Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთიდან იმედიანად ბრუნდება


შაბათს, შუადღისას, საქართველოს პრეზიდენტი და მისი თანმხლები დელეგაცია სომხეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს მიხეილ სააკაშვილი ეჩმიაძინში სრულიად

სომეხთა კათალიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდა. საქართველოს დელეგაციის წევრები, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტს სომხეთში ახლდნენ, მიიჩნევენ, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ამ ვიზიტით ახალი ფურცელი გადაიშლება ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობაში.

1992-93 წლებში წარმოქმნილი საქართველოს საგარეო ვალი, განსხვავება სარკინიგზო ტარიფში, გართულებული საბაჟო პროცედურები სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სადაც სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შემოწმება ზოგჯერ 3 საათს გრძელდება, და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხური დიასპორის ინტეგრირება ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში, -ასეთი იყო იმ პრობლემათა ჩამონათვალი, რომელთა გადასაწყვეტადაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთს სტუმრობდა. საქართველოს პარლამენტის სომეხი ეროვნების დეპუტატის ვან ბაიბურთის რწმენით, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს ოფიციალური დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ, ამ ვიზიტის შემდეგ პრობლემათა მოგვარება დაიწყება, რადგან სააკაშვილს სწორად ესმის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ინტეგრირების აუცილებლობა.
[ვან ბაიბურთის ხმა] "პრეზიდენტი ძალიან სწორს ამბობს, რომ ეს ინტეგრაცია მოსპობს ყველა იმ ნეგატიურ სტერეოტიპს, რომლის არსებობაც ხელს უშლის ჩვენი ორი ქვეყნის და, მეტიც, სომხეთ-საქართველოსა და აზერბაიჯანის განვითარებას. სააკაშვილი უკვე ამტკიცებს, რომ ის სიტყვის პატრონია და გააკეთებს ამას."

ერევანში ვიზიტის დროს ასევე წამოიჭრა აფხაზეთზე გამავალი და რუსეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის იდეა, რომელიც 2000 წლიდან ჯერ რუსეთ-სომხეთის, შემდეგომ კი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგში აქტიურად დადგა. 2002 წლის ოქტომბრის სოჭის შეთანხმების დროს ამ მაგისტრალის ამოქმედებას, აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მოსახლეობის დაბრუნების პროცესთან უნისონში, მხარი ედუარდ შევარდნაძემაც დაუჭირა. წინამორბედის მსგავსად, პრეზიდენტი სააკაშვილიც აფხაზეთზე გამავალი მაგისტრალის აღდგენას კონფლიქტის მოგვარების პროცესს უკავშირებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ეს იქნება რთული გასაკეთებელი, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის რომ სარკინიგზო მიმოსვლა აღვადგინოთ სწორედ აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური პროცესის პარალელურად. საქართველოსთვის თითოეული ახალი გზის გახსნა არის შანსი საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ამაღლებისათვის. ეს ეხება საქართველოს, ეს ეხება მთელ რეგიონს."

რაც შეეხება ახალქალაქის რაიონში მცხოვრები სომხური დიასპორის პრობლემას, სომხეთის პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ , რომ მათ დადებითად აღიქვეს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა რეგიონის ეკონომიკური განვითარების ერთობლივი პროგრამების შექმნის შესახებ. სიმბოლურია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად სამცხე-ჯავახეთში დანიშნეს სომხეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელმაც რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, რომ ახალქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას, ძირითადად, სწორედ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აწუხებს:
[ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის ხმა] "ეს არის მაღალმთიანი რეგიონი და, აქედან გამომდინარე, ძალიან მკაცრი კლიმატია. მეორეც - ის, რაც ხდებოდა აქამდე ქვეყანაში, ასევე დამახასიათებელია ამ რეგიონისათვის: გზები არ გაკეთებულა უკვე ათეულ წელზე მეტია. არის აგრეთვე სხვა სოციალური პრობლემები, რომლებიც, ჩემი აზრით, პირველ რიგშია გასაკეთებელი."

თუმცა სომხეთში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს ჟურნალისტებთან საუბარში მოუწია კომენტარის გაკეთება ჯავახეთის ტერიტორიაზე სომხური ავტონომიის შექმნის თაობაზე, რასაც სომხეთის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია "დაშნალციუცუნი" უჭერს მხარს. სააკაშვილის თქმით, იგი დაინტერესებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის აღორძინებითა და სომხური მოსახლეობის დასაქმებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასთან შანტაჟის ენაზე საუბარს არავის არ ურჩევს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩემი ფუნქციაა საქართველო გაერთიანდეს, ფეოდალიზმის დრო საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, თუ გვინდა, რომ საქართველოს თითოეულმა ოჯახმა კარგად იცხოვროს. საქართველოში ფეოდალიზმის დრო მთავრდება."
XS
SM
MD
LG