Accessibility links

რა მიზეზების გამო დააპატიმრეს ედუარდ შევარდნაძის სიძე გიორგი ჯოხთაბერიძე


20 თებერვალს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიძის, გიორგი ჯოხთაბერიძის, უსანქციოდ დაკავების მიუხედავად,

მას სასამართლომ 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ოჯახმა ეს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი მანანა შევარდნაძე დარწმუნდა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში სიმართლის პოვნა გაუჭირდებოდა, განაცხადა, ჩვენს უცხოელ მეგობრებს დავიხმართ და სიმართლეს მაინც ვიპოვითო.

ფიჭური კომუნიკაციების კომპანია "მაგთი ჯი-ეს-ემის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი ჯოხთაბერიძის, დაკავებისთანავე მისმა მეუღლემ, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ქალიშვილმა მანანა შევარდნაძემ, განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მიმართ პოლიტიკური ტერორი დაიწყო.

[მანანა შევარდნაძის ხმა] "ეს უკვე ნამდვილი პოლიტიკური ტერორია."

გიორგი ჯოხთაბერიძის დაპატიმრება რომ პოლიტიკურ ინტერესს მოკლებული არ იყო, ამაზე მეტყველებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც, რომელიც მან ჯოხთაბერიძის დაკავებიდან რამდენიმე საათში გააკეთა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გამოდის ქალბატონი შევარდნაძე დღეს (ვნახე ტელევიზორში) და გული ამერია, პირდაპირ რომ გითხრათ. იმიტომ რომ ისე გვამადლის, აი, პრეზიდენტის ოჯახზე მიმდინარეობს დევნაო. - ნებისმიერი ჩვენი ადამიანი ქუჩაში ისურვებდა, ინატრებდა, იოცნებებდა, რომ მასზე ასეთი დევნა ხორციელდებოდეს. 350 მილიონი დოლარია ამ ოჯახის პირადი ქონება, ასე არის შეფასებული ..."

პოლიტიკური კონიუნქტურით შეიძლება აიხსნას გადაწყვეტილებაც საქართველოს ორი ინსტანციის სასამართლოსი, რომელმაც არც ჯოხთაბერიძის დაკავებისას დაშვებული პროცედურული დარღვევები გაითვალისწინა და არც მის მიმართ წაყენებული ბრალდებების საწინააღმდეგო არგუმენტები. ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ოჯახი ამ შეკრული წრის გარღვევას საქართველოში უცხოელი იურისტის მოწვევით შეეცადა.

12 მარტს სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" პრესკონფერენცია გამართა გიორგი ჯოხთაბერიძის ინტერესების დამცველმა, საკმაოდ ცნობილი იურიდიული კომპანიის, "კოვინგტონ ენდ ბურლინგსის", ლონდონის ოფისის ხელმძღვანელმა ჯონ რაპმა. მან განაცხადა, რომ მისი კომპანია დარწმუნებულია ჯოხთაბერიძის უდანაშაულობაში და ექს-პრეზიდენტის სიძის დაპატიმრება გაუგებრობას გადააბრალა:
[ჯონ რაპის ხმა] "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში ჩვენი ჩამოსვლის მიზანია ვაჩვენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ბატონ ჯოხთაბერიძის წინააღმდეგ აღძრული ბრალდებების გაუქმება, ძირის გამოთხრის ნაცვლად, პირიქით, ხელს შეუწყობს პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ ანტიკორუფციულ კამპანიას."

მე შევეცადე გენერალურ პროკურატურაში გამერკვია, თუ რას ედავება სახელმწიფო ჯოხთაბერიძეს, თუმცა უშედეგოდ. პროკურატურის პრესცენტრის ტელეფონებზე არავინ იძლეოდა პასუხს, პროკურორები კი უარს აცხადებდნენ ჯოხთაბერიძის საქმის კომენტირებაზე პრესცენტრის ნებართვის გარეშე. საინფორმაციო საშუალებებიდან კი ცნობილია, რომ სახელმწიფო ჯოხთაბერიძისგან 700 ათას ლარამდე დამალული გადასახადების გადახდას მოითხოვს.

დაკავებულის იურისტების განმარტებით, ლაპარაკია მაგთი ჯი-ეს-ემში პრეზიდენტის სიძის მიერ კომპანიის მესაკუთრეობის ფორმის შეცვლასა და ამავე კომპანიის სხვა მეწილისგან აქციების იაფად შეძენაზე, რომლის დროსაც განხორციელებული ოპერაციის გამო სახელმწიფო ჯოხთაბერიძისგან საშემოსავლო გადასახადის გადახდას მოითხოვს. ადვოკატი ჯონ რაპი აცხადებს, რომ ამ ოპერაციების დროს გია ჯოხთაბერიძეს შემოსავალი არ მიუღია და, შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გადახდაც არ არის საჭირო.

[ჯონ რაპის ხმა] "მე მესმის, რომ პრეზიდენტი ძალიან დაკავებული კაცია. ის გაცილებით მეტს მოგზაურობს, ვიდრე მე, მაგალითად. ალბათ, ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი თავისუფალი იქნება და შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ამ საკითხს. მე არ მინდა ვინმე დავადანაშაულო საქართველოს ხელისუფლებაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ადგილი აქვს გაუგებრობას, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია და მე იმედი მაქვს, რომ ძალა შემწევს წვლილი შევიტანო ამ საქმეში."

ეს უცხოელი იურისტი მოერიდა ჯოხთაბერიძის საქმე პოლიტიკისთვის დაეკავშირებინა, თუმცა მისივე განცხადებიდან ჩანს, რომ საქმის ბედი საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირთა ნებასთან, ანუ პოლიტიკასთან, არის დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG