგმა, გამოვიყენოთ სამხედრო ძალა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველა უფლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ყოველთვის გავაკეთოთ ის, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. ამიტომ ვერანაირი ასლან აბაშიძე მე ვერ დამარიგებს ჭკუას და ვერ მიმითითებს, სად და როდის გამოვიყენო კონსტიტუციით მონიჭებული უფლება. მე არ ვაპირებ ამას, - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - მაგრამ არავის არ ვურჩევ პროვოკაციების მოწყობას. ჩვენ აჭარაში ვაპირებთ არჩევნების მოგებას და არა სამხედრო ძალის გამოყენებას."
შეგახსენებთ: ბოლო წლების მანძილზე, ნებისმიერი დონის არჩევნების წინ, თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობა, ტრადიციულად, იძაბებოდა. ტრადიციულად, ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ბათუმში ჩასვლით ხერხდებოდა დაძაბულობის მოხსნა, თუნდაც ასლან აბაშიძისთვის დამატებითი უფლებების მინიჭების ხარჯზე. ამჯერად, როგორც ჩანს, საქართველოს ახალი პრეზიდენტი თავისი წინამორბედის გამოცდილების გაზიარებას არ აპირებს.
და მაინც - რამდენად შესაძლებელია აჭარაში ხავერდოვანი რევოლუციის გამეორება? კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია:
[ პაატა ზაქარეიშვილის ხმა] " სამწუხაროდ, მე ნაკლებად ვუშვებ ამას, რადგან აბაშიძემ შეიძლება დაღვაროს სისხლი. უფრო სწორად, აბაშიძეს დაემორჩილება ნახევრად გასამხედროებული სტრუქტურები, განსხვავებით თბილისის ოფიციალური სტრუქტურებისგან, რომლებიც არ დაემორჩილნენ შევარდნაძეს. აბაშიძეს დაემორჩილებიან, რადგან თვითონ არიან არალეგალურები და, შესაბამისად, მეტი მოტივაცია აქვთ, თავი დაიცვან."
პაატა ზაქარეიშვილის აზრითვე, ამჯერად სიტუაციის კრიტიკულ ზომამდე დაძაბვით დაინტერესებულია რუსეთი, რომელსაც სურს აჭარაში ასლან აბაშიძის ხელისუფლება იქნეს შენარჩუნებული. შესაბამისად, ვითარების კონტროლიდან გამოსვლის შემთხვევაში, ბათუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსალოდნელი ნამდვილად არ უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG